ლევან ქარდავას სასამართლო პროცესი დაიწყო
კუდ-ის უფროს ლევან ქარდავასა და თბილისის კუდ-ის უფროს გიორგი ყავლაშვილის სასამართლო პროცესი დღეს, 11:00 საათზეა ჩანიშნული.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ შსს-ს ყოფილი და მოქმედი 12 მაღალჩინოსანი 15 ნოემბერს დააკავა. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანთა მიერ სხვადასხვა სახის დანაშაულთა ჩადენის ფაქტებზე.
ლევან ქარდავას ბრალი თავისუფლების უკანონოდ აღკვეთაში, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ტექნიკური მაქინაციებით ინფორმაციის უკანონოდ მოპოვებაში ედება. გიორგი ყავლაშვილს კი - სხვისი ქონების დაზიანებასა და თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებში.
მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე 2012 წლის 15 ნოემბერს დაკავებულ იქნენ შემდეგი პირები:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორი ლევან ქარდავა;
2. კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ვახტანგ ბოჭორიშვილი;
3. კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის პირველი მთავარი სამმართველოს უფროსი გიორგი ყავლაშვილი;
4. კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მოადგილე ზაალ მაისურაძე;
5. კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მე-4 სამმართველოს უფროსი ერმალოზ ებანოიძე;
6. კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მე-4 სამმართველოს უფროსის მოადგილე ვასილ ჯამალაშვილი;
7. კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მე-4 სამმართველოს უფროსის მოადგილე ავთანდილ სოლომნიშვილი;
8. შსს ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ბექა კვარაცხელია;
9. კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მე-3 სამმართველოს უფროსის მოადგილე გიორგი ჯავახაძე;
10. კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მე-3 სამმართველოს უფროსის მოადგილე ალექსანდრე ბორცვაძე;
11. შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, თბილისის მერის მოადგილე შოთა ხიზანიშვილი;
12. კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ვაჟა ლელუაშვილი.
რაც შეეხება დაკავებულთაგან ორ პირს - შოთა ხიზანიშვილსა და ვაჟა ლელუაშვილს აღმკვეთ ღონისძიებას ხვალ შეუფარდებენ. ბრალის ოფიციალური წარდგინება კი, კანონით განსაზღვრული ვადის მიხედვით, დღეს უნდა მოხდეს.