ლარმა გამყარება დაიწყო-რამ დააფრთხო ქადაგიძე?

ლარმა გამყარება დაიწყო-რამ დააფრთხო ქადაგიძე?

ბოლო 2 დღეა, ლარი ერთბაშად მყარდება. ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით ერთი დოლარი 2,32 ლარია, ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში კი დოლარი 2,27 ლარზე ნაკლებად იყიდება. სპეციალისტების განცხადებით, აღნიშნულმა პროცესმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოში სავალუტო სპეკულაცია მიმდინარეობს და ეროვნული ვალუტის კატასტროფულ გაუფასურებას ეკონომიკურ ფაქტორებთან კავშირი არ აქვს.

 

"რეზონანსის" ინფორმაციით, "ბლუმბერგის" სავაჭრო სისტემაში კომერციულმა ბანკებმა დოლარის გამალებული შესყიდვა შეაჩერეს, შესაბამისად, ლარის კურსმა გამყარება დაიწყო. სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ ამ პროცესებზე გავლენა მთავრობის წევრთა ბოლოდროინდელმა მწვავე განცხადებებმა მოახდინა. შეგახსენებთ, რომ ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ კომერციული ბანკები გაზრდილ ტრანზაქციებში დაადანაშაულა, რაც ქვეყანაში, ობიექტურ მიზეზებთან ერთად, დოლარის ხელოვნურ დეფიციტს ქმნიდა.

 

ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი ლია ელიავა აღნიშნავს, რომ ლარის გაუფასურება, ისევე როგორც გამყარება, არის წმინდა წყლის სპეკულაცია. მისი განცხადებით, საქართველოში სავალუტო კურსი მართვადია და აქ თავისუფალ მცურავ კურსზე საუბარიც კი არ შეიძლება.

 

"ეს იყო სპეკულაცია, წნეხი, რომელსაც განიცდიდა ეროვნული ვალუტა ამ 6-7 თვის განმავლობაში. აღნიშნული პროცესების თავიდან ასაცილებლად ვერავინ ვერაფერი გააკეთა, მათ შორის, ეროვნულმა ბანკმა და ამას, ალბათ, გარკვეული მიზეზები ჰქონდა", - აღნიშნავს ელიავა და არ გამორიცხავს, რომ კურსის გამყარება პარლამენტში სებ-ის წლიური ანგარიშის დამტკიცებისთვის სასიკეთო ფონის შექმნას ემსახურება.

 

"მთავრობას აქამდე რომ გაეშვირა თითი ეროვნული ბანკისა და კომერციული ბანკებისკენ, ქვეყანა ასეთ მძიმე მდგომარეობაში არ ჩავარდებოდა. როდესაც უკვე შეეხნენ კომერციულ ბანკების გადარიცხვების საკითხს, დაინტერესდნენ მათ მიერ ქვეყნიდან ფულის გატანის პროცესებით, ამან ბანკებში გარკვეული შეშფოთება გამოიწვია. მათ გადაწყვიტეს ლარზე სპეკულაციური ზეწოლა შეაჩერონ. ეს ვერსია არ უნდა გამოვრიცხოთ და მას აქვს არსებობის უფლება", - ამბობს ლია ელიავა.

წყარო: „რეზონანსი“

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: