პრემიების მანკიერი პრაქტიკა მყარდება-IDFI-ის რეკომენდაცია ხელისუფლებას
საჯარო მოხელეებზე ყოველთვიურად პრემიით დაჯილდოების მანკიერი პრაქტიკის, აგრეთვე კონკრეტულ თანამდებობის პირებზე დაუსაბუთებლად მაღალი პრემიების გაცემის შემთხვევებზე არსებული საზოგადოებრივი უკმაყოფილების კვალდაკვალ, საქართველოს მთავრობის დღის წესრიგში დადგა პრემიების გაცემის სისტემის დარეგულირება-უნიფიცირება. 2014 წლის 15 ივლისს საქართველოს მთავრობამ გამოსცა დადგენილება, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა პრემიის გაცემაზე უფლებამოსილი პირები, გაჩნდა პრემიის გაცემის დასაბუთების აუცილებლობა, გარკვეული შეზღუდვები დაწესდა პრემიის გაცემის პერიოდულობასა და ოდენობაზე. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საქართველოს მთავრობის დადგენილებით გარკვეულწილად დარეგულირდა მხოლოდ მთავრობას დაქვემდებარებულ უწყებებში პრემირების სისტემა, თუმცა აღნიშნულ დადგენილებაში არაფერი იქნა ნახსენები სახელფასო დანამატებზე, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით პრემიის მსგავსად საჯარო მოხელის დამატებითი ანაზღაურების ანალოგიურ საშუალებას წარმოადგენს. შესაბამისად, ფიქსირებული თანამდებობრივი სარგოების და პრემიების გაცემაზე დაწესებული შეზღუდვების პირობებში კონკრეტული უწყებებისათვის არსებული შრომის ანაზღაურების ფონდის ათვისების ერთადერთ ალტერნატივას სახელფასო დანამატების დაწესება წარმოადგენდა.
"საქართველოს მთავრობის მიერ პრემირების წესების შემოღების შემდგომ საჯარო დაწესებულებებში სახელფასო დანამატების გაცემის პრაქტიკის დანერგვაზე საუბარია აგრეთვე საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ სახელმწიფო აუდიტის მოხსენებაში. სახელმწიფო აუდიტის სამსახური ცალსახად აღნიშნავს, რომ 2014 წლის ივლისის თვის შემდგომ ადგილი ჰქონდა პრემიის დანამატით ჩანაცვლებას.
საქართველოში არსებული სახელფასო პოლიტიკის ზოგადი შეფასებისთვის, მნიშვნელოვანია აგრეთვე მონაცემები, რომელიც უკანასკნელ წლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან შრომის ანაზღაურებისათვის გაწეულ ხარჯებს ასახავს. როგორც ირკვევა, 2014 წელს შტატით გათვალისწინებულ თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების ყველაზე მაღალი ნიშნული ფიქსირდება 1 296 186 185 ლარი, რაც დაახლოებით 109 მილიონი ლარით აღემატება 2013 წლის შრომის ანაზღაურებაზე დახარჯულ თანხებს, ხოლო 247 მილიონი ლარით 2012 წლის მაჩვენებელს. მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ 2014 წელს 2013 წელთან შედარებით გარკვეულწილად შემცირებულია როგორც გაცემული სარგოების ასევე პრემიების ოდენობა, შრომის ანაზღაურების საერთო ზრდა, განპირობებულია სახელფასო დანამატებისა და წოდებრივი სარგოების მნიშვნელოვანი მატებით. კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ 2013 წელთან შედარებით 2014 წელს გაცემულია დაახლოებით 20 მილიონი ლარით ნაკლები პრემია, მკვეთრად იმატა სახელფასო დანამატის გაცემის საერთო ოდენობამ და 2014 წელს აღნიშნული მუხლით საჯარო სამსახურში გაიცა დაახლოებით 57 მილიონი ლარით მეტი დანამატი ვიდრე 2013 წელს.ამავე დროს, უკანასკნელ წლებში შტატგარეშე თანამშრომლების შრომის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2014 წელს ფიქსირდება - 127 609 429 ლარი, რაც 2013 წელს შტატგარეშე თანამშრომლებზე გაცემულ ანაზღაურებაზე 37 მილიონი ლარით მეტია.2014 წლის მიწურულს საქართველოში არსებული სავალუტო კრიზისის ფონზე, საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა ადმინისტრაციულ ხარჯებთან დაკავშირებით ქამრების შემოჭერის პოლიტიკის წარმოება. IDFI დაინტერესდა რამდენად აისახა 2015 წლის პირველ კვარტალში სამინისტროების თანამდებობის პირების შრომის ანაზღაურებაზე ე.წ. ქამრების შემოჭერის პოლიტიკა. იმ სამინისტროების მიხედვით, რომლებსაც საკუთარ ვებ-გვერდზე პროაქტიულად უზრუნველყოფილი აქვთ თანამდებობის პირთა შრომის ანაზღაურების შესახებ კვარტალური ინფორმაციის განთავსება, ირკვევა რომ ხშირ შემთხვევაში 2015 წლის პირველ კვარტალში თანამდებობის პირთა შრომის ანაზღაურება გაზრდილია 2014 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. მაგალითად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანამდებობის პირებზე გაცემული შრომის ანაზღაურება 2015 წლის პირველ კვარტალში 2014 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაზრდილია 222 573 ლარით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში - 129 203 ლარით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში - 33 478 ლარით, ხოლო სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში - 30 358 ლარით.
კვლევაში წარმოდგენილმა საქართველოს სამინისტროების, მათი დაქვემდებარებული უწყებების და დამოუკიდებელი საჯარო დაწესებულებების სახელფასო პოლიტიკის შესახებ ანალიზმა, ნათლად აჩვენა რომ საქართველოს საჯარო დაწესებულებებში შრომის ანაზღაურების სისტემა კვლავაც საჭიროებს მნიშვნელოვან დარეგულირებას. მიუხედავად იმისა, რომ 2014 წლის 15 ივლისს საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა საჯარო დაწესებულებებში პრემიების გაცემის წესი, როგორც კვლევაში წარმოდგენილი IDFI-ის მიერ შესწავლილი პრაქტიკა, ისე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებები, ცხადჰყოფს იმ ფაქტს, რომ მთავრობის აღნიშნული დადგენილება ვერ უზრუნველყოფს პრობლემის სრულად მოგვარებას. აღნიშნული დადგენილებით, რეგულაციები დაწესდა მხოლოდ საჯარო სამსახურში არსებულ პრემიებზე, რამაც განაპირობა მთელ რიგ დაწესებულებებში პრემიების სახელფასო დანამატით ჩანაცვლების ტენდენცია. შედეგად, მთავრობის რეგულაციების ფონზე, სხვადასხვა დაწესებულებების მაგალითზე, სახეზე გვაქვს შემდეგი პრაქტიკა:
სახელფასო დანამატების დაწესების ხარჯზე მთელი რიგი თანამდებობის პირების საშუალო ყოველთვიური შრომის ანაზღაურება უცვლელი დარჩა ან გაიზარდა.
ხშირია შემთხვევები, როდესაც კონკრეტული თანამდებობის პირის შრომის ანაზღაურება მნიშვნელოვნად აღემატება მისი ხელმძღვანელი თანამდებობის პირის შრომის ანაზღაურებას.
სხვადასხვა უწყების ერთსა და იმავე პოზიციაზე დასაქმებული თანამდებობის პირის შრომის ანაზღაურება მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან.
1. რეკომენდაცია :
ინსტიტუტი მიიჩნევს, რომ საკითხის დარეგულირების თვალსაზრისით მნიშვნელოვანია საკანონმდებლო დონეზე საჯარო მოხელეთა ანაზღაურების ყველა ასპექტის (სარგო, პრემია, დანამატი) დეტალური მოწესრიგება. მნიშვნელოვანია აღნიშნულ დეფინიციებს შორის განსხვავებების ფორმულირება და თითოეული მათგანის გაცემაზე უფლებამოსილი პირების, საფუძვლების, ოდენობის და პერიოდულობის განსაზღვრა. ამავე დროს, IDFI - ის აზრით, მნიშვნელოვანია, რომ საჯარო სამსახურში თანამდებობრივი სარგოებისა და პრემიების თუ სახელფასო დანამატების სისტემის ცვლილება არ იყოს ერთჯერადი ქმედება, არამედ განხორციელდეს საჯარო სამსახურის რეფორმის კონტექსტში. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 2014 წლის 1 ივლისს საზოგადოებას წარედგინა საჯარო სამსახურის ახალი რეფორმის კონცეფცია, რომლის შემუშავებაში IDFI აქტიურად მონაწილეობდა. ინსტიტუტი იმედს გამოთქვამს, რომ უახლოეს მომავალში აღნიშნული რეფორმის დაწყება ხელს შეუწყობს საქართველოში საჯარო სექტორში დასაქმებულ პირთა ანაზღაურების ეფექტური და კვალიფიციური სისტემის ჩამოყალიბებას.
2014 წლის 15 ივლისის საქართველოს მთავრობის დადგენილების მიხედვით, პრემიის გაცემის აუცილებელ პირობას მისი დასაბუთება და კონკრეტული საფუძვლების არსებობა წარმოადგენს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არსებული სამართლებრივი აქტების შესწავლა აჩვენებს შემდეგს :
პრემიებისა და სახელფასო დანამატების გაცემის საფუძვლებში ხშირ შემთხვევაში არ ხდება მითითება, თუ რა კონკრეტული გარემოებების გამო იქნა დაჯილდოებული კონკრეტული დასაქმებული.
ასევე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშიდან ირკვევა, რომ მხარჯავი დაწესებულებების 81%-ს არ გააჩნია თანამშრომელთა მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასების სისტემა.
2. რეკომენდაცია:
ინსტიტუტი მიიჩნევს, რომ თანამშრომელთა სამართლიანი წახალისებისათვის მნიშნელოვანია შესრულებული სამუშაოს შეფასების და თანამშრომელთა სამუშაო დროის აღრიცხვის სისტემების დანერგვა. მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა პრემიის მაქსიმალური ოდენობის ზედა ზღვარი და პერიოდულობა. თუმცა ფიქსირებული თანამდებობრივი სარგოების პირობებში, ფინანსური წლის დასაწყისში განსაზღვრული შრომის ანაზღაურების ფონდის ათვისებისათვის აუცილებელია პრემიისა თუ სახელფასო დანამატების დასაქმებულებზე ინტენსიური გადანაწილება. შესაბამისად, არსებული რეგულაციების ფონზე სახსრების ათვისებისათვის კონკრეტული უწყებებისათვის დღის წესრიგში დადგა პრემიის სახელფასო დანამატით ჩანაცვლება. დამატებითი ანაზღაურების ოდენობებთან და პერიოდთან დაკავშირებით პრაქტიკა აჩვენებს შემდეგს :
შრომის ანაზღაურების ფონდი დაწესებულების მიერ ფორმირდება ფინანსური წლის დასაწყისში, შესაბამისად დამტკიცებული საშტატო განრიგის ფონზე წინასწარ განსაზღვრულია სოლიდური თანხები პრემიებისა თუ სახელფასო დანამატების გასაცემად;
საკუთარი საქმიანობის შედეგად, მაღალი შემოსავლების მქონე დაწესებულებებს საშუალება ეძლევათ მეტი თანხების მობილიზება მოახდინონ შრომის ანაზღაურების ფონდში პრემიებისა თუ სახელფასო დანამატების გასაცემად;
საპრემიო და სახელფასო დანამატებისათვის გათვალისწინებული თანხები არაპროპორციულად ნაწილდება თანამდებობის პირებსა და სხვა დასაქმებულებზე;
ვხდებით შემთხვევებს, როდესაც კონკრეტულ თვეში გაცემული პრემიის თუ სახელფასო დანამატის ოდენობა თანამდებობრივ სარგოს ორჯერ ან მეტჯერ აღემატება;
დადგენილება დაშვებას აკეთებს კვარტალში ერთხელ პრემიის გაცემის, თუმცა მთელ რიგ უწყებებში კვარტალურად გასაცემ პრემიას სავალდებულო სახე აქვს მიღებული;
პრემიები გაიცემა უქმე დღეებთან (დღესასწაულებთან) დაკავშირებით;
ვხდებით შემთხვევებს, როდესაც ხელმძღვანელი თანამდებობის პირის მოტივირებული შუამდგომლობით ხდება კონკრეტულ თანამდებობის პირებზე გამონაკლისების დაშვება ყოველთვიურად;
ერთი ბრძანების საფუძველზე მთელი წლის განმავლობაში კონკრეტულ თანამდებობებზე უწესდებათ სახელფასო დანამატი.
3. რეკომენდაცია:
ინსტიტუტი მიიჩნევს, რომ საჯარო დაწესებულებების შრომის ანაზღაურების ფონდში პრემიებისა თუ სახელფასო დანამატების წილი იმ ნიშნულამდე უნდა იქნას დაყვანილი, რომ შესაძლებელი იქნას აღნიშნული ფონდიდან მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში განხორციელდეს თანამშრომელთა წახალისება.
ინსტიტუტი მიიჩნევს, რომ თანამშრომელთა წახალისება პრემიის სახით უნდა განხორციელდეს განსაკუთრებული დამსახურებებისათვის და საპასუხისმგებლო ფუნქციის შესრულებისათვის - მიღებული შედეგების გათვალისწინებით. ამასთან ინსტიტუტს ყოვლად გაუმართლებლად მიაჩნია თანამშრომელთა წახალისება კვარტალის დასრულებასთან თუ რომელიმე კონკრეტულ დღესასწაულთან დაკავშირებით. თანამშრომლებზე სახელფასო დანამატის გაცემა კონკრეტული მოხელის შემთხევაში უნდა უკავშირდებოდეს ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებას, რომელიც გამოიანგარიშება თანამშრომელთა სამუშაო დროის აღრიცხვის სისტემების დანერგვით. ამასთან, პრემიისა და სახელფასო დანამატის წილის შემცირებით წარმოქმნილი ეკონომიის ხარჯზე, სამართლიანობის პრინციპით, უნდა გაიზარდოს დასაქმებულ თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოები, რაც ხელს შეუწყობს დასაქმების ბაზარზე არსებული კონკურენციის გათვალისწინებით საჯარო დაწესებულებებში კვალიფიციური კადრების შენარჩუნებას და მოზიდვას,"-ნათქვამია განცხადებაში.