რა ინსტრუქცია მისცა „საქართველოს გენერალურმა დირექტორმა“ ივანიშვილს?!
მთავრობის მე-7 წევრის გადადგმოსთანავე, ამერიკის ელჩის რიჩარდ ნორლანდის შუშის სასახლეში სტუმრობა გვაფიქრებინებს, რომ ივანიშვილმა ინსტრუქციას გადაუხვია, ან დღევანდელი რეალობის (მთავრობისთვის ნდობის ხელახლა გამოცხადება) ქვეტექსტებიდან გამომდინარე, გადახვევის საშიშროება არსებობს!
შუშის სასახლეში ნორლანდის ვიზიტი ერთხელ კიდევ ადასტურებს, რომ ივანიშვილი სწორედ ის ფიგურაა, რომელსაც დღეს ამერიკა ანგარიშს უწევს, მაგრამ ბოლომდე არ ენდობა!
რაც არ უნდა ამტკიცონ, ექსპრემიერი წმინდა ამერიკული მოვლენა არ არის - მიუხედავად იმისა, რომ იგი საერთაშორისო ინტერესის სფეროს განეკუთვნება (მილიარდერობა არა მარტო ქონების ფლობას ნიშნავს, იქ სხვა ვალდებულებებიცაა), დამოუკიდებლად თამაშის უფლებას არავინ მისცემს. არ არის გამორიცხული, ამ ერთი შეხედვით უმნიშვნელო ტრიუკის მიღმა (მთავრობისთვის ხელახლა ნდობის გამოცხადება, რომელიც შეიძლება სხვადასხვა მიზნებისთვის გამოიყენოს ივანიშვილმა) ამერიკამ მისთვის მიუღებელი, ყოველ შემთხვევაში, შეუთანხმებელი ნაბიჯი დაინახა და რეაქციამაც არ დააყოვნა.
მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ვადამდელი არჩევნების მოლოდინშია (ამას ხშირად იმეორებს არასაპარლამენტო ოპოზიცია), ვადამდელი არჩევნები საქართველოში დღეს ამერიკას ნამდვილად არ აწყობს - არ აწყობს ერთი მარტივი მიზეზის გამო - რაც არ უნდა დაეცეს დღევანდელი ხელისუფლების ავტორიტეტი, „ნაციონალები“ არჩევნების გზით ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდებიან. პირიქით კი მოხდება - ისინი დღევანდელ სტატუს-კვოს (ერთადერთი საპარლამენტო ოპოზიცია) დაკარგავენ და ვადამდელი არჩევნებით საქართველოს პარლამენტი შეიძლება აჭრელდეს. არ არის გამორიცხული პრორუსული ძალების გააქტიურებც და საკანონმდებლო ორგანოში მათი ხვედრითი წილის თვალსაჩინოდ წარმოჩენაც.
დღევანდელი სურათის გათვალისწინებით, საზოგადოებას არჩევანის გაკეთება გაუჭირდება - ის მხარს არ დაუჭერს „ნაციონალების“ რეანიმაციას, მაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო, არც „ქართულ ოცნებას“ გაანებივრებს!..
თუ გავითვალისწინებთ იმას, რმ მღვრიე წყალში თევზის დაჭერა გაცილებით იოლია, არავინ იცის, ვინ გამოიყენებს ამ „მღვრიე წყალს“ ნოყიერი ნადავლის მოსაპოვებლად. თუმცა, „ნაციონალებისგან“ განსხვავებით, ერთი უპირატესობა „ქართულ ოცნებას“ ნამდვილად გააჩნია - თუ ძალიან გაუჭირდა, საკუთარი სკამის გადასარჩენად მაქსიმალურად გამოიყენებს ადმინისტრაციულ რესურსებს და საჭირო ქულასაც დაიწერს. ყოველ შმთხვევაში, აამოქმედებს სატელიტური პარტიების პრაქტიკას და თავს გადაირჩენს (იმუშავებს საყოველთაოდ ცნობილი ფორმულაც: არჩევნებს ვინც ატარებს, ის იგებს!)!!!
წესით, ვადამდელი არჩევნები არ უნდა აწყობდეს პარლამენტს გარეთ დარჩენილ ოპოზიციასაც. ჯერ ერთი, დღევანდელი ხელისუფლების რეიტინგის დაცემა ადექვატურად არ ზრდის მათ რეიტინგს საზოგადოების თვალში, მეორეც, ბოლომდე უნდა დარწმუნდეს, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება და ახალი ძალების ჩანაცვლებაა საჭირო.
ვადამდელი არჩევნები არ უნდა აწყობდეს იმ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ძალასაც, რომელიც დაბადების პროცესშია და რომელსაც მკაფიოდ განსხვავებული გზავნილი ექნება საზოგადოებისთვის!
ერთი სიტყვით, ივანიშვილის ახალი ტრიუკი ქვეყანაში არა სიტუაციის ნორმალიზებას, არამედ, საზოგადოების ყურადღების გადატანას ემსახურება და იგი მოკლევადიანი თერაპიაა, რომელიც სათანადო კურსის დაუსრულებლობის გამო შემოდგომაზე აუცილებლად იფეთქებს.
რაც შეეხება ნორლანდის მხრიდან ივანიშვილისთვის მიცემულ ინსტრუქციას, უნდა ვივარაუდოთ, რომ სწორედ ვადამდელი არჩევნებისგან თავშეკავებას უნდა ითვალისწინებდეს!
საბა საბახტარაშვილი