ლაშა ამირეჯიბი: „სააკას არ სძინავს! ფხიზლად უნდა ვიყოთ, რესპების აღორძინება ნაცების დაბრუნებას ნიშნავს!
ქვეყანაში შექმნილ სიტუაციზე, ბიძინა ივანიშვილისა და "ნაციონალების" ურთიერთობაზე „ივერიონს“ საკუთარ მოსაზრებებს უზიარებს ლაშა ამირეჯიბი:
„პოლიტიკური ნაბიჯები გადადგმულია, ანალიზის დრო დადგა. ამ ანალიზს დიდი ცოდნა არ უნდა, დაკვირვებაა საჭირო, ამიტომ ჩემს მოსაზრებებს გაგიზიარებთ.
აშშ-ს ელჩის, ბ-ნი ნორლანდის, ქმედებებით ჩვეულ ქართულ პოლიტიკურ არეულობას წერტილი დაესვა. რესპებს ჩააბარეს ჯარი, ეკოლოგია, შერიგებისა და სამოქალაქო, ანუ ზაქარეიშვილი. დაითვალეთ ახლა, ჭკვიანური მოქცევით, რამდენ ხმას წამოიღებს აქედან რესპუბლიკური პარტია. ის, რომ ხიდაშელი ბალეტკებითა და ნათხოვარი ქურთუკით ჯარისკაცების მწკვრივს ელაპარაკებოდა, შესანიშნავი მიზეზი იქნება მომავალი პიარისთვის. გაივლის ცოტა ხანი, გაერკვევა ხიდაშელი სიტუაციაში და მოძებნის ჩაცმის ვარიანტსაც, მომართვის ტექსტსაც და ხმის ტემბრსაც.
რესპები დიდი საქმის მკეთებლები არ არიან, მაგრამ პიარში მათ სააკიშვილი თუ გაუტოლდება. რამდენად დავუკავშიროთ ეს ცვლილებები ბ-ნი ნორლანდის აკვიატებას? დავაკვირდეთ, ამერიკელების ნაბიჯებს ამ ბოლო ორი წლის განმავლობაში. მათი პირველი მოთხოვნა - კოაბიტაციაა, რაც პოლიტიკური ნიშნით დევნას ააცილებდა ნაცებს. გემახსოვრებათ, რომ ივანიშვილმა პაუზა აიღო, აქცენტი გადაიტანა ეკონომიკურ და ყოფით პრობლემებზე. აშკარად დროს იგებდა, რადგან უვიცი პროკურატურა თითიდან გამოწოვილი ბრალდებებით ბობოლა ნაცებს დაერია. აი ამ დროს კი, ღია თამაშიდან გასვლა დიდი პოლიტიკური შეცდომა იყო. მთავრობაში დარჩენილებს ზოგს ცოდნა, ზოგს გამოცდილება, ზოგსაც პატიოსნება არ ეყო. ქვეყნის მართვის მაგივრად კინკლაობა, პროცენტომანია და "ხალიავა" პურმარილები დასცხეს. ნაციონალებმაც არ დააყოვნეს ამათი "წაქეზება" და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ: ლარი დაეცა, ფასები გაიზარდა, ხალხი აბობოქრდა. ამასობაში ელჩს ვადა ეწურება და ასეთ მდგომარეობაში ქვეყანას ვერ გადააბარებდა შემცვლელს. ვისზე უნდა დაედო ფსონი, თუ ოცნებამ "ჩაისვარა"? ალასანიას გუნდმა კი არა საქმიანი ოპონირება, არამედ პოლიტიკური კინკლაობა დაიწყო?
შეჩვეული ჭირი სჯობია შეუჩვეველსო! უკვე ვხედავთ სააკაშვილს კიევში, ბაქოსა თუ რიგის სამიტზე. გააცოცხლეს მომაკვდავი სული, მაგრამ ჯერჯერობით რესპების თვალთვალის ქვეშ. ახლა ხომ დაიჯერებთ, რომ უსუფაშვილ-ხიდაშელის ტანდემი კიევში სააკაშვილს შეხვდა. ძნელი მისახვედრი არც ის იქნება, რაზე მოილაპარაკეს.
ხიდაშელის დანიშვნის შემდეგ, ამერიკელებმა ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორება დაიწყეს. ამიტომ ლარის კურსსაც მყისიერად მიხედეს. ბევრისთვის უცნობია, რომ დოლარში ყველა გადარიცხვა ამერიკის ბანკების გავლით ხორციელდება. ინფორმაცია კერძო ბანკების სავალუტო გადარიცხვების თაობაზე, რასაც ეროვნული ბანკი არ ფლობს, ამერიკელებისთვის ცნობილია. როგორ ფიქრობთ, ტყუილად დაიწყებდა კალაძე "საქართველოს" და „თი-ბი-სი“ ბანკებზე ლაპარაკს? აბა ჰკითხეთ სპეციალისტებს, არსებობს თუ არა ვალუტის ასეთი ტემპით გამყარების რაიმე ეკონომიკური მაგალითები? ნორლადმა დაალაგა სიტუაცია და "სუფთა სინდისით" დატოვებს ქვეყანას. მაგრამ რჩება ერთი რამ, რაც არა მხოლოდ მე, არამედ მთელ საქართველოს აწუხებს: ამ ყველაფერში რა ადგილი მიუჩინეს ბიძინა ივანიშვილს?
ნაბიჯი, რომელიც ბიძინამ გადადგა და რესპების აღორძინებას შეუდგა, გარკვეულმა პოლიტიკურმა და არა მხოლოდ პოლიტიკურმა ვითარებამ გამოიწვია. დღეს როგორც არასდროს იგი უმძიმეს მდგომარეობაშია, რადგან დიდი წნეხის ქვეშ იმყოფება. დასავლეთის "კაპრიზის" არ შესრულების შემთხვევაში, სავარაუდოდ, მას აიძულებენ დათმოს ბევრი რამ. შესაძლოა ქვეყნიდანაც წასვლა მოუწიოს... გააჩნია რა შემოთავაზება ექნება მას და რას დათანხმდედა იგი. შეუიარაღებელი თვალითაც კი ჩანს, რომ ივანიშვილის როლი ახალ პოლიტიკურ სცენარში არ უნდა იყოს გაწერილი. ჩვენი "სტრატეგიული პარტნიორები" გამალებით ცდილობენ ივანიშვილის პოლიტიკური ველიდან გაწევას, რასაც თან მოჰყვება მისივე ხელითა და სურვილით მოყვანილი უნიათო და ცბიერი ხელისუფლება. ის ნებსით, თუ უნებლიეთ ბ-ნ ბიძინას საწინააღმდეგოდ, ზოგჯერ საბოტაჟის დონეზეც, მოქმედებს. ახლა დადგა განსაცდელის დღე ქართველებისთვის: ან მხარში უნდა ამოუდგეთ იმას, ვინც უზარმაზარი რისკის ფასად ქვეყანა იხსნა ნაცების 10 წლიანი ჯოჯოხეთისგან, ან მორჩილად მივყვეთ ნაციონალ-ბოლშევიკურ დინებას და ნეო-ლიბერალურ პრანჭვის აპოლოგეტებს მივაბაროთ ჩვენი შვილები. რესპების უკონტროლო გაძლიერებიდან ერთი ნაბიჯი რჩება ნაცების რეინკარნაციამდე. ანუ 2016 წლის არჩევნებზე შესაძლოა პარლამენტში ვიხილოთ რამოდენიმე პოლიტიკური დაჯგუფება "2%"-ნი რესპუბლიკელების თაოსნობით. ამიტომ მოსაფიქრებელია ჩვენი გადარჩენის ერთიანი გეგმა. პირველ რიგში მავანს უნდა გავაგებინოთ, რომ ხალხი იმით კი არ არის განაწყენებული, რომ ივანიშვილმა ვერ შესძლო ყველა საქართველოს მოქალაქისთვის თითო მილიონი ეფეშქაშა და ყველა საარჩევნო დაპირების შეესრულება, არამედ იმით, რომ იდიოტებს და უწიგნურებს ჩააბარა ჩვენი ქვეყანა სამართავად. ნაწყენები ვართ იმითაც, რომ მის მიერ მამა-სისხლად მოპოვებულ გამარჯვებას წიხლით ჯეგავს ფულზე დახარბებული უჯიშო პირუტყვი.
ბოლოს მინდა ერთი ამბავი შეგახსენოთ. მან, ერთმა კაცმა, სააკაშვილის სისხლიან რეჟიმს დაუსვა წერტილი! სააკას არ სძინავს! ფხიზლად უნდა ვიყოთ, რესპების აღორძინება ნაცების დაბრუნებას ნიშნავს! დავუმტკიცოთ მავანს, რომ ჩვენს გარეშე ჩვენ ბედს ვერავინ გადაწყვეტს!!!