რას უწუნებენ პატრიარქს და რატომ დაუშვა უფალმა ჩვენთვის ეს განსაცდელი?!
15 ივნისი გლოვის დღედ გამოცხადდა საქართველოში!
უპირველესად, ვუსამძიმრებ ამ საშინელი ტრაგედისას გარდაცვლილთა ოჯახებს - უფალმა მათი სული სასუფეველში დაამკვიდროს. გლოვის დღეს პოლიტიკური შეფასებების დრო და ადგილი არის, მაგრამ აუცილებლად უნდა ვისაუბროთ იმ უპასუხისმგებლობასა და შეგნებულად ჩადენილ დანაშაულზე, რამაც ამდენი ადამიანური და მატერიალური ზიანი მიაყენა ჩვენს ისედაც გაძვალტყავებულ და ნიჰილიზმში ჩავარდნილ ქვეყანას!
სოციალური ქსელი გადაჭრელებულია ურთიერთგამომრიცხავი კომენტარებით: მიუხედავად იმისა, რომ კატასტროფით მიღებული შოკი საერთოა, ყველა თავისებურად ეძებს სტიქიით მიყენებული ტკივილისა თუ მატერიალური ზარალის გამომწვევ მიზეზებს: თუ ერთნი ბოროტების სათავეს „ნაციონალური“ ხელისუფლების ხუშტურებსა და სიხარბეში ეძებენ, მეორენი დღევანდელ ხელისუფლებას ადანაშაულებენ სრულ უმოქმედობასა და უუნარობაში და პირდაპირ აცხადებენ, რომ მათ წინამორბედების მიერ გამიზნულად გაფუჭებული საქმის გამოსწორებაზე ეზრუნათ, ტრაგედიას თავიდან ავიცილებდით. საქმე ისაა, რომ ყველამ კარგად იცოდა, მდ. ვერეს „ვიწრო არტახებში“ მოქცევა და ახალი გზის გაჭრა გეო-ეკოლოგიური თვალსაზრისით დედაქალაქს სერიოზულ პრობლემებს დღეს თუ ხვალ ნამდვილად შეუქმნიდა.
არსებობს საკმაოდ განსხვავებული მოსაზრებაც, რომლის თანახმადაც, უფალმა ეს განსაცდელი ჩვენი უღმერთობის გამო ჩვენსავე გამოსაფხიზლებლად მოგვივლინა!
თუ ვირწმუნებთ იმას, რომ ომები, სტიქიური უბედურებები, თუ სხვა ბუნებრივი კატაკლიზმები (ანუ, ზოგადად სამყარო) უფლისგან „იმართება“ და იგი კაცობრიობის „ჭკუაზე მოსაყვანადაა“ გამიზნული, არის ამ განსხვავებულ მოსაზრებაში ჭეშმარიტების მარცვალი.
ამ მოსაზრებას კიდევ უფრო ამყარებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის გუშინდელი ქადაგების ფრაგმენტი, სადაც იგი თბილისის ზოოპარკთან დაკავშირებით საუბრობს.
მისი უწმინდესობის თქმით, “ზოოპარკი ბოლშევიკებმა ეკლესიებიდან ჩამოხსნილი ზარების გადადნობის შედეგად მიღებული თანხებით ააშენეს და იქ ცხოველები ვერ გაიხარებენ“-ო!
საყურადღებო და დამაფიქრებელი განცხადებაა (ასეთ დროს იტყვიან ბაბუას, ნაჭამმა ტყემალმა შვილიშვილს მოკვეთა კბილებიო). ბუნებრივია, მისი უწმინდესობა ამ განცხადებას შემთხვევით არ გააკეთებდა!
ნაცვლად იმისა, რომ პატრიარქის ქადაგებაში მიზეზ-შედეგობრივი კავშირი დაენახათ, „ურწმუნო თომებმა“ მისი ოპონირება დაიწყეს და საქართველოს სულიერი საჭეთმპყრობელი „უპასუხისმგებლო“ განცხადების გაკეთებაში დაადანაშაულეს! მეტიც, ბრალი დასდეს, რომ თუ აქამდე იცოდა ბოლშევიკების ნაავკაცარი, რატომ ინახავდა დღემდე ამ საიდუმლოს?! ან მავანთა აზრით, რა შუაშია თბილისის ზოოპარკი უდანაშაულო ადამიანების ტრაგედიასთან?!
ნათქვამია, ურემი რომ გადაბრუნდა, გზა მერე მოიძებნაო. ახლა ძალიან ადვილია, ყველაფრის ვიღაცაზე გადაბრალება და განტევების ვაცის მოძებნა (თუმცა, გადასაბრალებელიც რა არის, როცა სააკშვილის ხელისუფლების პერიოდშიც სპეციალისტები კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ მდ. ვერეს „არტახებში“ მოქცევას და ახალი გზის გაჭრას)!
სამწუხაროდ, არავინ ამბობს, რატომ არ დადგა ფეხზე თბილისის მოსახლეობა და რატომ მისცა „აღმაშენებელ“ ხელისუფლებას ამის გაკეთების უფლება, თუ წინასწარ იყო ცნობილი მოსალოდნელ კატასტროფაზე?
მე ქედს ვიხრი იმ თანამოქალაქეების, განსაკუთრებით ახალგაზრდების წინაშე, ვინც ვაჟკაცურად დადგა კატასტროფის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების ჩასატარებლად, იმათ წინაშეც, ვინც მზადაა, როგორც შეუძლია დაეხმაროს უსახლკაროდ და ულუკმაპუროდ დარჩენილ თანამოქალაქეებს, მაგრამ, ერთი ლოგიკური კითხვა მიტრიალებს თავში და არ შემიძლია მოკრძალებულად არ დავსვა:
ნუთუ ტრაგედია უნდა დაგვატყდეს თავს, რომ ერთმანეთის გვერდით დავდგეთ და ერთმანეთი გავაძლიეროთ?
ნუთუ მარტო განსაცდელმა უნდა გვასწავლოს ერთმანეთის თანალმობა და სიყვარული, რომელიც ძალიან მალე ქრება ხოლმე და ყველაფერი ისევ ძველებურად გრძელდება?!
ნუთუ ისე უნდა დავშორდეთ უფალს, რომ ასეთი განსაცდელები გახდეს საჭირო ჩვენს გამოსაფხიზლებლად და გასაფრთხილებლად?
დღეს გლოვის დღეა - თითოეული ჩვენგანი ჭირისუფალია და ისე უნდა მოვიქცეთ, როგორც იმ უდანაშაულო ადამიანების სულებს ეკადრებათ, მაგრამ, დღევანდელი დღე ხვალვე არ უნდა დავივიწყოთ, რადგან ახალი ცოდვები და ახალი უღმერთობები ზეგ ისევ შეგვახსენებენ თავს!
ზაურ ნაჭყებია