საქართველოს პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ორ ქალ კანდიდატს წარადგენს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კიდევ ორ ქალ კანდიდატს წარუდგენს. ამის შესახებ მარგველაშვილმა დღეს მართლმსაჯულების სახლში განაცხადა.
"როდესაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ წარვადგინე ნინო გვენეტაძის კანდიდატურა, რა თქმა უნდა, მის კვალიფიკაციასთან და უზადო ბიოგრაფიასთან ერთად მნიშვნელოვანი იყო და მახარებდა, რომ ის ქალბატონია. ამ მიმართულებით დღეს ჩვენ კიდევ ვდგამთ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს და მხარს ვუჭერთ ქალბატონი ნინოს მიერ წარმოდგენილ კიდევ ორ მოსამართლე ქალბატონს, რომელიც პარლამენტს უახლოეს პერიოდში უნდა წარვუდგინოთ განსაწესებლად. ესენი არიან მზია თოდუა და ეკა გასიტაშვილი. იმედი მაქვს, რომ საქართველოს პარლამენტი კიდევ ერთხელ დაუჭერს მხარს ჩვენს ინიციატივას და კიდევ უფრო გააძლიერებს სასამართლოს კვალიფიციური, პროფესიონალი მოსამართლეებით", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძესთან ერთად, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით პროექტის პრეზენტაციას დაესწრო.
"მინდა, დიდი კმაყოფილება გამოვთქვა იმასთან დაკავშირებით, რაც დღეს აქ ვნახე და მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც მონაწილეობდა ამ პროექტის ასე ეფექტურად განხორციელებაში. სასამართლო სისტემა და სასამართლო სისტემის მდგრადობა, კვალიფიკაციის ამაღლება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანია ჩვენი სახელმწიფოებრიობის გაძლიერებისა და დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის მიმართულებით. ამ თვალსაზირისით, რაც ამ სკოლაში ხდება, საფუძველს უყრის კვალიფიკაციას, საფუძველს უყრის იმ ადამიანებს, რომლებმაც უნდა მიიღონ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებები, რომლებიც უკავშირდება თითოეული ჩვენგანის ბედ-იღბალს და საერთო ჯამში იმ ნდობას, რომელსაც სახელმწიფო იმსახურებს საზოგადოებისგან. ბევრ თქვენგანს ძალიან ბევრი ნაბიჯი გადაგიდგამთ ამ მიმართულებით თქვენს პიროვნულ ბიოგრაფიაში, თუმცა ახლა ეს ყველაფერი ინსტუტუციის სახელს იღებს", - მიმართა მარგველაშვილმა დამსწრე მოსამართლეებს.