სოსო მანჯავიძე: აბსოლუტური უკულტურობაა!
საკრებულოს დეპუტატის, სოსო მანჯავიძის განცხადებით ქართული პოლიტიკა ბოლო პერიოდში ე.წ. ცენზურის დანაკლისს განიცდის, საზოგადოებისთვის კი პოლიტიკოსი, რომელიც უკულტუროდ იქცევა, ილანძღება და იმუქრება სავსებით აღქმადი გახდა. აღნიშნულზე მანჯავიძემ "საერთო გაზეთთან" ისაუბრა.
"არის აბსოლუტური უკულტურობა. ადამიანი საჯარო სივრცეში რომ ილანძღება, იმუქრება, იფურთხება და ის კვლავ საჯარო სივრცეში რჩება, ეს ნიშნავს, რომ საზოგადოებას ტვინში ფილტრაციის სისტემა გაფუჭებული აქვს. არსებობს ცენზურა, რომელსაც საზოგადოება აწესებს. იმ ცენზურის პატივისცემა თითოეულ ადამიანს უნდა ჰქონდეს. თუ ადამიანი კულტურის ცენზურას არღვევს, მაშინ იგი მიუღებელი ხდება და საზოგადოება მას ოსტრაკიზმს უწყობს. ადამიანები რომლებიც ლანძღვით, გინებით, აგრესიით, ცილისწამებით და ათასი საგმირო საქმეებით არიან განთქმულნი, ჩანან ავანსცენაზე და ამ დროს საზოგადოება დუმს, აქ პრობლემა საზოგადოებაშია. როგორ შეიძლება, საერთოდ, ასეთი ტიპის შოუები, გამოცემები და საინფორმაციო საშუალებები არსებობდეს? ეს ხომ ნიშნავს, რომ დავიღუპეთ, ცენზურა აღარ გვაქვს, ვეღარ ვარჩევთ ავს და კარგს, დონეებში აღრევა გვაქვს. ვინც უფრო მეტად იყვირებს და დაიმუქრება საჯარო სივრცეში, უფრო მოწონთ. შე მამაცხონებულო, თუ რაღაცის გაკეთება გინდა შეიძლება, აცხადებდე ამის გაკეთება მინდაო, ვის უცხადებ? ხალხი შეიძლება ასეთ ადამიანს სერიოზულად აღიქვამდეს - ხედავ, რა კარგად დაიმუქრაო? თუ რამის გაკეთება გინდა, გააკეთე, რას იმუქრები? მულტფილმი გამახსენდა - "პეპინო მიდის ბანკის გასაძარცვად", მთელმა ქალაქმა რომ იცის, პეპინო ბანკის გასაძარცვად მიდისო, ასეთი რამ გვჭირს ჩვენ ფეისბუქში და ყველგან - სხედან კლავიატურასთან და გაიძახიან მე თქვენ ამას გიზამთ. როცა ეს პრობლემაა, რაზე ვსაუბრობთ საერთოდ. ადრე, თემი არსებობდა და ადამიანი ცუდს რომ გააკეთებდა, განკვეთავდნენ. აღარაფერს ვამბობ იმაზე, ფეისბუქზე კაცები და ქალები ღიად რომ იგინებიან, ბილწსიტყვაობენ, ამ უბინძურესად მობილწსიტყვავე ადამიანებისგან პრესა თუ ტელევიზია აქოთდა. მეორე წუთას ვინც იგინებოდნენ, ისეთ რელიგიურ პოსტებს დებენ, ისეთ ღვთაებრივ განცხრომაში არიან, გაგიკვირდება. შეუთავსებელია ერთმანეთთან, როცა ერთ დღეს იგინები და მეორე დღეს თავს მლოცველად აცხადებ. ეს ადამიანის ფსიქიკის დანგრევას იწვევს, მაგრამ თუ იგი ამას ხშირად აკეთებს ადეკვატურობას კარგავს. ასეთებად ვართ გადაქცეული რელიგიური სენტიმენტალიზმის შედეგად. ამან მთელი კულტურები, ცივილიზაციები დაღუპა - რელიგიური სენტიმენტალიზმი ძალიან შეუთავსებელია ნამდვილ რელიგიურობასთან."- აცხადებს მანჯავიძე