საყდრისის დაცვის კომიტეტი აქტივობის გაგრძელებას დამოუკიდებლად გეგმავს
საყდრისის დაცვის კომიტეტი პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობას წყვეტს და აქტივობის გაგრძელებას დამოუკიდებლად გეგმავს.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კომიტეტის წევრებმა განაცხადეს, გადაწყვეტილება კომიტეტმა ერთსულოვნად მიიღო და ეს ბოლო პერიოდში კომიტეტისთვის "ნაციონალურ მოძრაობასთან" ურთიერთობის მიკერებამ განაპირობა.
ირაკლი მამალაძის განცხადებით, მათ მართლაც ჰქონდათ "ნაციონალურ მოძრაობასთან" და "თავისუფალ დემოკრატებთან" კონსულტაციები, თუმცა ეს საყდრისის თემაზე პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას უკავშირდებოდა მხოლოდ.
"ჩვენ ვართ საზოგადოებრივ საწყისებზე შექმნილი ორგანიზაცია, აქედან გამომდინარე, არცერთ პოლიტიკურ ძალასთან არც ახლა და არც მომავალში არ ვაპირებთ თანამშრომლობას და ვემიჯნებით ყველას. იყო გარკვეული აქტივობები, იქიდან გამომდინარე, რომ საგამოძიებო კომისია იქმნებოდა პარლამენტში და ჩვენ გარკვეული კონსულტაციები "ნაციონალურ მოძრაობასთან" და ირაკლი ალასანიას პარტიასთან გვქონდა. თუმცა ჩვენი დღევანდელი შეხედულება ასეთია. არის კომიტეტში აზრთა სხვადასხვაობები, იმასთან დაკავშირებით, რომ არ უნდა ვიყოთ პარტიებთან და არ უნდა იყოს ეს საერთო ბრძოლა, საერთო ველზე არ უნდა ვიბრძოლოთ პარტიებთან, აქედან გამომდინარე, ჩვენ ვრჩებით სამოქალაქო საზოგადოებად და ვრჩებით იმ პლატფორმაზე, რაზეც აქამდე ვიყავით. არცერთი პოლიტიკური ძალა ჩვენს მიერ დაგეგმილ აქციებზე და აქტივობებზე აღარ გამოჩნდება და აღარ იქნებიან ისინი წარმოდგენილები. იმ შემთხვევაში, თუ მოვლენ, მათ პოლიტიკური განცხადებები არ უნდა გააკეთონ. ისე, პოლიტიკურ ძალებსაც და ჩვეულებრივ მოქალაქეებსაც შეუძლიათ დაიცვან საყდრისი, როგორც კულტურული მემკვიდრეობა", - განაცხადა მამალაძემ.
ნინო ბურჭულაძემ კი აღნიშნა, რომ თავის დროზე პოლიტიკურ ძალებთან ურთიერთობის მომხრე თავად იყო, თუმცა მას შემდეგ, რაც გაჩნდა საფრთხე, საყდრისის დაცვის კომიტეტი ვინმეს საკუთარი მიზნებისთვის გამოეყენებინა, კომიტეტმა შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო და ყველას გაემიჯნა.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, კომიტეტის წევრის ანა მიქაუტაძის თქმით, ისინი ბრძოლას არ შეწყვეტენ და ყველა ჩინოვნიკსა და ექსპერტს ამხელენ, ვინც საყდრისის ნგრევაში მონაწილეობა მიიღო. კომიტეტი ასევე კომპანია "RMG ჯგუფის" მიერ აღებული ვალდებულების შესრულებისა და მუზეუმის შექმნის საკითხზეც აქტიურად იმუშავებს.
"ისინი, ვინც ცდილობენ, საყდრისის საკითხი პოლიტიკურ კონტექსტში გადაიყვანონ და რომელიღაც პოლიტიკურ პარტიებს დაუკავშირონ, ამას ან არაინფორმირებულობის გამო აკეთებენ, ან ეს ყველაფერი გამიზნულად ხდება, ამაში დარწმუნებული ვარ, რადგან ამით უფრო მეტი ზიანი მიადგება საყდრისს და უნდა გადაიფაროს ის დანაშაული, რაც სახელმწიფომ ჩაიდინა. სახელმწიფომ დაარღვია კანონი "კულტურული მემკვიდრეობის შესახებ", უკანონო ბრძანების შედეგად დაანგრიეს საყდრისის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რომელიც არქეოლოგიურად ბოლომდე შესწავლილი არ იყო. ჩვენ მოვუწოდებთ სახელმწიფოს და შესაბამის ორგანოებს, გამოიძიონ ყველა ის დანაშაული, რაც მოხდა საყდრისის წინააღმდეგ. ჩვენ არ გავჩერდებით, გავაგრძელებთ ბრძოლას დამოუკიდებლად", - განაცხადა მიქაუტაძემ.