ბატონო ჯუმბერ, შეეშვით ივანიშვილს, მას რაც შეეძლო ის გააკეთა - სააკაშვილი მოგვაშორა, იმის იქით ვერ მიდის!
პოლიტოლოგი ჯუმბერ კირვალიძე ფრიად საყურადღებო და შეიძლება ითქვას, საჩოთირო „ფეისბუკსტატუსს“ აქვეყნებს და ბიძინა ივანიშვილს მიმართავს.
პოლიტოლოგი აფასებს რა ივანიშვილის დამსახურებას ქართველი ერის წინაშე და მოკრძალებით ახსენებს რა მას ნებსით თუ უნებლიედ დაშვებულ შეცდომებს, ექსპრემიერ-მინისტრს არაორაზროვნად აფრთხილებს: „სანამ რაიმე უბედურება დაგვატყდა თავს, დროულად მიიღეთ ეს გადაწყვეტილება“.
ბუნებრივია, „გადაწყვეტილებაში“ „ქართული ოცნების“ ლიდერად და პრემიერ-მონისტრად დაბრუნება იგულისხმება.
კირვალიძე იხსენებს ივანიშვილის სიტყვებს, რომ იგი მხოლოდ მაშინ დაბრუნდება ხელისუფლებაში, თუ საქართველოს რამე უბედურება დაატყდება თავს. ეტყობა, პოლიტოლოგი გრძნობს მოახლოებულ საშიშროებას და ექს-პრემიერს დაბრუნებისკენ მიუწოდებს!
ნაკლებად მნიშნელოვანია კირვალიძის მოსაზრებები ივანიშვილის არასწორ საკადრო პოლიტიკაზე და „შუა გაკრეფისას“ დაშვებულ შეცდომებზე. ამ ტემაზე მრავალგზის ითქვა და დაიწერა, მაგრამ საყურადღებოა ერთი დეტალი: იგი ექსპრემიერს მოკრძალებით საყვედურობს, რომ „შუა“ კი არ უნდა „გაეკრიფა“, არამედ საერთოდ უნდა მოესუფთავებინა პოლიტიკური ველი და სუფთა ფურცლიდან უნდა დაეწყო, ანუ პოლიტიკაში გაუსვრელი ადამიანები უნდა დაეყენებინა გვერდით!
გეთანემხებით ბატონო ჯუმბერ: კარგი (სწორი) იქნებოდა, რომ ბატონ ივანიშვილს მთლიანად გაეკრიფა „პოლიტიკური ველი“, ანუ თქვენი სიტყვებით თუ ვიტყვით, პოლიტიკაში დასაქმებულთა კასტა, რომლებმაც „საკუთარი თავის სარჩენად აქციეს ეს საპატიო პროფესია“, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს მის ინტერესში არ შედიოდა. დავიჯეროთ, ივანიშვილს არ ეყო პოლიტიკური ალღო, მოსალოდნელი შედეგები წინასწარ გაეაზრებინა?!
რაც შეეხება მოწოდებას: „იგივე შეცდომები აღარ დაუშვათ“ ნიშნავს, რომ მისი აზრით, ივანიშვილი ხელისუფლებაში აუცილებლად უნდა დაბრუნდეს! სხვანაირად, თუ ავტორის სტატუსის პერიფრაზირებას გავაკეთებთ, ღმერთმა ნუ ქნას და ივანიშვილმა გული რომ აიცრუოს და ხელი ჩაიქნიოს, მაშინ „საქართველოს უმძიმესი განსაცდელი ელის, რომელიც შეიძლება დაგვირგვინდეს ნაცმოძალადეების ხელისუფლებაში დაბრუნებით ან სულაც სახელმწიფოებრიობის რღვევით და სუვერენიტეტის დაკარგვით“.
ისევ მესიის ძიებაში ვართ ბატონო ჯუმბერ? თუ ივანიშვილმა „გული აიცრუა“ და „ხელი ჩაიქნია“ იღუპება საქართველო და ეს არის?
კი, მაგრამ, საიდან აკეთებთ ასეთ დასკვნას? _ ქვეყანა, რომელიც ერთი კაცის განწყობაზეა ჩამოკიდებული, ხომ არამარტო სახელმწიფოების დაკარგვის, არამედ, დაღუპვოს ღირსია საერთოდ!!!
...და ამას ამბობთ, თქვენ, პოლიტოლოგი, რომელმაც რეალურად უნდა შეაფასოთ არსებული ვითარება და გამოსავალიც უნდა გვიჩვენოთ! თუ თქვენთვის გამოსავალი და ქვეყნის გადარჩენის ალბათობა მხოლოდ ივანიშვილის ხელისუფლებაში დაბრუნებაშია, მაშინ... მართლაც ცუდად ყოფილა ჩვენი საქმე!
არ გვინდა ხელახლა ივანიშვილის შეცდომებზე საუბარი, არც იმის მტკიცებას ვაპირებთ, მას ეს ნებსით მოუვიდა თუ უნებლიედ, მაგრამ დღეს ჩიხში რომ არის შესული ქვეყანა, ცხადია.
არც იმის ჩხირკედელობა ივარგებს, რამდენით ან რამდენად დაეცა ივანიშვილის ავტორიტეტი 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ, მაგრამ ერთი რამ ფაქტია: ჩვენ არა იმდენად ივანიშვილის ხელისუფლებაში დაბრუნებაზე უნდა ვიოცნებოთ, რამდენადაც იმაზე, როგორ გამოვიდეთ ამ მოჯადოებული წრიდან და როგორ გავანთავისუფლოთ თავად ივანიშვილი იმ პასუხისმგებლობისგან, რომელიც მას დამატებით ავკიდეთ!
შეეშვით ივანიშვილს, მას რაც შეეძლო ის გააკეთა - სააკაშვილი მოგვაშორა, იმის იქით ან არ, ან ვერ მიდის. თუ ვაიძულებთ უფრო მეტ შეცდომებს დაუშვებს და ქვეყანაც მერე უფრო ძნელად გადასარჩენი გაგვიხდება!
საბა საბახტარაშვილი