მამუკა ჩარკვიანი: „საქართველოში მკვდარი პოეტები და კომპოზიტორები უყვართ“
მამუკა ჩარკვიანი კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს უყურადღებობაში ადანაშაულებს. როგორც მომღერალი ამბობს, საქართველოში მკვდარი პოეტები და კომპოზიტორები უყვართ, სიცოცხლეში კი მათ არავინ აფასებს.
,,იცით რა მეწყინა? კულტურის სამინისტროში თუ ვინმეს ჰგონია, თბილისელებისა და ჩემი თანამოქალაქეებისთვის ვიღაცა ვარ, ძალიან ცდება. ექვსი თვეა კაცი ვწევარ, ერთი ტელეფონი აიღე და მომიკითხე, რამე დაშავდება?! რომ არა ჩემი ოჯახი და უახლოესი მეგობრები, კაცმა არ იცის, რა მდგომარეობაში ვიქნებოდი. საქართველოში მკვდარი პოეტები და კომპოზიტორები უყვართ…როცა აღარ ვიქნები, მერე პანაშვიდებზე სიარული და მაღალფარდოვანი სიტყვების მოსმენა არავის სჭირდება. ცოცხალი როცა ვართ, მაშინ მოვეფეროთ და გავუფრთხილდეთ ერთმამეთს! კიდევ ერთხელ ვამბობ – არაჩვეულებრივი და, მშობლები და მეგობრები მყავს, არაფერი მომკლებია, უბრალოდ უყურადღებობითა და თვალთმაქცური დამოკიდებულებებით ერთმანეთს ვკარგავთ. სამწუხაროდ, დღეს მეტი დაფასება აქვთ იმათ, ვინც თავიანთი შემოქმედებით დედას იგინებიან და პოპულარობის მოხვეჭას ვულგარული საქციელით ცდილობენ. მალე 60 წლის ვხვდები და ათასი ლარიც კი არ მაქვს გადანახული შავი დღისთვის. 80 წლის მამა ეხმარება 60 წლის მამუკას. წარმოგიდგენიათ ჩვენი მდგომარეობა?! ამ დროს თურმე მე და ჯანსუღი ვარსკვლავები ვართ და, როგორც მიწოდეს, ცოცხალი ლეგენდა გახლავართ. არ ვწუწუნებ. მაგილითისთვის მომყავს, თუ როგორ მდგომარეობაშია ჩემი ერი. საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი შიმშილობს. არ ვიცი, ხელისუფლების პირველ პირებს რა ინფორმაციას აწვდიან, მაგრამ ხალხში იმედგაცრუება მატულობს", – ამბობს მამუკა ჩარკვიანი გაზეთ "ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში.