უკრაინაში სააკაშვილის გუნდის წევრები თანამდებობებს ერთმანეთის მიყოლებით ტოვებენ
გამოცემა "ნოვი რეგიონის" ინფორმაციით, "პირველი მერცხალი" უკვე არის – უკრაინის იუსტიციის სამინისტრო ჯაბა ებანოიძემ დატოვა. ებანოიძე ამბობს, რომ მას სისტემის რეფორმირების შესაძლებლობა არ მიეცა. მატულობს უკმაყოფილება ჯანდაცვის მინისტრის ალექსანდრე კვიტაშვილის და გენერალური პროკურორის მოადგილის დავით საყვარელიძის მუშაობასთან დაკავშირებით. საყვარელიძეზე უკრაინულ მედიაში წერენ, რომ "საერთოდ გაუგებარია, რითია დაკავებული ეს ადამიანი". რაც შეეხება ეკა ზღულაძეს, მას ერგო უწყება, რომლის რეფორმირებაც ალბათ ყველაზე რთული იქნება. ასე რომ, სააკშვილის სიტყვები შეიძლება განხილული იყოს, როგორც თავისებური დამცავი რეაქცია ქართველი ჩინოვნიკების არაეფექტიან მუშაობაში ბრალდების შემთხვევაში. ისინი – ყველანი სააკაშვილის გუნდიდან არიან. ამ ადამიანების მუშაობა კი არა მარტო უკრაინელების, არამედ ქართველების ყურადღების ცენტრშია.
გამოცემა მიუთითებს, რომ საქართველოში მომავალ წელს საპარლამენტო არჩევნები გაიმართება და სააკაშვილის გუნდი ხელისუფლებაში დაბრუნებას შეეცდება. ამიტომ სააკაშვილისთვის კარების მოჯახუნების და თავის ხალხთან ერთად ხმაურიანი წასვლის დრო ნამდვილად არ არის. მეორე მხრივ, "ნოვი რეგიონის" ანალიტიკოსთა აზრით, უკეთესია დროზე წასვლა, რომ შემდეგ ქართველი ჩინოვნიკების არაეფექტიანობაზე კი არ იყოს საუბარი, არამედ უკრაინელების უნიათობაზე, რომელთაც რეფორმების გატარება არ ძალუძთ.
„მარშალპრესი“