ირინე იმერლიშვილი:უაღრესად მნიშვნელოვანია ბელარუსის მიერ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა
ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინე იმერლიშვილმა საქართველოში ბელარუსის პრეზიდენტის ვიზიტის შეფასებისას ჟურნალისტებს განუცხადა, რომ "ჩვენ ვთანამშრომლობთ იმ ქვეყნებთან, რომლებიც ევრაზიულ კავშირში არიან გაწევრიანებული და ეს ფაქტორი ურთიერთობაში ხელს არ გვიშლის".
"გუშინ ოფიციალური შეხვედრები არ ყოფილა, ახლა მიმდინარეობს პრეზიდენტებს შორის აუდიენცია, რის შემდეგაც გაიმართება ერთობლივი პრესკონფერენცია. გზავნილებსაც ყველა გავიგებთ. ბელარუსის პრეზიდენტის ჩამოსვლა მნიშვნელოვანია, ვინაიდან საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ეს პრაქტიკულად პირველად მოხდა. უაღრესად მნიშვნელოვანია ბელარუსის მიერ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაც და ეს მხარდაჭერა გრძელდება. ამავე დროს, ჩვენ ვთანამშრომლობთ იმ ქვეყნებთან, რომლებიც ევრაზიულ კავშირში არიან გაწევრიანებული და ეს ხელს არ გვიშლის. ჩვენ გვაქვს ჩვენი გზა არჩეული, ეს არის ევროპული გზა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ ვითანამშრომლოთ იმ ქვეყნებთან, რომლებმაც სხვა გზა აირჩიეს ", - განაცხადა ირინა იმერლიშვილმა.