ზაზა სოფრომაძე: კორპორაცია "ევექსის" პირობები განსაზღვრულია ხელშეკრულებებით
"უკანასკნელ დღეებში სამედიცინო კორპორაცია "ევექსის" მიერ დეკლარირებულმა ახალი რეფერირების სისტემამ, რაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის №36 დადგენილების ფარგლებში სერვისების გადაწყობას ითვალისწინებდა, აჟიოტაჟი გამოიწვია.
მინდა, ხაზგასმით განვაცხადო, რომ კორპორაცია "ევექსის" პირობები განსაზღვრულია ხელშეკრულებებით, რომელიც მას დადებული აქვთ ამ სამედიცინო ცენტრების საკუთრებაში გადაცემის დროს და ეს ხელშეკრულება ითვალისწინებს 7 წლით პროფილის შენარჩუნებას. ამიტომ, როგორც ჩანს, ადგილი ჰქონდა მენეჯმენტის გადაწყობის წარუმატებელ მცდელობას. რამაც მთელ რიგ შემთხვევებში გაუგებრობა გამოიწვია", - განაცხადა შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძემ "აიპრესთან" საუბრისას.
მინისტრის მოადგილის თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო პრევენციის მიზნით საქართველოში არსებული კლინიკების მონიტორინგს იწყებს.
"მინდა, გაცნობოთ, რომ ჯანდაცვის სამინისტრო მსგავსი შემთხვევების პრევენციის მიზნით იწყებს მონიტორინგის პროცესს ყველა რაიონში და ეს პროცესი დაიწყება აჭარიდან. მონიტორინგის პროცესში ჩართული იქნება ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტი, სამედიცინო საქმიანობის ხარისხის სააგენტო და სოციალური მომსახურების სააგენტო.
24-საათიან რეჟიმში ადგილზე გააკონტროლებენ სიტუაციას, რათა თავიდან ავირიდოთ მსგავსი შემთხვევები და ყველა ის გაუგებრობა, რასაც უკანასკნელი 2-3 დღის განმავლობაში ჰქონდა ადგილი.
დღეისათვის სიტუაცია მთლიანად გამოსწორებულია, არანაირ ფასიან მომსახურებაზე საუბარი არ არის, კორპორაცია "ევექსი" აგრძელებს მომსახურებას იმ პირობებით, როგორც თავიდან ხელშეკრულებებით იყო გასაზღვრული.
თუ სადმე, თუნდაც ერთ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა პაციენტის მხრიდან თანხის გადახდას ანუ, თუ არ ეკუთვნოდა და გადაიხადა, პაციენტს ეს თანხა დაუბრუნდება. თუმცა, ასეთ დადასტურებულ ინფორმაციას ჩვენ არ ვფლობთ.
ხაზგასმით ვამბობ, თუ პაციენტის მდგომარეობა არ იძლევა იმის საშუალებას, მას ადგილზე აღმოუჩინონ შესაბამისი კვალიფიციური დახმარება, ამ შემთხვევაში დასაშვებია რეფერალური პროგრამის ფარგლებში პაციენტის გადაყვანა შედარებით მაღალი კვალიფიკაციის სტაციონარში. ის, რომ ფასიანი გახდება მომსახურება, მსგავსს სამინისტრო არ დაუშვებს", - აცხადებს სოფრომაძე.
რამდენიმე დღის წინ მედიასაშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამედიცინო კორპორაცია "ევექსის" - "ჩემი ოჯახის კლინიკა" ქედაში, ხულოსა და შუახევში ადგილობრივებს არ ემსახურებოდა სახელმწიფო დაზღვევის პროგრამით. რასაც ქედაში, ხულოსა და შუახევში საპროტესტო აქციები მოჰყვა.