რატომ გაეჩხირათ ყელში იური მეჩითოვი?
სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი პრემიერს მიმართავს და კულტურის მინისტრის მოადგილის, იური მეჩითოვის თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვს. ამის არგუმენტად მათ ქსენოფობიური გამონათქვამები მოჰყავთ. მართალია, ვიდეორგოლი, სადაც მეჩითოვი მეგრელებზე და გურულებზე უხამსად და გამომწვევად საუბრობს, გასულ წელს გავრცელდა, მაგრამ საზოგადოებას ეს მას შემდეგ გაახსენდა, როცა ცნობილი ფოტოჟურნალისტი მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.
სიტყვამ მოიტანა და, იური მეჩითოვი გამორჩეული ფოტოჟურნალისტია, რომელსაც ორიგინალური ხედვა და ხელწერა აქვს, მაგრამ მხოლოდ ეს არ არის საკმარისი იმისათვის, რომ მას მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავოს.
სხვათა შორის, მის მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულება არსებობს ჟურნალისტებშიც, რომლებსაც მეჩითოვის კატეგორიული ტონი აღიზიანებთ – ისინი განსაკუთრებით უკმაყოფილო არიან მეჩითოვის მიერ მინისტრის მოადგილის რანგში ჩატარებული პრესკონფერენციით, სადაც იგი თურმე ძალიან უხეშად და გამომწვევად იქცეოდა.
ასეა თუ ისე, მეჩითოვის თანამდებობაზე ყოფნა-არყოფნის საკითხი საზოგადოების მსჯელობის საგანი გახდა. საქართველოს კულტურის მინისტრი გურამ ოდიშარია თვლის, რომ მეჩითოვმა ბოდიში უნდა მოიხადოს და თუ ეს არ იქნება საკმარისი, მაშინ მისი თანამდებობაზე დარჩენის საკითხი დიალოგის გზით უნდა გადაწყდეს.
ბოდიშის მოხდა ღირსეული საქციელია, თუ, რა თქმა უნდა, მის უკან გულწრფელი სინანული იმალება... მაგრამ ვეჭვობ, ეს საკმარისი აღმოჩნდეს იმისათვის, რომ მეჩითოვმა მომავალში მაინც "ისწავლოს ჭკუა" - კუზიანს სამარე ნამდვილად არ ასწორებს!
ასე რომ, ბატონო გურამ, გამოსაშვები სისხლი დროზე უნდა გამოვუშვათ, რომ მან ორგანიზმი მთლიანად არ დაასუსტოს და არა დააზიანოს!