გია ხუხაშვილი: “ტუალეტში შეიძლება გავიდე, ბატონო ბიძინა?! - ეკითხებიან მას პრემიერ-მინისტრი და მინისტრები“
ექსპერტი გია ხუხაშვილი “ივერიონს“ ლუკაშენკოს დიპლომატიურ გამჭრიახობაზე, ევრაზიული კავშირის ილუზიურობაზე, ირაკლი კობახიძის მიერ კვადრატულ მეტრში დათვლილი კონსტიტუციის იდიოტიზმსა და ტუალეტში გასასვლელად ივანიშვილის თანხმობის მომლოდინე პრემიერ-მინისტრსა და მინისტრებზე ესაუბრა.
-ბატონო გია, თქვენი აზრით, რა მიზნით ჩამოვიდა საქართველოში ბელორუსიის პრეზიდენტი ლუკაშენკო და რა მოჰყვება მის ვიზიტს?
-ლუკაშენკო განსაკუთრებული ვიზიტით არ ჩამოსულა. მისი ვიზიტების დიაპაზონი, ზოგადად, ვიწროა და მისი პირველი ჩამოსვლა საქართველოში პოზიტიურად უნდა შევაფასოთ. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო-ბელორუსიას შორის ურთიერთობა მაღალ საფეხურზე არ დგას და პერსპექტივაც ბუნდოვანია, ეს ვიზიტი, როგორც პირველი ნაბიჯი, დადებითად უნდა შეფასდეს.
-ევრაზიული ეკონომიკური კავშირი რით განსხვავდება სხვა კავშირებისგან და არის თუ არა მასში საბჭოთა კავშირის ჩანასახი?
-საბჭოთა კავშირი იყო გარკვეულ უტოპიურ იდეოლოგიაზე დამყარებული იმპერია, რომლის განვითარება ეწინააღმდეგებოდა ადამიანის ბუნებას. ამ ეტაპზე ილუზიაა, რომ ეს კავშირი კონკურენტულია, მაგრამ ის ამას ცდილობს და ეს ჩვეულებრივია.
-მართალია, ლუკაშენკოს დიქტატორსაც უწოდებენ, მაგრამ ბელორუსიაში ყველაფერი განვითარებულია-ხალხი დასაქმებულია, ეკონომიკა ყვავის და ა.შ. ხოლო საქართველოში ყველაფერი პირიქითაა. ღირს თუ არა ამად ჩვენთვის თავსმოხვეული დემოკრატია?
-დემოკრატია ფასეულობაა, რაც ყველასთვის მნიშვნელოვანია, ხოლო თავისუფლებაზე უარის თქმა კეთილდღეობის სანაცვლოდ, არასწორი და უპერსპექტივოა ამ საუკუნეში!
არ არსებობს სტერილური დემოკრატია და დიქტატურა. დასავლეთს თითქოს მონოპოლია აქვს დემოკრატიაზე, მაგრამ იქაც არ არის ყველაფერი კარგად. უბრალოდ, ადამიანებს იქ ჰგონიათ, რომ თვითონ იღებენ გადაწყვეტილებას, მაგრამ ეს ასე არ რის. დემოკრატიასა და დიქტატურას შორის იქ არის განსახვავება, სულ ერთი არ არის, მაგრამ არა ბევრად განსხვავებული. მიუხედავად იმისა, რომ ბელორუსიაში პოლიტიკური სივრცე ჩაკეტილია და პოლიტიკური კონკურენცია არ არსებობს, სტანდარტი მაღალია - მას ერთი ნაბიჯი აკლია, რომ თანამედროვე ქვეყნად ჩამოყალიბდეს. ამ ბოლო დროს მინსკი მნიშვნელოვან როლს თაამაშობს რუსეთ-უკრაინის საკითხებშიც. ერთი სიტყვით, ლუკაშენკო კარგი დიპლმატი აღმოჩნდა და გეოპოლიტიკურ თამაშებში ბალანსს ინარჩუნებს. რაც შეეხება დემოკრატიას, ეს ბელორუსიის მოსახლეობის მოთხოვნაზეა დამოკიდებული (თუმცა, დემოკრატია არ არის ერთადერთი ფასეულობა, რისთვისაც ადამიანები იბრძვიან).
ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტ მარგველაშვილს ავლაბრის საპრეზიდენტო რეზიდენციის დატოვებას ავალდებულებს. თქვენი აზრით, როგორ უნდა მოიქცეს პრეზიდენტი და გასცდა თუ არა ივანიშვილის მმართველობის არეალი კულუარებს?
ივანიშვილს თავისი აზრი აქვს და ეს ნორმალურია, მაგრამ არანორმალურია, როცა მის მოსაზრებას სახელმწიფო ინტიტუტები და ხელისუფლებაში მოკალათებული კეთილის მსურველები იტაცებენ და პოლიტიკურ ჭრილში ატარებენ. პრეზიდენტი როგორც გადაწყვეტს ამ საკითხს, უნდა დავეთანხმოთ. ის სახელმწიფოს მეთაურია და თუ მიაჩნია, რომ თავისი ფუნქციის განხორციელებისთვის ეს შენობაა პრეზენტაბელური, ესე იგი, ასეა!
საპრეზიდენტო რეზიდენცია შეიძლება სხვა მიზნებისთვის გამოიყენონ, მაგრამ ძახილი “გამოდი შენობიდან!“ არ შეიძლება. მე კარგად ვიცი, რომ მარგველაშვილი არ მისდევს პირად კომფორტს, ის ძალიან მოკრძალებულად ცხოვრობს დუშეთში, მაგრამ ამ შენობას უკეთესი ფუნქცია თუ მოეძებნება, კი ბატონო. საქმე კი ისაა, რომ ეს შენობა სხვა ფუნქციას ვერ შეასრულებს. არც სამუზეუმოდ ვარგა. ვერაფერში ვერ გამოიყენებენ ისეა დაგეგმარებული და პრინციპისთვის დაატოვებინო შენობა პრეზიდენტს, წარმოუდგენელია.
ვიმეორებ: ივანიშვილს აქვს ამ საკითხზე თავისი აზრის გამოთქმის უფლება, მაგრამ, როცა პრემიერ მინისტრი, მინისტრები და მმართველი პარტიის სხვა ლიდერები ამაზე იწყებენ ლაპარაკს, არასერიოზულია!
“ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ კონსტიტუცია კვადრატულ მეტრშიც კი წარმოგვიდგინა, რაც გონებრივი სიმწირის ნიშანია.( ამ სისულელით ის ვიღაცას ერთგულებას უმტკიცებს).
ვფიქრობ, რომ ივანიშვილი არ მართავს ქვეყანას, ხელისუფლებასთან კომუნიკაცია მას თავისი სურვილით კი არ აქვს, არამედ ხელისუფლება მუდმივად ითრევს მას გადაწყვეტილების მიღებაში. ივანიშვილი რჩევებს თავისი სურვილით არ გასცემს -მას რჩევის მისაღებად გამუდმებით აწუხებენ პრემიერ-მინისტრი და მინისტრები, რომელთაც სურთ, რომ თავიანთი შეცდომები ივანიშვილს დაბრალდეს და ასე კომფორტულად გრძნობენ თავს!
ტუალეტში შეიძლება გავიდე, ბატონო ბიძინა? ამასაც კი იმიტომ ეკითხებიან, რომ მერე თვითონ არაფერზე აგონ პასუხი. (კარგია ჰალსტუხის გაკეთება და კაბინეტში ჯდომა, თუ მათი სისულელე სხვას დაბრალდება). ერთი სიტყვით, “ნაციონალურ მოძრაობასა“ და დღევანდელ ხელისუფლებას შორის ჩუმი ალიანსია (არა გარიგება), რაც ხელს აძლევთ, მუდმივად ბიძინაზე შეიხოცონ ხელი!
ესაუბრა ია ჯღარკავა