თამაზ ჭეიშვილი: "ვეღარ გავიგე ვინ არის მთავრობა, პრეზიდენტი...ან ხალხი ვინმეს თუ ახსოვს! ისევ ნავარდობენ ნაციონალები!"

თამაზ ჭეიშვილი: "ვეღარ გავიგე ვინ არის მთავრობა, პრეზიდენტი...ან ხალხი ვინმეს თუ ახსოვს! ისევ ნავარდობენ ნაციონალები!"

ღია წერილი პოლიტიკურად დევნილ გაზეთ "შანსის" მთავარ რედაქტორს ბონდო ქურდაძეს! 

პირველ რიგში მადლობა, რომ ,,ბიძოსთან,, სიტყვა შემაწიე...თუმცა, დარწმუნებული ვარ ეგ შენი ალალი სიტყვა სოლოლაკამდეც არ მიაღწევს. სადღაც, კოლმეურნეობის მოედანთან დაიკარგება. 

რა კარგ დროს წახვედი და გაეცალე ამ ჯოჯოხეთს,როგორ გადაარჩინე შენი ლამაზი ოჯახი! ვიცი, პოლიტ-დევნილად სააკაშვილმა და მისმა რეჟიმმა გაქცია, მაგრამ რაც ესენი მოვიდნენ ვეღარ გავიგე, ვინ არის მთავრობა, პრეზიდენტი...ან ხალხი ვინმეს თუ ახსოვს! ისევ ნავარდობენ ნაციონალები! ვხედავ "ფეისბუქში" როგორ მოგიწოდებენ ,,მეგობრები"- დაბრუნდიო! არავის დაუჯერო! 

 

მართალია, ქუჩაში აღარავინ დაგვყვება უკან და ბინაში ,,ჟუკებს" არ გვიყენებენ, მაგრამ უფრო გაჭირდა ცხოვრება. მე და ლენამ არ ვიცით ჩვენი განახევრებული პენსია როგორ ვიმყოფინოთ. ღმერთის იმედზეღა ვართ! თეთრებს ვზოგავ, ყოველ სამშაბათს და  პარასკევს ლატარიის ბილეთს ვყიდულობ (ორ ცალს) იმ იმედით, რომ ჯეკპოტს მოვიგებ, ჩემი გიას და სიძის ბანკის ვალებს გავისტუმრებ და დავისვენებთ მე და ლენა...მაგრამ ასე ლოდინში და იმედში გადის ცხოვრება ჩემო საუკეთსო მოწაფევ! ხომ არ გწყინს ასე რომ მოგმართავ?...

 

ვერ მოვიგე ჯეკპოტი, ბონდო! საოცნებო ჯეკპოტის მოგება კიდევ იმიტომ მინდა, რომ შენთან ჩამოვიდე, პარიზში! ძალიან მომენატრეთ! გახსოვს, გაზეთს რომ ვუშვებდით პარლამენტის წინ ,,საკნების,, აქციის დროს? 27 ნომრის გამოშვება ხომ მოვახერხეთ! როგორ გვიღალატა მაშინ ოპოზიციამ! შაშიაშვილის პორტრეტი არ გიკიდია მანდ, გამოსაჩენ ადგილას? ერთადერთი ოპოზიციონერი ეგ გამოდგა, ვინც არ შეუშინდა სააკაშვილს და ბოლომდე გვერდში დაგვიდგა. მაგ კაცის დამსახურებაა შენი ამ ჯოჯოხეთიდან წასვლა! როგორ ვარ? ვარ ასე, ბონდო, უაზროდ! "ფეისბუქის" ჟურნალისტად ,,ვმუშაობ"!- ვწერ მოთხრობებს და ვაქვეყნებ ფეისბუკში. ვიცი, 100 კაცი, მაინც რომ წაიკითხავს და ამ იმედით ვწერ და კიდევ იმ იმედით, ჯეკპოტს მოვიგებ და დასაბეჭდად გამზადებულ იუმორისტული მოთხრობების კრებულს გამოვცემ. 

 

დუმბაძე მეტყოდა-თუ ქვეყანა თავზე გენგრევა, შიმშილით კვდები და გასაქცევად გაქვს საქმე, რა გეიუმორება და გეცინება, შე უპატრონოო?-მაგრამ, არა ასე არ მეტყოდა...ის სულ სხვა კაცი იყო, დიდი გულის კაცი! ხშირად გვშია ბონდო, მე და ლენას. ეხლა ჩემმა შვილებმა რომ გაიგონ, ძალიან ეწყინებათ, ძალიან! ეგენი რომ არა, მართლა შიმშილით დავიხოცებოდით, მაგრამ ხომ იცი, რაც არის თავმოყვარეობა (თავმოყვარე კაცმა)?  იმათაც თავისი ოჯახები აქვთ და ვცდილობთ არ შევაწუხოთ...პაციენტები არ მოდიან სამკურნალოდ, ვინც მოდის მეხვეწებიან მუქთად ან ,,პოსლეზე,, ვუმკურნალო... 

ძალიან გამიგრძელდა.

 

ბოლოს აი რას გეტყვი, იქ, სადაც შენი მასწავლებელი არავის სჭირდება და უმუშევარია, ღირს განა დაბრუნება? გკოცნით ყველას! ძალიან მომენატრეთ! 

თამაზ ჭეიშვილი

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: