ირმა ნადირაშვილი: "გურჯაანის გამგეობაში ნეპოტიზმი და კორუფციაა"
"გურჯაანის გამგეობაში ნეპოტიზმი და კორუფციაა," - ეს განცხადება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა ირმა ნადირაშვილმა გურჯაანში გააკეთა, სადაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ კორუფციული საქმიანობის შემსწავლელი კომისია შეიქმნა.
როგორც დეპუტატი ირმა ნადირაშვილი აცხადებს, ის მიმდინარე კვირას გურჯაანში გაატარებს და ადგილზე გაეცნობა მუნიციპალიტეტში არსებულ ვითარებას.
კომისიის წევრები მოქალაქეებს ხვდებიან და იმ პრობლემებზე იღებენ ინფორმაციას, რაც გურჯაანში არსებობს.
"დიდი პრობლემებია გურჯაანში, მაღალია კორუფციის დონე. ჩვენ აუცილებლად უნდა შევისწავლოთ ეს ფაქტები და საზოგადოებას უნდა გავაცნოთ,"- აცხადებს დეპუტატი ირმა ნადირაშვილი.
ნაციონალური მოძრაობის ბრალდებებს უპასუხა გურჯაანის გამგებელმა გივი გერგაძემ და ნაციონალური მოძრაობა ცილისწამებაში დაადანაშაულა.