რა გააპროტესტა კახაბერ ნაკანმა თვითდაზიანების მიყენებით?
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო სპეცრაზმის ყოფილი მეთაურის, კახაბერ ნაკანის მიერ ვენის გადაჭრის ფაქტეს ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს. სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მსჯავრდებულმა თვითდაზიანება ირაკლი ფირცხალავას დაკავების გამო მიიყენა.
"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ბრალდებულ კახაბერ ნაკანის თვითდაზიანების ფაქტზე, გვსურს, განვმარტოთ, რომ ბრალდებული 2015 წლის 15 აპრილს იმყოფებოდა სასჯელაღსრულების N8 დაწესებულებაში, რომელიც წარმოადგენს აღმოსავლეთ საქართველოს გამანაწილებელ დაწესებულებას, სადაც ძირითადად ბრალდებულები არიან განთავსებულნი.
თვითდაზიანების მიზეზად ნაკანის ადვოკატებმა დაასახელეს ის ფაქტი, რომ არ დაკმაყოფილდა ბრალდებულის მოთხოვნა სასჯელაღსრულების N9 დაწესებულებაში ე.წ. მატროსოვზე გადაყვანის თაობაზე, თუმცა დღეს წინასაგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას, აღმოჩენილ იქნა დოკუმენტი, რომელშიც თავად ნაკანი თვითდაზიანების საფუძვლად აცხადებს პროტესტს ყოფილი სპეცრაზმელების დაკავების გამო და მხარდაჭერას უცხადებს ბრალდებულ ირაკლი ფირცხალავას.
ბრალდებული განთავსებული იყო N8 დაწესებულების იზოლირებულ, განსაკუთრებულად დაცულ სართულზე, სადაც მასთან ერთად სხვადასხვა საკანში იმყოფებოდა ძალოვანი უწყების 112 ყოფილი თანამშრომელი, სადაც მათი უსაფრთხოება მაქსიმალურად არის დაცული, რაც დადასტურდა დღევანდელ ფაქტზე ოპერატიული რეაგირებით. დაზიანება მიყენებულია ერთჯერადი საპარსით, რომელიც არ წარმოადგენს აკრძალულ საგანს. აღსანიშნავია, რომ თავად ბრალდებული, გამოკითხვის ოქმის თანახმად, პრეტენზიებს სასჯელაღსრულების თანამშრომლების მიმართ არ გამოთქვამს და მადლობას უხდის მათ ყურადღებისთვისა და დროული სამედიცინო დახმარებისთვის. ამავდროულად წინასწარი სამედიცინო შემოწმების ოქმი ცხადყოფს, რომ ჭრილობა ბრალდებულის სიცოცხლეს საფრთხეს არ უქადდა.
რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პოლიციის თანამშრომლებისთვის მხოლოდ ე.წ. მატროსოვის ციხეა განსაზღვრული, აღნიშნული სიმართლეს არ შეესაბამება და მოკლებულია ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს.
ხაზგასმით გვსურს აღვნიშნოთ, რომ ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა გადანაწილება რეგლამენტირებულია უსაფრთხოების უზრუნველყოფის საფუძვლებით და ვერ დაუკავშირდება ბრალდებულებისა და მსჯავრდებულების სურვილებს."- აღნიშნულია განცხადებაში.