დავით საგანელიძე: ახალი სამთავრობო პროგრამა სავარაუდოდ ძველისგან განსხვავებული არ იქნება
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე მიიჩნევს, რომ ახალი სამთავრობო პროგრამა სავარაუდოდ, ძველისგან განსხვავებული არ იქნება, ამის შესახებ საგანელიძემ ჟურნალისტებთან თემის კომენტირებისას ისაუბრა.
როგორც საგანელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ეკონომიკაში არსებული ბუნებრივი პრობლემების გამო, საინტერესო იქნება მთავრობის ხედვის მოსმენა.
,,ახალი სამთავრობო პროგრამა არა მგონია განსხვავებული იყოს იმ პროგრამისგან, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ და მხარი დავუჭირეთ. ეს უნდა იყოს პროგრამა, რომელიც ამ პერიოდისთვის იქნება სახეცვლილებით წარმოდგენილი. უნდა იყოს განმარტებული, რა გაკეთდა ამ დროისთვის და რა პროცესებია იმ მიმართულებით რაზეც გვქონდა ჩვენ მაშინ საუბარი, როდესაც მთავრობას ვამტკიცებდით. წარმოდგენილი უნდა იყოს კიდევ ახალი და ახალი მიზნები, მითუმეტეს, რომ ეკონომიკაში არსებობს დღეს ბუნებრივი პრობლემები, რომელიც საჭიროებს მნიშვნელოვან ცვლილებებს და სწრაფ გადაწყვეტილებებს. გვაქვს დიდი სურვილი, რომ მოვისმინოთ ამ მიმართულებით მთავრობის ხედვა", - განაცხადა დავით საგანელიძემ ჟურნალისტებთან საუბარში.