დავით კერესელიძე: თუ დადასტურდა, რომ გალუსტ სააკიანმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის პარლამენტის სპიკერს უმასპინძლა მკაცრ რეაგირებას მოვახდენთ
საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, დავით კერესელიძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდა ინფორმაცია, რომ სომხეთის პარლამენტის სპიკერმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის პარლამენტის თავმჯდომარეს უმასპინძლა, ქართული მხარის რეაგირება იქნება მკაცრი. ამის შესახებ დავით კერესელიძემ ორშაბათის ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ამით კერესელიძე ოსურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.
კითხვაზე, იყო თუ არა ინფორმირებული ამის შესახებ ქართული მხარე, დავით კერესელიძემ აღნიშნა, რომ ეს ინფორმაცია მხოლოდ ოსურმა მედიამ გაავრცელა და სხვა წყარო ამ ინფორმაციას არ ავრცელებს და ეს შეხვედრა არც დადასტურებულა.
როგორც კერესელიძემ აღნიშნა, ამის შესახებ ინფორმირებულია საქართველოს საელჩო სომხეთში და ქართული მხარე ცდილობს დააზუსტოს, რამდენად შეესაბამება ეს ინფორმაცია სიმართლეს.
"თუკი დადასტურდა, რომ ეს მართლაც ასე მოხდა, მაშინ ჩვენ, რა თქმა უნდა, ადეკვატურად მკაცრ რეაგირებას მოვახდენთ ყველა იმ საშუალებით, რაც ჩვენ ხელთ გაგვაჩნია. ამაზე რეაგირება აუცილებლად იქნება", - განაცხადა კერესელიძემ.
კითხვაზე, კონკრეტულად რა რეაგირება იქნება, კერესელიძემ აღნიშნა, რომ რეაგირების სხვადასხვა სახე არსებობს, მათ შორის არის ნოტა. არსებობს პროტესტი, არსებობს დემარში, მიმართვა, კონსულტაციები, ელჩების შეხვედრა.