სად გაქრა ავტობანის მშენებლობისთვის გადარიცხული 43 მილიონი ლარი-დაიჭერენ თუ არა შავლიაშვილს და ჯანყარაშვილს?
"იქნება ხმაურიანი დაჭერები, შესაძლოა ზვიად ზანყარაშვილი და დავით შავლიაშვილი მიეცნენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში"-ამის შესახებ განცხადება, "პირველ რადიოსთან" საუბრისას , გაზეთ "ქრონიკა+"-ის მთავარმა რედაქტორმა ელისო კილაძემ გააკეთა. მისი თქმით, დავით შავლიაშვილის ინფრასტრუქტურის მინისტრობიდან საკუთარი სურვილით გადადგომა ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს. ჟურნალისტი აცხადებს, რომ რეალურად შავლიაშვილის გადადგომა იმ კორუფციულ გარიგებებს უკავშრდება,რომელსაც უწყებაში ჰქონდა ადგილი. გაზეთ "ქრონიკა+"-ის რედაქტორს, "პირველ რადიოსთან" საუბრისას კონკრეტული მაგალითებიც მოჰყავს. ელისო კილაძე უკრაინულ კომპანია "ალტკომ"-თან გაფორმებულ ხელშეკრულებას და გრიგოლეთში ავტობანის მშენებლობისთვის ავანსის სახით გადარიცხულ თანხებსაც იხსენებს. ჟურნალისტი ამბობს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ავტობანის მშნებლობისთვის გადარიცხული 43 მილიონი ლარი გაქრა.
"შავლიაშვილის გადადგომას მე ველოდებოდი და ეს ასეც მოხდა, იმიტომ, რომ ნოდარ ჯავახიშვილის იქ დანიშვნის შემდგომ ცხადი იყო რომ ჯავახიშვილის ფუნქცია იყო ტენდერების თემის გამოკვლევა, რასაც საბოლოო ჯამში აუცილებლად მოჰყვებოდა შავლიაშვილის თანამდებობიდან ჩამოშორება. მე არ მჯერა იმ ვერსიის , რომ მან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დატოვა პოსტი. ის არ წასულა , მას აიძულეს ,რომ წასულიყო თანამდებობიდან. დღეისათვის უკვე ვიცით, რომ გათავისუფლებულია ყველა მოადგილე, ნოდარ ჯავახიშვილმა განცხადებაც გააკეთა, რომ ტენდერების საკითხი კვლავ გასარკვევია და მეტი გამჭვირვალობაა საჭირო.
მე გეტყვით ერთ ფაქტს-შავლიაშვილის მინისტრობის პერიოდში, უკრაინულმა კომპანია "ალტ-კომ"-მა მოიგო გრიგოლეთში ავტობანის მშენებლობის 150 მილიონიანი ტენდერი. მას გადაურიცხეს წინასწარ ავანსის სახით, 43 მილიონი ლარი, რაც იმ დროის კურსით იყო 22 მილიონი ევრო . კომპანია "ალტკომმა" სრულად ეს თანხა გაიტანა ქვეყნის გარეთ და სამუშაოები არც კი დაწყებულა. მიზეზად დასახელდა ის, რომ მათი ტექნიკა დონეცკში დარჩა უკრაინის ცნობილი მოვლენების გამო, მაგრამ ეს ინფორმაცია სწორი არ იყო. სინამდვილეში საკუთარი ტექნიკა მათ გადასროლილი ჰქონდათ თურქმენეთში, სადაც ისინი ასრულებდნენ ერთ-ერთ მოგებულ ტენდერს. დღეის მდგომარეობით ეს 43 მილიონი ლარი არის დაკარგული . კომპანიას არ გააჩნია საბანკო გარანტიები და ამ ავტობანზე მშენებლობა საერთოდ არ არის. ასეთი კომპანია, რომელსაც ავანსად ასეთი დიდი თანხები აქვს წაღებული არის 6-ი ან 7-ი . გამომდინარე აქედან , მე სრულიად ლოგიკურად ვამბობ, რომ აუცილებლად იქნება ხმაურიანი დაჭერები , ყველა შემთხვევაში ეს ალბათ იქნება გაზაფხულზე. მე არ გამოვრიცხავ, რომ შექმნილი კატასტროფული მდგომარეობიდან გამომდინარე, ზვიად ჯანყარაშვილი მიეცეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში. ის ფაქტი რაც კომპანია "ალკომს" უკავშირდება ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, ეს არის სახელმწიფო სახსრების უკანონოდ განკარგვა. ეს თანხები გაცემულია უშუალოდ მინისტრ შავლიაშილის ხელმოწერით და რადგან ასეთ კომპანია არის 6-ი თუ 7-ი, გამორიცხვა იმის, რომ შავლაიშვილი იქნება დაკავებული რა საკვირველია არ შეიძლება,"-განაცხადა ელისო კილაძე.