პერფორმანსი-ნარმანიას სახელობის ორმოები თბილისის ქუჩებში

პერფორმანსი-ნარმანიას სახელობის ორმოები თბილისის ქუჩებში

თბილისის მერს გზების რეაბილიტაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს. ამჯერად მოწოდებისთვის აქცია-პერფორმანსის ფორმა გამოიყენეს. "ნაციონალური მოძრაობის საკრებულოს დეპუტატებმა და არასამთავრობოებმა აქცია- პერფორმანსი თევდორე მღვდლის ქუჩაზე მოაწყვეს და ორმოებში სხვადასხვა შინაარსის ტრანსპარანტები მოათავსეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, რეაბილიტაციის ხელისშემშლელი ობიექტური გარემოებები არ არსებობს. მათ თბილისის მთავრობა არაკომპეტენტურობაში დაადანაშაულეს.

 

"იმის გამო, რომ ზოგჯერ ავიწყდებათ ტენდერების გამოცხადება, საგზაო სამუშაოებს აძლევენ კომპანიებს, რომელთაც არა აქვთ ამის გამოცდილება, საგზაო სამუშაოებს ავალებენ კომპანიებს, რომელთანაც ჩინოვნიკების პირადი დაინტერესება იკვეთება და ა.შ. ამ ყველაფრის გამო თბილისელებს უწევთ ამ საშინელ გზებზე გადაადგილება," - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" საკრებულოს დეპუტატმა, ირაკლი აბესაძემ.

 

საპროტესტო აქციის მონაწილეებს დედაქალაქის მერმა უპასუხა. დავით ნარმანიას განცხადებით, მომავალი კვირიდან რვა ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება.

 

"მომდევნო კვირას უკვე იწყება 4 მილიონის ღირებულების საგზაო სამუშაოები. გამომდინარე იქიდან, რომ ერთ-ერთ ტენდერში 2 კომპანიამ უჩივლა ერთმანეთს და, შესაბამისად, ამის განხილვა მიმდინარეობდა სასამართლოში და დაახლოებით 3 კვირით დაიგვიანა სამუშაოების დაწყებამ. თუმცა, ახლა უკვე ბოლო სტადიაა. დაკონტრაქტდება გამარჯვებული კომპანია და დაიწყებს სამუშაოებს," - განაცხადა დავით ნარმანიამ.​

„პირველირადიო“

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: