მივმართავთ ირაკლი ღარიბაშვილს: დაუყოვნებლივ გადააყენეთ თამარ სანიკიძე თანამდებობიდან!
პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრი ერთ წელზე მეტია ასაჯაროებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მისი ხელმძღვანელის ფინანსურ მაქინაციებს. ჩვენი ოფიციალური საჯარო გამოსვლებით, განცხადებებით, მედიისთვის მიცემული ინფორმაციებით რეგულარულად ვეხებოდით იმ თემებს, რაც ახლა უკვე თვით ფინანსური აუდიტის შუალედური დასკვნით გახდა ცნობილი.
ერთის მხრივ, სამწუხაროა, რომ ჩვენ ბრძოლას ასე დაგვიანებით მოყვა შედეგი, თუმცა მისასალმებელია, რომ ფინანსური აუდიტი დაინტერესდა სანიკიძის უწყების ფინანსური საქმიანობით.
ოფიციალურად დასტურდება, ის, რაზეც არაერთხელ ვთხოვდით რეაგირებას მთავრობის მეთაურს.
არსებობს საფრთხე, რომ სავარძლის შენარჩუნების მიზნით თამარ სანიკიძემ მიმართოს მორიგ მანევრებს, რისი ერთ-ერთი გამოხატულება იყო მისი არაადეკვატური კომენტარი ფინანსური აუდიტის ე.წ. შუალედურ დასკვნაზე. შესაძლოა, დაიწყოს დაბალი რანგის თანამდებობის პირებზე „ხელის შეწმენდის“ მცდელობაც.
გასაგებია, რომ თამარ სანიკიძეს არ ყოფნის უნარი და ძალა გაგებით მოეკიდოს ოფიციალური მაკონტროლებელი ორგანოს ერთგვარ გზავნილს - მიიღოს სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება და თავისით გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან. ასეთ სიტუაციაში ქვეყნის ღირსებაზე ზრუნვა პრემიერ მინისტრის ხელთაა.
ვფიქრობთ, რომ ფინანსური აუდიტის წინასწარი ინფორმაცია გამოვლენილი დარღვევების შესახებ, საკმარისზე მეტი საფუძველია სანიკიძის თანამდებობრივი პასუხისმგებლობისთვის, ამიტომ მივმართავთ, პრემიერს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, დაუყოვნებლივ გადააყენოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თანამდებობიდან.
დავით ფერაძე,
პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელი