ეკა გიგაური: ივანიშვილი არასამთავრობოებს წინა მთავრობასთან გარიგებას აბრალებდა

ეკა გიგაური: ივანიშვილი არასამთავრობოებს წინა მთავრობასთან გარიგებას აბრალებდა

 "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის პასუხობს.
ივანიშვილის მიერ მისი მისამართით გამოთქმულ კრიტიკას გიგაურიfacebook-ის საკუთარ გვერდზე ეხმაურება.


"დავიწყოთ იქიდან, რომ საერთო ჯამში გადაცემის მთავარი არსი ვერ გავიგე. რაც გავიგე, არის ის, რომ:


1. კრიტიკას ვერ იტანს, ჩვენი ანგარიშები არ წაუკითხავს და არც ანალიზს გაცნობია ზედმიწევნით.
2. კამპანია "ეს შენ გეხება - ისევ გვისმენენ" არამართებულად და უადგილოდ მიაჩნია, კიდევ კარგი არ იცოდა, რომ საკონსტიტუციოში უკვე ჩაინიშნა ჩვენი სარჩელის განხილვა, სადაც მისთვის მისაღებ ანუ შსს მიერ ჩვენს საუბრებზე პირდაპირი წვდომის ნორმას ვასაჩივრებთ, თორემ არც სასამართლოსთვის დირექტივის მიცემას მოერიდებოდა.
3. მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ საზოგადოება სახეზე ცნობდეს ყველა იმ ადამიანს, რომელიც ციხეში აწამეს და გააუპატიურეს (ალბათ ასე წარმოუდგენია მას ამ ხალხის რეაბილიტაცია), ხოლო მე და კახა კოჟორიძე თუ ამას ვეწინააღმდეგებოდით და ეფექტურ გამოძიებას ვითხოვდით, "ნაცები" ვყოფილვართ (იმედია გაარკვევს, რომ წამების ყველა ფაქტი ჯერ არ არის გამოძიებული და არც ყველა მოძალადე დასჯილა.. კარგი იქნება თუ პროკურატურასაც ასე გულანთებული გააკრიტიკებს). ისე, არც შსს-ში შექმნილი ვიდეო არქივის საქმე გამოძიებულა, ესეც ჩემი ბრალია ალბათ...
4. და ბოლოს, ცხადია ხაინდრავას და ადამაშვილის მესიჯ ბოქსზე ზის, უფრო სწორედ ესენი ასრულებენ მის დავალებას (იმედია იცის, რომ მათ უკვე ვუჩივლე სასამართლოში)… ანალიზი ყველამ თვითონ გააკეთოს. ისე, შსს თუ გამჭვირვალე და აპოლიტიკურია, ორი თვეა ვითხოვ იმ დოკუმენტებს, რაც საფუძვლად დაედო ჩემთვის 8 წლის წინანდელ სამსახურში უმცროსი წოდების მინიჭებას, მაგრამ არ მაძლევენ, აქაც რაღაც გაუგებრობას აქვს ადგილი, თორემ შსს ხომ მომაწვდიდა, რა აქვს დასამალი.
მგონია, რომ სიტუაცია საერთო ჯამში კომიკური იყო. განსაკუთრებით იმიტომ, რომ საკუთარი ტელევიზიის საკუთარი გადაცემიდან, თავისი ექსპერტების მეშვეობით აკრიტიკებდა მედიას და არასამთავრობოებს და მათ წინა მთავრობასთან გარიგებას აბრალებდა, მაშინ როდესაც თვითონ ბოლო ორი მთავრობის მთავარი დამფინანსებელი იყო.
ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ ყველაზე სწორი აზრი ალბათ ის იყო, რომ პოლიტიკური თანამდებობებზე მუშაობის შემდეგ მიზანშეწონილი არ არის პირის მიერ მაშინვე არასამთავრობო ორგანიზაციის შექმნა, რომელიც მთავრობის მონიტორინგს ახორციელებს. ეს ერთადერთი სწორი ანალიზი იყო…. მე ვეთანხმები", - წერს გიგაური.
ხალხი, ვინც სახე დაკარგა პოლიტიკაში და არასამთავრობო სექტორში ცდილობს განწმენდას, ნაკლებ სახიფათოა, - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა "კვირის 20/30"-ში საუბრისას განაცხადა.
"ეს ხალხი, ვინც სახე დაკარგა პოლიტიკაში და არასამთავრობო სექტორში ცდილობს განწმენდას, ნაკლებ სახიფათოა. როდესაც სახელდებიან ონიანი, ფირცხალავა, უტიაშვილი ან ახალაიას მეუღლე, რომელიც ძალიან აქტიურობს, ეს ნაკლებ სახიფათოა ამ სფეროსთვისაც და საზოგადოებისთვისაც. ისინი ობიექტურობაზეც კი ვერ შეგეკამათებიან, იმიტომ, რომ ისინი პროპაგანდას ეწევიან "ნაციონალური მოძრაობის".
მე მინდა გავაგრძელო და ძალიან წარმატებული არასამთავრობო ორგანიზაციები დავასახელო, საია გინდათ ეს, თუ გამჭვირვალობა და აშ. სახიფათოა არა ონიანი, ფირცხალავა და უტიაშვილი, რომლებიც ძალიან კარგად იცის საზოგადოებამ, ვინ არიან, სახიფათოა,  ასეთი წარმატებული ორგანიზაციები და მათი მეთაურები – გიგაური, კოჟორიძე. მათზე პრეტენზიები არა იმიტომ დამჭირდა, რომ მე გიგაური ან კოჟორიძე მაინტერესებს, არამედ საინტერესოა მათი ორგანიზაციები. ამიტომ მათ ობიექტურობაზე არ უნდა გაჩნდეს ეჭვი", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: