რა შუაშია აეროპორტი რუსთაველთან და რატომ უნდა დაერქვას მას ბესარიონ ქებურიას სახელი?!
მთავრობას ფრიად ორიგინალური გადაწყვეტილება მიუღია - საქართველოს საერთაშორისო აეროპორტს რუსთაველის სახელი მიენიჭება, რაც კიდევ ერთხელ „ცხადყოფს“ ქართული გენიის უკვდავყოფას.
საზოგადოებისთვის უცნობია, რა კრიტერიუმით ისარგებლა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, როცა ეს გადაწყვეტილება საჯაროდ გააჟღერა.
რუსთაველის ლიტერატურული პრემია გამიგია, რუსთაველის სახელობის თეატრიც მოსულა, მაგრამ რა შუაშია რუსთაველი საქართველოს აეროპორტთან, ნამდვილად არ მესმის!
არ ვიცი, ვის ტვინში მომწიფდა ეს იდეა, მაგრამ ქვეტექსტში რაღაც „თანამედროვე გაგება“ რომ იმალება, ფაქტია!
მახსოვს, წინა მოწვევის თბილისის საკრებულოში აეროპორტისთვის საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას სახელის მინიჭებაზე ერთი ალიაქოთი იყო ატეხილი - იდეის ავტორები კახა კუკავა და, თუ არ ვცდები, გიორგი გაბუნია იყო. საკრებულო ისე დაიშალა, გადაწყვეტილება ვერ მიიღეს. ახლანდელმა საკრებულომ კი, როგორც ჩანს, წინას გადაუჯოკრა.
ჯერ ერთი, რა აუცილებელია აეროპორტი რომელიმე სახელოვანი თანამემამულის, ან თუნდაც სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწის სახელს ატარებდეს, მითუმეტეს, პრეზიდენტის სახელთან ასოცირდებოდეს.
თუ ასეთი აუცილებლობა მსოფლიო პრაქტიკაში აპრობირებულია, მაშინ სამართლიანი იქნება საქართველოს აეროპორტს პირველი ქართველი მფრინავის და ავიაკონსტრუქტორის ბესარიონ ქებურიას სახელი დავარქვათ!
საკამათოც არაფერი იქნება და აეროპორტისთვის ქართველი გენიოსის სახელის დარქმევასთან დაკავშირებული უხერხულობებიც მოიხსნება.
თქვენი არ ვიცი და ჩემს ყურს ძალიან ეხამუშაება „რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტი“.
რას იტყვით, ხალხო?!
ანდრია ლისაშვილი