მიზეზი რის გამოც ოთხეულმა „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა

მიზეზი რის გამოც ოთხეულმა „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა

"ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრები, პარტიიდან წასლის მიზეზებზე გავრცელებულ განცხადებაში საუბრობენ. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

 

„საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია რომ მე და ჩემმა სამმა კოლეგამ დავტოვეთ პოლიტიკური პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", საპარლამენტო ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და ყველა თანამდებობა პოლიტიკურ პარტიასა თუ საქართველოს პარლამენტში.

 

მინდა განმარტება გავაკეთო ჩვენს მიერ გადადგმულ ნაბიჯთან დაკავშირებით.

 

ენმ-იდან გასვლის ფორმამ და დრომ ბევრი ადამიანის გულისწყრომა გამოიწვია. ფორმა და დრო არ ყოფილა ჩემი და ჩემი მეგობრების შერჩეული. ჩვენ ვაპირებდით ჩვენი გადაწყვეტილება გაგვეზიარებინა იმ ადამიანებისთვის პარტიის შიგნით, ვისთანაც საქმიანი ურთიერთობა გვაკავშირებდა. მე მქონდა კონსულტაცია პარტიის ერთ-ერთ ლიდერთან, რომელმაც ითხოვა გარკვეული პერიოდი საერთოდ არ გამეხმაურებინა გადაწყვეტილება. ჩვენ პირობა დავიცავით. ინფორმაციის გაჟონვა და პროცესების დაჩქარება მოხდა ჩვენგან დამოუკიდებლად. ძალიან ვწუხვართ, რომ ვერ მოვასწარით იმ ადამიანებისთვის ჩვენი გადაწყვეტილების წინასწარ გაცნობა, რომლებთან ურთიერთობაც ჩვენთვის ძვირფასია.

 

რატომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება?

 

ჩვენ ვხედავთ რეალურ საფრთხეს, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში უმრავლესობით მოვიდნენ ღიად ან ფაქტობრივად პრო-რუსული ძალები.

 

ამ რეალობის შეცვლის შანსი ჰქონდა მხოლოდ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, ოპოზიციურ ძალას, რომელმაც გაუძლო წარმოუდგენელ წნეხს ოლიგარქის მარიონეტი მთავრობის მხრიდან, გადარჩა და აგრძელებს ბრძოლას. ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ ჩააბარა ორი უმნიშვნელოვანესი გამოცდა: 1. მშვიდობით გადააბარა ხელისუფლება დემოკრატიულ არჩევნებში გამარჯვებულ პოლიტიკურ ძალას და 2. არ დაიშალა, გადარჩა და შედგა როგორც ძლიერი, კომპეტენტური ოპოზიციური ძალა.

 

პოლიტიკური ძალის გადარჩენა მნიშვნელოვანია, მაგრამ არასაკმარისი მიზნის მისაღწევად. გამარჯვებისათვის საჭიროა პოლიტიკური მოძრაობის სრული განახლება და მეტი გახსნილობა. ეს ერთადერთი პირობაა საზოგადოების ნდობის დასაბრუნებლად. მარცხზე პასუხისმგებლობის აღება და პოლიტიკური მოძრაობის განახლება დამკვიდრებული პრაქტიკაა განვითარებული დემოკრატიის ქვეყნებში. მესამე გამოცდა ენმ-მა ვერ ჩააბარა. არადა სწორედ ეს არის დღეს საზოგადოების დიდი ნაწილის დაკვეთა.

 

ჩვენთვის არასოდეს ყოფილა მოტივაცია 2016 წლის არჩევნებში საპარლამენტო მანდატის მიღების იმედი (რაც, ჩემთვის, როგორც პარტიის აღმასრულებელი მდივნისთვის სავარაუდოდ გარანტირებული იყო). მეტიც, ჩემთან ერთად ენმ-იდან წამოსული არც ერთი კოლეგა არ აპირებს 2016 წლის არჩევნებში საპარლამენტო მანდატისთვის ბრძოლას, რადგან სჯერა რომ საზოგადოება სიახლეს ითხოვს.

 

რატომ ახლა და არა ადრე?

 

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო რომ პოლიტიკურ სპექტრში გადარჩენილიყო პოლიტიკური ოპოზიცია, რომელიც ღიად და მკაფიოდ დაუპირისპირდებოდა ქვეყნის მმართველ ოლიგარქს. განვლილი წლები იყო ძალიან რთული. ამ წლებში ჩვენ არსად გავქცეულვართ, არ დავღლილვართ და პრაქტიკულად ყოველთვის ვიყავით ბრძოლის წინა ხაზზე. არც ერთ ჩვენგანს, არც ერთხელ არ მოსვლია აზრად რომ ამ პერიოდში მიეტოვებინა ბრძოლის ველი სიმშვიდის თუ კეთილდღეობის სანაცვლოდ.

 

ჩვენ არც ახლა გავდივართ ბრძოლის ველიდან. ჩვენ ვართ იგივე პოზიციებზე, რაზეც აქამდე ვიდექით და გვყავს იგივე მოწინააღმდეგე - ტყუილებით ხელისუფლებაში მოსული ოლიგარქი, რომელმაც ქვეყანა კრიზისამდე მიიყვანა. მაგრამ დღევანდელი რეალობა არის განსხვავებული, 1.5 წელიწადში არის საპარლამენტო არჩევნები და სწორედ ამ მოწინააღმდეგის დასამარცხებლად საჭიროდ მიგვაჩნია პოლიტიკური სპექტრის ახლებურად გადანაწილება.

 

რას ვაპირებთ?

 

ჩვენ ვაპირებთ ბრძოლას; ბრძოლას ერთიანი საქართველოს ევროპული, დემოკრატიული მომავლისთვის; ბრძოლას იმისთვის, რომ ხელისუფლებას ჩამოვაცილოთ ოლიგარქი, რომელმაც გააჩერა ეკონომიკა, გააღატაკა მოსახლეობა და ჩამოშალა სახელმწიფო ინსტიტუტები. ჩვენ არ ვაპირებთ დროისა და ენერგიის ხარჯვას ყოფილ თანაპარტიელებთან დაპირისპირებაზე.

 

ჩვენ გვესმის რომ მოსახლეობას დღეს ეკონომიკური პრობლემები აღელვებს. ამიტომ ჩვენი მიზანია შევქმნათ ახალი, ღია პოლიტიკურ ცენტრი, მოვიზიდოთ და პოლიტიკურ პროცესში ჩავრთოთ პროფესიონალები. ჩვენ გვჯერა რომ ადამიანების თავისუფლების რადიკალური გაზრდა ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის მოთხოვნილებაა და სწორედ ამ გზით მიიღწევა საზოგადოების სწრაფი გამდიდრება. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საზოგადოებას შევთავაზებთ ეკონომიკური განვითარების ყველა კონკურენტზე თამამ, მაგრამ არაპოპულისტურ გეგმას. მხოლოდ ამ გზით წარმოგვიდგენია არაფორმალური მმართველობის დასრულება და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე დაბრუნება,"-ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: