გია ხუხაშვილი: „ვვარაუდობ, რომ ღარიბაშვილიც გათავისუფლდება მისთვის მძიმე ტვირთისგან"
ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე ექსპერტები საუბრობენ. მათი თქმით, ის სამთავრობო ცვლილებები, რომელიც ბოლო დღეებში განხორციელდა, სწორედ ამ კრიზისს უკავშირდება. ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ, შესაძლოა, სხვა საკადრო ცვილებებიც განხორციელდეს და ეკონომიკურ გუნდთან ერთად, მთავრობის სრული რეფორმირება მოხდეს. ექსპერტების მოსაზრებით, პროცესი, სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილის პოსტიდან წასვლით დასრულდება.
"მმართველობითი კრიზისი გვაქვს, აღქმა დარჩა რომ პრემიერმინისტრიც არ მონაწილეობდა ამ გადაწყვეტილების მიღებაში.. ვვარაუდობ, რომ ღარიბაშვილიც გათავისუფლდება მისთვის მძიმე ტვირთისგან,"-განაცხადა საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის დამფუძნებელმა გია ხუხაშვილმა.
ამ საკითხზე "დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის" პრეზიდენტმა სოსო ცისკარიშვილმაც გააკეთა შეფასება.
"მივაღწიეთ იმ წერტილს, როდესაც, არა მხოლოდ ნაკლებად კეთილგანწყობილ მეზობლებს, არამედ საზღვარგარეთ ჩვენს პარტნიორებსაც გავუჩინეთ გარკვეული ეჭვები,"-განაცხადა ცისკარიშვილმა.
სამთავრობო ცვლილებებზე ასევე შეფასება გააკეთა საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა ყოფილმა მდივანმა ვანო მაჭავარიანმა.
"მმართველობითი კრიზისია, ღარიბაშვილს აქვს პრობლემა, გუნდი ჩამოეშალა,"-განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.