სოსო ცისკარიშვილი: “პრემიერ-მინისტრმა ვერა და ვერ აიტანა, რომ პრეზიდენტის პრეზიდენტი ვერ გახდა!“

სოსო ცისკარიშვილი: “პრემიერ-მინისტრმა ვერა და ვერ აიტანა, რომ  პრეზიდენტის პრეზიდენტი ვერ გახდა!“

“ივერიონს“  ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი ესაუბრა

-ბატონო სოსო, როგორც ცნობილია, პრეზიდენტ მარგველაშვილს  ავლაბრის საპრეზიდენტო რეზიდენციიდან ასახლებენ და ათონელის ქუჩაზე მდებარე შენობაში “ეპატიჟებიან“, რომელიც საპრივატიზაციო შენობათა ნუსხაშია შეტანილი. პრეზიდენტის სახელით გამოსულმა კახა კოჟორიძემ ამ ფაქტს მთავრობის მიერ დაგეგმილი მოულოდნელი გადაწყვეტილება  და დისკრიმინაცია უწოდა. თქვენი აზრით, ზემოთქმულის აღსრულების შემთხვევაში, დაირღვევა თუ არა საქართველოს კონსტიტუცია და უარყოფითად იმოქმედებს თუ არა ქვეყნის პოლიტიკურ იმიჯზე?

-რეალობა რთულია. ჩვენი “აზრთა გამრიგის“ უზარმაზარი სიჯიუტიდან გამომდინარე, უნდა ვივარაუდოთ, რომ ასეთი რამ მხოლოდ საქართველოში შეიძლება მოხდეს. მოკლედ,  პრემიერ-მინისტრმა ვერა და ვერ აიტანა, რომ  პრეზიდენტის პრეზიდენტი ვერ გახდა! მთავრობის მიერ გადადგმული ასეთი ნაბიჯით (ამგვარი აზრის გაელვებითაც კი), უპირველეს ყოვლისა, ზიანდება სახელმწიფო და  ბევრმა ქვეყანამ შეიძლება ზურგიც კი გვაქციოს.

დიახ, ასეთი გადაწყვეტილების მიღება არა მხოლოდ იდეის ავტორისთვის, არამედ მთავრობის თითოეული წევრისთვის სამარცხვინოა. ნაცვლად იმისა, რომ მთავრობის წევრების დამოკიდებულება პრეზიდენტის ინსტიტუტთან დაკავშირებით დადებითი იყოს, ისინი ამართლებენ ასეთ გადაწყვეტილებას, რითიც უმწიფარობას ამჟღავნებენ. მათი ასეთი მოქმედება  სახელმწიფოსა და მოსახლეობას ერთნაირად აზიანებს, თუმცა ასეთი მთავრობის წევრებიც, როგორც პოლიტიკოსები,  ძალიან მარტივად იქნებიან უკუგდებულნი.

დავუბრუნდეთ მთავარს, არ დაგვავიწყდეს, ჩვენ ვსაუბრობთ პრეზიდენტზე, რომელსაც დედაქალაქში საკუთარი ბინა არ გააჩნია - მაშინ, როცა თავმოყვარე ქვეყნის პრეზიდენტი საპრეზიდენტო რეზიდენციაში ოჯახით უნდა ცხოვრობდეს. ის და მისი ოჯახი კი დუშეთი-თბილისის ტრასაზე ხარჯავს უამრავ დროს ხელისუფლების ზოგიერთი წევრისგან განსხვავებით.

მაშინ, როცა ჩვენი ქვეყანა უამრავი ხილული თუ უხილავი გამოწვევის წინაშე დგას, რომელიც მხოლოდ ერის კონსოლიდაციით დაიძლევა,  პრემიერ-მინისტრისთვის მნიშვნელოვან თემას ის წარმოადგენს, როგორ გახდეს პრეზიდენტის პრეზიდენტი.


-თქვენი აზრით, ემზადება თუ არა პრეზიდენტი მარგველაშვილი ახალი პოლიტიკური ნახტომისთვის? როგორც ამბობენ, ის სიმპათიითაა განწყობილი “ნაციონალური მოძრაობის“, “თავისუფალი დემოკრატებისა“ და “რესპუბლიკელების“ მიმართ. აქედან გამომდინარე,  ხდება თუ არა მისი წინასწარი დისკრიმინაცია?

-ჯერ ერთი, რაც მეტად უსამართლო იქნება დამოკიდებულება პრეზიდენტის მიმართ, მით უფრო გაიზრდება მისი რეიტინგი საზოგადოებაში. მეორე, როგორც ჩანს, საქართველოს გერბზე არსებული წარწერა “ძალა ერთობაშია“ სხვა წინადადებით უნდა ჩავანაცვლოთ, მაგალითად, “სძლიე სიჯიუტეს შენსას!“. რადგან საქმეში ჩაუხედავი ადამიანებისთვის მარტივად გასამეორებელია ცილისმწამებლური სიტყვები, განსაკუთრებით მედიასაშუალებებისთვის, ვამბობ, რომ პრეზიდენტ მარგველაშვილს პოლიტიკური პრეტენზია არ გააჩნია, მას არაერთხელ უთქვამს, რომ პრეზიდენტია და უფრო მაღალ სხვა  პოლიტიკურ  ნაბიჯს ვერას  გადადგამს. როგორ ფიქრობთ, საპრეზიდენტო ვადას შეიმცირებს  2016  წლის  პარლამენტში მოსახვედრად? ეს აბსურდია, რაც მხოლოდ მის მუდმივ დისკრიმინაციას იწვევს. ჩვენ გამოვიარეთ ისეთი ეპოქა, როცა სააკაშვილის მტერს პუტინის  სიყვარული ბრალდებოდა. დღევანდელ ხელისუფლებაშიც ამგვარად ფიქრობენ, სამწუხაროდ, ჯანსაღ კრიტიკას ვერ იღებენ და მაშინვე “ნაციონალური მოძრაობის“ შეყვარებულად გრაცხავენ!

                                 ესაუბრა ია ჯღარკავა

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: