ჰამლეტ ჭიპაშვილი: რომელი ქვეყნის სპეცსამსახურები დგანან ისლამური ხალიფატის უკან - რატომ დუმან "შარლები"?
"განძლიერდა ხელმწიფება აგარიანთა... ოხერ და უვალ ჰყვეს ყოველი ქვეყანა ზღვისა პირისა..."
21-ე საუკუნეში ახლო აღმოსავლეთში გაგანია შუა საუკუნეები მძვინვარებს... დიდი ასურელი მამების სამშობლოში ჯოჯოხეთის მოციქულთა ცეცხლის ალი ცას მისწვდენია. შუა საუკუნეების ჯალათ სარკინოზთა მთელი მხედრობა აბულ-კასიმის, მურვან ყრუსა და ბუღა თურქის მხედრობით მკვდრეთით ერთდროულად აღმდგარა და "ისლამური ხალიფატის" სახელით ენით აღუწერელი ცოდვის კალო დაუტრიალებია. ქრისტიანთა და არა მარტო ქრისტიანთა საზარელი გენოციდი, უცოდველი ბავშვების წმინდა სისხლი მართლაც ძალიან ძვირი დაუჯდება კაცობრიობას... დენთზე ზის საქართველოც... ისლამური სახელმწიფო სახალიფოს რუკის კონტურებს პორტუგალიიდან დაწყებული ჩინეთის ჩათვლით ასახელებს, ამ ტერიტორიაზე მოიაზრება საქართველოც...
დუმან "შარლები", "დემოკრატები", ფსევდო-ლიბერალები, ადამიანის უფლებების დაცვის საფარქვეშ გახვეული მელიები, ვითომ სხვისი და სინამდვილეში საკუთარი ჯიბის მცველები...
რომელი ქვეყნის სპეცსამსახურები დგანან ისლამური ხალიფატის უკან? არსებობენ თუ არა საქართველოში მათი დასაყრდენი ძალები? რა საფრთხეების წინაშე დგას საქართველო და ვითარების გამწვავების შემთხვევაში რა პოზიციას დაიკავებენ ჩვენი მეზობლები: რუსეთი, თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, ჩრდილო კავკასია? ამ და სხვა აქტუალური თემების გარშემო sazogadoeba.ge-ს პოლიტოლოგი ჰამლეტ ჭიპაშვილი ესაუბრება:
-ბატონო ჰამლეტ, როგორ გაჩნდა "ისლამური ხალიფატის" შექმნის იდეა, რა მიზნებს ემასახურება ის და ვინ დგას "ხალიფატის" უკან?
-ისლამური ხალიფატს, პირდაპირ ვთქვათ, საფუძველი ჩაეყარა ამერიკის შეერთებული შტატების გარკვეული წრეების და სპეცსამსახურების მიერ.
სირიაში უკვე კარგა ხანია ომი მიმდინარეობს, ამ ომის ძირითადი მიზანი არის ამ რეგიონში ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესების გაფართოება, ხოლო ახლო აღმოსავლეთში -პოზიციების განმტკიცება.
სირიას ჰყავს მეგობრები რუსეთისა და ირანის სახით. მეორე მხარეს კი არის დასავლეთი და ამერიკის შეერთებული შტატები, რათა დაამხონ ბაშარ ასადის ხელისუფლება. დასავლეთის მხრიდან მოხდა იქ არსებული ტერორისტული ორგანიზაციების აქტივიზაცია და მათი გამოჩენა შიდა დაპირისპირებაში. მსოფლიოში ასეთი ცნობილი ტერორისტული ორგანიზაციაა მაგალითად, ალ-ქაიდა. ამ ტერორისტულ ირგანიზაციებს სირიაში და ახლო აღმოსავლეთში თავიანთი ფილიალები გააჩნიათ. მათ დახმარებას უწევდა აშშ-ის სპეცსამსახურები, ამარაგებდა მსუბუქი იარაღით, აწვდიდა ინფორმაციებს სირიის სამხედრო შენაერთების გადაადგილების შესახებ, წვრთნიდა მათ სამხედრო ბანაკებში და ა.შ.
ისეთი სახის ომების დროს, როგორიც სირიაში და დღეს უკვე ერაყში მიმდინარეობს, ამ ტერიტორიებს როგორც პოლიტიკური, ასევე დიდი ეკონომიკური და ენერგეტიკული მნიშვნელობაც აქვს. ერაყი და სირია ცნობილია ენერგომატარებლებით და ძირითადი აქცენტი გადატანილია სწორედ იქეთ, რომ ხელში ჩაიგდონ ენერგომატარებლები. ამდენად, დაპირისპირება სირიის დღევანდელ პრეზიდენტთან ბაშარ ასადთან არის არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ენერგეტიკული სახის. აქედან გამომდინარე, არ არის გასაკვირი, მათ ისეთი ორგანიზაციები მოიშველიონ, რომლებიც თავიანთი ტერორისტული საქმიანობით არიან ცნობილი.
მოგეხსენებათ, ყველა ხელისუფლებას ჰყავს თავისი მოწინააღმდეგე, სირიაშიც ასევე ანტისახელმწიფოებრივად და ასადის წინააღმდეგ განწყობილი ბევრია. ასადის ოპოზიცია, ცხადია, ახლო ურთიერთობაშია ტერორისტულ ორგანიზაციებთან, რომელთა რაოდენობა საკმაოდ დიდია როგორც სირიის, ასევე ერაყის ტერიტორიაზე. საქმე ისაა, რომ დასავლეთის ასეთმა დახმარებამ ნელ-ნელა ჩამოაყალიბა ალ-ქაიდას ფილიალი ალ-ნუსრას მეშვეობით და ამ ორგანიზაციას ალ-ბაღდადის სახელით ცნობილი ხელმძღვანელი გამოუჩნდა. ალ-ბაღდადი თავის დროზე შეერთებული შტატების ციხეში იმყოფებოდა. როგორც კი ის გამოუშვეს ამ ციხიდან, უცბად სირიის ტერიტორიაზე აღმოჩნდა და პირდაპირ ჩაერთო სირიის ხელისუფლების საწინააღმდეგო ომში. ალ-ბაღდადიმ თავისი თავი გამოაცხადა იმ ქვეყნის ხალიფად, რომელიც ტერორისტების მიერ სირია-ერაყის ტერიტორიაზე შეიქმნა და დაარქვა "ისლამური სახალიფო". დღეს ეს ტერიტორია საკმაოდ დიდია, დაახლოებით, ბელგიის ტერიტორიის ტოლია. ამ ყველაფერს განაგებს ისლამური სახელმწიფო, რომელსაც ტერორისტული ორგანიზაციებისგან განსხვავებით, აქვს სახელმწიფოებრივი სტრუქტურა და ვერტიკალური სახელმწიფოებრივი მმართველობა.
ეს სახელმწიფო ძალიან სახიფათოა არა მხოლოდ ახლო აღმოსავლეთისათვის, არამედ დანარჩენი მსოფლიოსათვის. მათ აქვთ საკმაოდ დიდი მადა და სურთ, გავლენის ქვეშ მოაქციონ მთელი რიგი ქვეყნები, მათ შორის კავკასია, საქართველო, ასევე ცენტრალური აზიის ქვეყნები. გარკვეულწილად წარმატებასაც აღწევენ, რაც არ არის გასაკვირი, ვინაიდან სახალიფოს უკვე ძალიან ძლიერი არმია ჰყავს. მის რიგებში იბრძვიან არამარტო არაბები, არამედ ევროპაში მცხოვრები მუსლიმანები, ასევე გერმანელები, ინგლისელები, ფრანგები და .ა.შ. იქ იმყოფებიან აგრეთვე საქართველოს მოქალაქეები პანკისიდან , აჭარიდან, ქვემო ქართლიდან... მათი რაოდენობა ჩვენი მოსახლეობის რიცხოვნობიდან გამომდინარე არცთუ უმნიშვნელოა, ზოგი 200-300 კაცს ასახელებს, ზოგი -უფრო მეტს.
ამ ორგანიზაციას გამოცხადებული აქვს, რომ ებრძვის ქრისტიანებს, შიიტ მუსლიმანებს. თვითონ, მოგეხსენებათ, სუნიტები არიან. ებრძვიან ასევე სხვა კონფესიის წარმომადგენლებს. ასე რომ, ეს არის უაღრესად სასტიკი ორგანიზაცია. ეს სისასტიკე, უპირველეს ყოვლისა, სპეციალურადაა გამოწვეული, რათა დააშინონ როგორც დაპყრობილი ტერიტორიის მოსახლეობა, ასევე მეზობელი სახელმწიფოები.
ჩემი ინფორმაციით, ხალიფატში ე.წ. ჯიჰადისტები ასზე მეტი ქვეყნიდან არიან ჩასული. მათი დღიური ანაზღაურება ძალიან მაღალია. გარდა ამისა, მებრძოლებს აძლევენ სხვადასხვა სახის წამლებს, რომელიც აღაგზნებს მათ.
ეს ტერორისტული სახელმწიფო კარგად არის ორგანიზებული. მათ რიგებში არიან პროფესიონალი ჟურნალისტები, ინტერნეტის და ტელევიზიის მცოდნე პირები. ისინი თავის მოკვეთის სცენებს დემონსტრაციულად აწყობენ, პროფესიონალურად იღებენ და აფორმებენ. ამიტომ, სახალიფო არ არის ასე ხელწამოსაკრავი. მისი გავლენა იგეგმება ცენტრალური აზიის ქვეყნებში.
თავის დროზე მის შექმნას ხელი შეუწყო ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. მას მხარს უჭერენ არა პირდაპირ, არამედ იატაკქვეშეთში საუდის არაბეთი, ყატარის, სპარსეთის ყურის არაბული საამიროები, ვაჰაბიტური და სალაფიტური იდეოლოგიით. ესენი ყველანი საკმაოდ მჭიდრო ურთიერთობაში არიან აშშ-თან. საუდის არაბეთი, მაგალითად, აშშ-ს სტრატეგიულ პარტნიორად და მისი ინტერესების გამტარებლად ითვლება. თქვენ წარმოიდგინეთ, შეერთებულ შტატებს ჰყავს პარტნიორი , რომელსაც ოხრად აქვს ფული და ამ ფულს სწორედ ისლამური არმიის დახმარებისათვის იყენებს. მიზანი არის ერთი: სირიის ხელისუფლების ჩამოგდება და თავიანთი გავლენის გაფართოება ისეთ ქვეყნებში, როგორიც არის ერაყი. ერაყში, მოგეხსენებათ, მოსახლეობის უმრავლესობა შიიტი მუსლიმანია, სახალიფოს დიდი ნაწილი კი -სუნიტები. სუნიტებსა და შიიტებს შორის საუკუნეების განმავლობაში მიმდინარეობს დაპირისპირება, რომელიც დღეს ასე მწვავედ იგრძნობა. ასე რომ, იქ უკვე ხდება იატაკქვეშა თამაში აშშ-ს მხრიდან. მართალია, დღეს ამერიკის შეერთებული შტატები და მის მიერ შეკოწიწებული კოალიცია ბომბავს სახალიფოს ტერიტორიას, მაგრამ ასეთი სახის ოპერაციები სახალიფოს აბსოლუტურად არაფერს აკლებს. ეს არის უბრალოდ მოჩვენებითი სახის დაპირისპირება ამერიკის მხრიდან სახალიფოს მიმართ. რეალურად კი ხდება სახალიფოს მხარდაჭერა სხვადასხვა მიზნებისათვის. უპირველეს ყოვლისა, ამერიკლები ცნობილები არიან იმით, რომ ამღვრეულ წყალში ძალიან ბევრ თევზს იჭერენ. ამ წყალს შეერთებული შტატების პოლიტიკური წრეები სპეციალურად ამღვრევენ და ცდილობენ პოზიციების გამაგრებას. ამ შემთხვევაში ისინი პოზიციებს იმაგრებენ არამარტო ახლო აღმოსავლეთში, არამედ სახალიფოს გამოყენება შეიძლება მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. მათი იდეოლოგია, როგორც ჩანს, ახალგაზრდა რეაქციულ წრეებში საკმაოდ მიმზიდველია. თუნდაც ის, რომ ინგლისელები, ფრანგები, გერმანელები, ჰოლანდიელები იბრძვიან სახალიფოს არმიის რიგებში, მომასწავებელია იმის, რა სერიოზული გამოწვევის წინაშე დგას მსოფლიო. აქედან გამომდინარე, მინდა ვთქვა, რომ სახალიფო სახიფათოა არამარტო საქართველოსთვის, არამედ კავკასიისთვის და სხვა ქვეყნებისთვისაც.
-ბატონო ჰამლეტ, თქვენ ამერიკულ სპეცსამსახურებზე საუბრობთ და საზოგადოების რაღაც ნაწილი ფიქრობს, რომ ხალიფატს რუსეთი აიარაღებს, აფინანსებს და კვალი სწორედ რუსულ სპეცსამსახურებამდე მიდის. თქვენ გამორიცხავთ ამას?
- გამოვრიცხავ, რუსული სპეცსამსახურები ამ სახალიფოსთან არაფერ შუაშია. სახალიფო თვითონ ამერიკელების მიერ შეიქმნა, ისევე, როგორც ალ-ქაიდა. უსამა ბენ ლადენიც მათი პირმშოა. როდესაც რუსეთი იმყოფებოდა ავღანეთში, ალ-ქაიდა სწორედ რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად შეიქმნა. რუსეთი არაფერ შუაშია. არაფერ მსგავსს ადგილი არა აქვს. ეს არის ზოგიერთი მიკერძოებული ქართველის ნაბოდვარი, რომლებიც ნატოს ეგიდით სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობენ და ამ ჭორებს ავრცელებენ. მათ უნდათ გადაფარონ ამერიკელები, რომლებიც ამ საქმეში შავად გამოიყურებიან. სახალიფოს სათავე არის ალ-ქაიდა და მისი ფილიალი. მაგათი შემქმნელები კი ამერიკელები არიან, ამიტომ რუსეთის დადანაშაულება აქ აშკარად მიუღებელია. მე არ გამოვრიცხავ იმას, რომ რუსეთს კონტროლის სახით იქ შეგზავნილი ჰყავდეს აგენტები, მაგრამ ამ საქმეში მხოლოდ და მხოლოდ ამერიკის და დასავლეთის ინტერესები ტრიალებს და ამაში ორი აზრი არ არსებობს. ვინც საქმეში ჩახედულია, იმათთვის ეს ცნობილია. რაც შეეხება რუსულ კვალს, არცერთ დასავლურ სერიოზულ ჟურნალს ან გაზეთს ამის შესახებ არაფერი უთქვამს.
- ბატონო ჰამლეტ, რა სახის საფრთხეების წინაშე დგას რეალურად საქართველო, არსებობს ლოკალური ტერორისტული აქტების საშიშროება, თუ დილეტანტურად გკითხავთ, შუასაუკუნეების მსგავსად შესაძლოა ლაშქრით მოადგნენ "სარკინოზები" კავკასიას?
-რაშია იცით საქმე, ეს არ არის ისეთი თვალხილული საფრთხე, რომ ტანკებით და რაკეტებით მოადგნენ საქართველოს. რაც შეეხება, იდეოლოგიას, აქ სერიოზული საფრთხე არსებობს. გარდა ერთი-ორი კაცისა, საქართველოში არავინ ლაპარაკობს, რას წარმოადგენს ვაჰაბიზმი, სალაფიზმი და არის თუ არა საქართველოში ასეთი რამ. მინდა გითხრათ, რომ საქართველოში ვაჰაბისტებიც არიან, სალაფისტებიც და სხვათა შორის, რეაქციული ისლამის წარმომადგენლებიც. არსებობს სხვა ტიპის საფრთხეები: მაგალითად, საქართველოდან წასული მებრძოლი, რომელიც იბრძვის სახალიფოს არმიაში ბრუნდება შინ. ბრძოლაში მონაწილეობის შემდეგ, მათ ეძლევათ დასვენების უფლება და არის შანსი იმისა, რომ დროებით სამშობლოში დაბრუნდნენ. ამ დროს ხდება მათი მხრიდან პროპაგანდა ახალგაზრდებში, რაზეც სხვათა შორის, პანკისელი მეომრების მშობლებიც საუბრობდნენ. ახალგაზრდებს, რომელთაც პასპორტებიც კი არა აქვთ, გადაბირების გზით გზავნიან სახალიფოში. იქ გარკვეული წვრთნის შემდეგ ხდება მათი ჩართვა საბრძოლო ოპერაციებში.
რით არის საშიში ეს ისლამური სახელმწიფო? სწორედ იმ პროპაგანდისტული მანქანის ამოქმედებით, რომელიც საკმაოდ მაღალ დონეზე აქვთ განვითარებული. ისინი ახერხებენ ახალგაზრდების გადაბირებას. რუსეთიდან, მაგალითად, 1600 კაცი იბრძვის მათ მხარეს. ეს ნიშნავს იმას, რომ ეს არის ძალიან სერიოზული ორგანიზებული სახელმწიფო.
-ტერორიზმის საფრთხეს თუ ხედავთ?
-საქმე იცით რაშია, ჯერჯერობით ეს ყველაფერი მიძინებულ მდგომარეობაშია, თუმცა იატაკქვეშ აქტიურობა მიმდინარეობს. ბავშვების გადაბირება, მათი გაგზავნა სირიაში, შემდეგ უკვე ამ იდეოლოგიით მოწამლული მეომრების უკან დაბრუნება და მათგან სხვა ახალგაზრდების გადაბირება, ვაჰაბისტური ლიტერატურის გავრცელება- ეს ყველაფერი საფრთხეა ქვეყნისთვის. საკმარისი იქნება სოციალური და ეკონომიკური პირობების გაუარესება, რომ პრობლემამ თავი წამოყოს. მინდა გითხრათ, რომ საქართველო სწორედ აქეთკენ მიექანება კისრისტეხით. დღეს სოციალური მდგომარეობა ათჯერ უფრო გაუარესებულია, ვიდრე გუშინ და გუშინწინ. აი, ეს ყველაფერი იძლევა ნოყიერ ნიადაგს იმისათვის, რომ ადგილი ჰქონდეს სწორედ ამ იდეოლოგიის გავრცელებას და ერთ მშვენიერ დღეს აფეთქებას.
- რა ძალები დგანან საქართველოში მათ უკან?
- აშშ-ს ერთ-ერთმა მკვლევარმა ჯაპრასიმ თავის წიგნში პირდაპირ მიანიშნა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე სააკაშვილის მმართველობის პერიოდში იმართებოდა რეაქციული ისლამისტების შეხვედრები. ის პირდაპირ გვარით იხსენიებს, რომ ამ შეხვედრებს ორგანიზებას უწევდა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლორთქიფანიძე.
გარდა ამის, შევარდნაძის დროიდან მოყოლებული პანკისის ხეობაში იყო ჯიჰადისტების და ექსტრემისტების თავშეყრის ადგილი და საწვრთნელი ბანაკები. ეს ბანაკები შევარდნაძის დროს გამოიყენებოდა იმისათვის, რომ აქ ჩეჩნები გაეწვრთნათ და სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული არაბი ბოევიკები რუსეთის ტერიტორიაზე შეეგზავნათ. ამის შესახებ არაერთხელ ითქვა რუსეთის სპეცსამსახურების მიერ და საქართველოს მედია მაშინ მას ყოველთვის აგდებული ტონით პასუხობდა. მაგრამ შემდეგ ეს ყველაფერი დამტკიცდა. ეს შეკრებები სააკაშვილის დროსაც გაგრძელდა. ეს ყველაფერი ძირითადად მიმართული იყო ჩრდილოეთ კავკასიაში დივერსიული მოქმედებების საწარმოებლად.
ახლა წარმოვიდგინოთ ის, რაც ხდებოდა შევარდნაძის პერიოდში პანკისის საწვრთნელ ბაზებთან დაკავშირებით, გელაევის ამბავი, ჩეჩნების გადმოყვანა აფხაზეთში საომრად , და ა.შ. ამას ყველაფერს დახმარებას უწევდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. შემდეგ გახსოვთ, რომ გელაევი დაიჭრა ბრძოლაში და ავლაბარში სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობდა კარგა ხნის განმავლობაში. ამას დაუმატეთ სააკაშვილის პერიოდი, როდესაც სააკაშვილი რადიკალური ისლამის თავყრილობებს საქართველოში შეგნებულად ხელს უწყობდა. შემდგომ ეს რაღაცნაირად მიწყნარდა, მაგრამ ერთი-ორი კვირის წინ აზერბაიჯანის ერთ-ერთმა ცნობილმა ჟურნალმა გამოაქვეყნა სტატია, სადაც პირდაპირ დაწერა, რომ ხდება პანკისის ამ ბანაკების რეანიმაცია და ისევ ხდება იქ საწვრთნელი ბაზების აღორძინება, ახალგაზრდების თავის მოყრა და მათი გაგზავნა სირიაში. რაც მეტი ახალგაზრდა ჩაერთვება აქედან სახალიფოს არმიის შემადგენლობაში და მოექცევა მათი იდეოლოგიის ქვეშ, მეტი გავლენა ექნებათ საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებ ახალგაზრდებში.
- ვითარების გამწვავების შემთხვევაში რა პოზიციას დაიკავებენ ჩვენი მეზობლები: რუსეთი, თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, ჩრდილო კავკასია, ან თუნდაც ქართველი მუსლიმანები?
- ძნელია, თქვა რა პოზიციას დაიკავებენ მუსულმანი ქართველები ვითარების გამწვავების შემთხვევაში. ჭეშმარიტი ისლამისტი ცხადია, არ დაიკავებს სახალიფოს პოზიციას, მიიჩნევს რა მათ ტერორისტებად, მაგრამ საქმე ისაა, რამდენია ასეთი ისლამისტი. აზერბაიჯანს სერიოზული პრობლემა აქვს და ცდილობს, ეს არ გავრცელდეს მის ტერიტორიაზე, როგორც კიბოს მეტასტაზები. სომხეთი არის ერთადერთი კავკასიის ქვეყანა , რომელიც არ არის ჩართული ამ საშინელებაში. სომხეთიდან არცერთი ბოევიკი არ არის სახალიფოს ტერიტორიაზე. რაც შეეხება ჩრდილო კავკასიას, რუსეთის "ფეესბეს" ხელმძღვანელის განცხადებით, რუსეთიდან სახალიფოს შემადგენლობაში 1600 კაცი იბრძვის, მათი უმრავლესობა სწორედ ჩრდილოეთ კავკასიიდან, ჩეჩნეთიდან , ინგუშეთიდან არის. ეს ცხადია, დიდი საფრთხეა. მათი დაბრუნებაც დიდი და სერიოზული საფრთხეა.
- ბატონო ჰამლეტ, ძალიან მძიმე ვითარება იხატება... ერთ მხრივ, ისლამური ხალიფატი, რომელიც ყოველდღიურად ძალებს იკრებს და საქართველოს ხალიფატის რუკის კონტურებში მოიაზრებს, მეორე მხრივ, თურქეთი, რომელიც ოსმალეთის იმპერიის აღდგენის სურვილს ღიად გამოთქვამს. რა პერსპექტივის წინაშე დგას საქართველო? ხომ არ ფიქრობთ, რომ რუსეთ-საქართველოს ინტერესები ამ შემთხვევაში თანხვდება ერთმანეთს და როგორ შეიძლება საქართველოს ხელისუფლებამ ეს ინტერესთა თანხვედრა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის მაქსიმალურად გამოიყენოს?
-ნუ, ახლა ძნელია ამ ხელისუფლებას რაღაც მოსთხოვო, რადგან ხელისუფლებაში შეყრილი არიან ძალიან ახალგაზრდა გოგო-ბიჭები. მათ არავითარი გამოცდილება, არავითარი პასუხისმგებლობა ქვეყნის წინაშე არ აქვთ. რასაც ისინი ამბობენ საჯარო გამოსვლების დროს, არის არა გულიდან წამოსული, არამედ დაზეპირებული რაღაც რაოდენობის ქართული სიტყვები, რომელსაც აბსოლუტურად გაუაზრებლად ისვრიან და ეს ასეა ყველა დარგში. სამწუხაროდ, დღევანდელი ხელისუფლება ამ საკითხებიდან ძალიან შორს არის. მათ არ იციან, როგორ იმოქმედონ, მათ არ იციან საერთოდ რა გააკეთონ და უმოქმედობა იწვევს სწორედ ლოკალური და პატარ-პატარა ინიციატივების გამოჩენას, რაც შეიძლება ძალიან ცუდად დატრიალდეს საქართველოსთვის.
ახლა რაც შეეხება იმ სერიოზულ საკითხს, რასაც ჰქვია ვაჰაბიზმთან, სალაფიზმთან დაპირისპირება, ცხადია, საქართველო ამას ვერანაირად ვერ შეძლებს. საქართველოს ამის არც მენტალური რესურსი გააჩნია, არც პოლიცია და სამხედრო არმია გვყავს ისეთი ძლიერი, რომ მათ წინააღმდეგობა გაუწიოს. მითუმეტეს, ჩვენ არ გაგვაჩნია სერიოზული ჩამოყალიბებული უშიშროების სამსახური. რომც გვყავდეს, საქართველო ასეთ მასშტაბურ იდეოლოგიურ და რელიგიურ დაპირისპირებას ვერავითარ შემთხვევაში ვერ გაუმკლავდება. ამიტომ საჭიროა მოკავშირეებთან ურთიერთობა. ისლამური სახალიფო, არის ტერორისტული სახელმწიფო და არავითარი კავშირი მათ ისლამთან, ალაჰთან და მუჰამედთან არ გააჩნიათ. თვითონ მუსლიმანები გმობენ ამათ მოქმედებას.
რუსეთი არის ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც ამ საქმეში და არა მარტო ამ საქმეში, დახმარების აღმოჩენა შეუძლია საქართველოსთვის. მეორე ქვეყანა არის შიიტური ირანი, რომელიც ხმალამოღებული იბრძვის ისლამური სახალიფოს წინააღმდეგ, იბრძვის პირდაპირი მნიშვნელობით. ირანი მხარს უჭერს სირიას, ერაყს. სირიის ხელისუფლებაში არიან ალავიტები, იგივე შიიტები, ასე რომ ირანს ამ ორი ქვეყნის მიმართ დიდი ინტერესი აქვს. ირანის შიიტური სახელმწიფო სახალიფოს ნომერ პირველ მტრადაა გამოცხადებული. ასე, რომ ქართველმა პოლიტიკოსებმა ცოტა ტვინი უნდა გაანძრიონ, თუმცა ტვინი რომ არა აქვთ, რა ქნან? ურთიერთობა უნდა ჰქონდეთ ირანთან, რუსეთთან და სწორედ მათი დახმარებით შეიძლება გაართვა თავი ისეთ მზაკვრულ გეგმებს, რომელიც არსებობს ზოგიერთ ქვეყანაში, მათ შორის, რაც თქვენ უკვე ახსენეთ, ოსმალეთის დიდი იმპერიის აღდგენის თაობაზე და ისლამური სახალიფოს მსოფლიო ბატონობაზე.
ისლამური სახელმწიფო სახალიფოს რუკის კონტურებს ასახელებს პორტუგალიიდან დაწყებული ჩინეთის ჩათვლით, ამ ტერიტორიაზე მოიაზრება საქართველოც. ახლა წარმოდგინეთ თქვენ, რამხელა მადა აქვთ... ასე, რომ ეს არ არის ხელწამოსაკრავი საკითხი, მითუმეტეს დღითიდღე სხვადასხვა ქვეყნებში მათი გავლენა იზრდება.
აი, ახლა დიდი ამბავია ატეხილი იემენთან დაკავშირებით, ეს არის არაბული სახელმწიფო, რომელიც მდებარეობს სტრატეგიულ გეო-პოლიტიკურ არეალში. იემენში ცხოვრობენ შიიტები, მათ მხარს უჭერენ ირანელები. იემენის ხელისუფლება და არჩეული პრეზიდენტი, რომელიც მჭიდრო ურთიერთობაში იყო სუნიტურ ტერორისტულ ორგანიზაციებთან, მათ შორის ალ-ქაიდასთან, ჩამოგდებულ იქნა. პრეზიდენტი იემენიდან გაიქცა და თავს აფარებს საუდის არაბეთს. ე.ი. იემენში მცხოვრებმა შიიტებმა დაიკავეს ქვეყნის ძირითადი ქალაქები და თქვენ წარმოიდგინეთ, საუდის არაბეთმა მათ წინააღმდეგ ომი დაიწყო. საუდის არაბეთს ომისთვის თანხმობა სწორედ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მისცა. ახლა წარმოიდგინეთ, ხელს როგორ უწყობენ იემენში არსებულ ალ-ქაიდას სწორედ აჯანყებული ხუსიტების, იგივე შიიტების წინააღმდეგ. ე. ი. აქ ისეთი ჩახლართული ვითარებაა, ნორმალურ ადამიანს გაუჭირდება ამ იატაკქვეშა ურთიერთობების გარკვევა- რა ურთიერთობები აქვს შტატებს საუდის არაბეთთან, რას აკეთებს საუდის არაბეთი, ვის უჭერს მხარს თურქეთი ? ის, რომ თურქეთი კატეგორიული წინააღმდეგია სირიაში ბაშარ ასადის ხელისუფლების, ეს ცნობილი ფაქტია. ბევრი ამბობს, რომ დღევანდელი თურქეთი თუ მხარს არ უჭერს, ყოველ შემთხვევაში, თვალს ხუჭავს ისლამური ხალიფატის გამოხტომებზე. ერთადერთი ქვეყანა, ვისაც შეუძლია ჩვენი პოზიციების გაზიარება, არის მართლმადიდებლური რუსეთი. ის ცდილობს, თავის ტერიტორიაზე არ დაუშვას სახალიფოს პოზიციების განმტკიცება და ირანი, რომელიც აშკარად ჩართულია და იბრძვის. ასე, რომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა მისცემს საქართველოს საშუალებას იმისას, რომ თავი დაიცვას ამ საშინელებისგან. ამერიკასთან ურთიერთობა, პირიქით, საზიანო იქნება, რადგან ამერიკა ის ქვეყანა არ არის, საქართველოს აზრი რაღაცაში გაიზიაროს.