რატომ გაუფასურდა ასე სწრაფად და კატასტროფულად ეროვნული ვალუტა, ლარი?
ეს კითხვა ალბათ ყველა ჩვენგანს ებადება. ბევრი „ძიებისა“ და ტვინის ჭყლეტვის შემდეგ „აღმოვაჩინე“ ორი სხვადასხვა დროს მიღებული კანონი. ერთს ხელს აწერს ედუარდ შევარდნაძე, მეორეს მიხეილ სააკაშვილი.
გთავაზობთ შევარდნაძის დროს მიღებულ კანონს: „მუხლი 69. ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა და ანგარიშგება.
1. ახალი საფინანსო წლის დაწყებამდე სამი თვით ადრე ეროვნული ბანკი საქართველოს პარლამენტს წარუდგენს მომავალი წლის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტს. პარლამენტი დადგენილებით განსაზღვრავს ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს მომავალი წლისათვის. თუ პარლამენტი ახალი საფინანსო წლის დაწყებამდე ვერ განსაზღვრავს ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, ეროვნული ბანკი მოქმედებს მის მიერ შემუშავებული პროექტის ფარგლებში.
2. ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებებით განისაზღვრება ინფლაციის დონე, ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების მოცულობა, ეროვნული ბანკის მიერ მთავრობისათვის გასაცემი კრედიტების მაქსიმალური ოდენობა, ამ პარამეტრების უზრუნველმყოფელი ფულად-საკრედიტო რეგულირების მექანიზმები, საკურსო და სავალუტო რეჟიმი, სამართლებრივი ბაზისა და ფულად-საკრედიტო სისტემის სრულყოფის ღონისძიებები.
3. ყოველწლიურად, საფინანსო წლის დამთავრებიდან არა უგვიანეს სამი თვისა, ეროვნული ბანკი პარლამენტს წარუდგენს ანგარიშს ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის განხორციელების შესახებ. პარლამენტი ამტკიცებს წარდგენილ ანგარიშს.
4. ეროვნული ბანკის ანგარიშის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში, პარლამენტი იღებს გადაწყვეტილებას ეროვნული ბანკის საქმიანობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ. გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით რეკომენდაციებს აძლევს ეროვნულ ბანკს“.
20. 75-ე მუხლის „ე“ და „კ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) „სახელმწიფო უწყება“ – საქართველოს სახელმწიფოს ნებისმიერი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ქვედანაყოფი ან უწყება“. „კ) „კრედიტი„ – დაბრუნებადობის, ფასიანობის, უზრუნველყოფადობისა და ვადიანობის საწყისებზე ფულადი სახსრების გაცემასთან დაკავშირებული ნებისმიერი ვალდებულება“. ამავე მუხლს დაემატოს „რ“ ქვეპუნქტი: „რ) „დენომინაცია“ – ქვეყანაში ფულის მიმოქცევის მოწესრიგების, აღრიცხვისა და ანგარიშსწორების გაადვილების მიზნით, ეროვნული ფულის ერთეულის გამსხვილება დაწესებული თანაფარდობის მიხედვით, ძველი ფულის ნიშნების ახალზე გადაცვლის მეშვეობით“. საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე თბილისი, 1996 წლის 28 მაისი. №245-II“.
დილეტანტისთვის უფრო გასაგები რომ გახდეს, ამ კანონში დაფიქსირებულია,რომ ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებებით განისაზღვრება ინფლაციის დონე, ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების მოცულობა, ეროვნული ბანკის მიერ მთავრობისთვის გასაცემი კრედიტების მაქსიმალური ოდენობა, ამ პარამეტრების უზრუნველმყოფელი ფულად-საკრედიტო რეგულირების მექანიზმები, საკურსო და სავალუტო რეჟიმი, სამართლებრივი ბაზისა და ფულად-საკრედიტო სისტემის სრულყოფის ღონისძიებები. ანუ,ეროვნული ვალუტა დაცულია მანიპულაციებისა და მაქინაციებისგან.
მეორე კანონი, როგორც ვთქვი, სააკაშვილის დროს არის მიღებული(მიხეილ სააკაშვილი თბილისი, 2009 წლის 24 სექტემბერი. N 1676 – II) სადაც ეს მონაცემები ამოღებულია და მხოლოდ განსაზღვრულია, რომ ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტში უნდა აღინიშნოს ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი, მონეტარული პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტები, რასაც ეროვნული ბანკი გამოიყენებს მიზნობრივი ინფლაციის მისაღწევად, ანუ პასუხისმგებლობა კურსის სტაბილურობაზე იმპერატიულად არავის აკისრია(?).
რატომღაც არც ახალმა ხელისუფლებამ მიაქცია ამ „ლაფსუსს“ ყურადღება და არ შეიტანა ცვლილება კანონში ,ამით შეგნებულად თუ შეუგნებლად, ეროვნული ბანკს კომერციულ ბანკებთან ერთად ვალუტით სპეკულაციის საშუალება მისცა.
იბადება ბუნებრივი კითხვა, რატომ? რასაც ალბათ იმედია ძიება გასცემს პასუხს.
თამაზ ჭეიშვილი