დეკანოზი ანდრია კემულარია: „დემონის სახით გამოდის ღმრთსიმშობლის წილხვედრი ქვეყნის წარმომადგენელი-რაღაც დაგვიჩლუნგდა სულში“
დეკანოზი ანდრია კემულარია, სოციალურ ქსელში "ევროვიზია 2015'' ეხმაურება:
„ცოტა ხნის წინ ვნახე ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენლის გამოსავლის სურათები. თავად ევროვიზია, როგორც ცნობილია, პოლიტიკური შოუა და იქ ნამღერი არ მსმენია ჰიტად ქცეულიყო. მაგრამ, ამაზე არაა საუბარი. დემონის სახით გამოდის ღმრთსიმშობლის წილხვედრი ქვეყნის წარმომადგენელი. მის გამოსვლას იწონებს ქვეყნის მოსახლეობა და აღიარებს, რომ ასეთი სახით ქვეყნის წარმოჩენა ეთამხება ერის შინაგან ორიენტირებს. იტყვის მავანი, ეფექტური სცენური სახეაო. არ არის ასე. ჩვენ იშვიათად ვფიქრობ სიმბოლიკაზე, მის გავლენაზე ადამიანსა და ერზე. ყოველ სიმბოლოს თავისი ზემოქმედება გააჩნია, გამოხატავს კონკრეტულ სულიერ ღირებულებას და, მეტიც, მის უკან კონკრეტული სულიერი ძალა დგას. ასე რომ არ იყოს, არ იქნებოდა ჩვენთვის ჯვრის ხატება სიწმინდე. როცა ვიწონებთ რაღაცას, ვეზიარებით იმას, რაც გამოიხატება, ვეთანხმებით იმას, როგორაც გამოიხატება. დემონური ხატება არ არის ის, რისი მორგება და მოწონება, თუნდაც ევროვიზიის მაგვარ სანახაობაზე, სიკეთეს მოუტანს საქართველოს. არადა, წესით, უცხოეთში შენი ქვეყნის საუკეთესო თვისებებსა და ღირებულებებს უნდა წარმოაჩენდე მაშინაც კი, როცა ეს იქ არავის ჭირდება. ყველაზე მეტად კი ის მაკვირვებს, რომ ამას ვერ ამჩნევს მრევლის ნაწილი. რაღაც დაგვიჩლუნგდა სულში“.