თედო ჯაფარიძე: ევროპისკენ სავალი ურთულესი გზა ერთად უნდა გავიაროთ

თედო ჯაფარიძე: ევროპისკენ სავალი ურთულესი გზა ერთად უნდა გავიაროთ

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძემ სამმხრივი საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის ფორუმის გახსნისას ევროინტეგრაციის გზაზე საქართველო-მოლდოვა-უკრაინის ერთობლივ მისწრაფებებსა და გამოწვევებზე ისაუბრა და  აღნიშნა, რომ სამივე ქვეყანამ ერთად მიიღო მონაწილეობა ვილნიუსის სამიტზე და ეს ქვეყნები ამავე შემადგენლობით ერთად წარსდგებიან რიგის მომავალ სამიტზეც.

"ეს უაღრესად მნიშვნელოვანი პოლიტიკური და სიმბოლური გზავნილია გარე სამყაროსთვის, მათთვის, ვინც ჩვენ ევროპისკენ სწრაფვას უჭერს მხარს და მათთვისაც, ვინც ამის წინააღმდეგია. სამივე ქვეყანა ვცდილობთ, უკან დავტოვოთ ჩვენი იმპერიაში ყოფნის წარსული და შეუერთდეთ დიდ ევროპულ ოჯახს, რომელიც შესაძლოა, იდეალური არ არის, მაგრამ მის წევრებს აერთიანებს სწრაფვა თავისუფლებისკენ, ადამიანის უფლებების სტანდარტებისკენ, რომლებიც ერთგვარ გარანტიას წარმოადგენს, ჩვენი ცხოვრება და ყოფა გახდეს ღირსეული და უსაფრთხო", - განაცხადა თედო ჯაფარიძემ.

 


"ჩვენ კი, სამმა ქვეყანამ - უკრაინამ, მოლდოვამ და საქართველომ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენი უსაფრთხოება, სტაბილურობა, ეკონომიკური განვითარება, აგრეთვე ჩვენი დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი ერთმანეთზეა დამოკიდებული და ევროპისკენ სავალი ურთულესი გზა ერთად უნდა გავიაროთ", - განაცხადა ჯაფარიძემ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: