ემუქრება თუ არა დედაქალაქს ეპიდემიის საფრთხე?
ეპიდემიის გავრცელების საფრთხე უსაფუძვლოა, - ამის შესახებ თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა ავთანდილ სუდაძემ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, სტიქიის ზონებში "მზიურის" პარკში და ზოოპარკში გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, რის შედეგადაც მოხდება ტერიტორიის დასუფთავება. შესაბამისად, სუდაძე ეპიდემიის გავრცელების საფრთხეს გამორიცხავს.
"გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. პრიორიტეტულ მონაკვეთებად დღეს ითვლება "მზიური" და ზოოპარკი. რაც შეეხება დანარჩენ ნაწილს, ძირითადი მონაკვეთები დასუფთავებულია, ეპიდემიის გავრცელების საფრთხეს მე პირადად უსაფუძვლოდ მივიჩნევ, რადგანაც ჯერ სულ ორი დღეა გასული რაც სტიქია მოხდა და მაქსიმუმ ორ დღეში მთლიანად მოხდება აღნიშნული ტერიტორიის დასუფთავება და მოწესრიგება, რაც ჩემი აზრით, ეპიდემიის გავრცელებას გამორიცხავს", - განაცხადა ავთანდილ სუდაძემ.
ამასთან, ზოოპარკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა მზია შარაშიძემ განაცხადა, რომ ეპიდემიის გავრცელების რისკი არსებობს, რის შესასწავლადაც უცხოეთიდან არიან სპეციალისტები ჩამოსულები.
"დღეს ჩამოვიდა ორი დელეგაცია ისრაელის და პრაღის ზოოპარკებიდან, რომლებსაც აქვთ გამოცდილება სტიქიური უბედურების ზონაში მუშაობის. ისინი აბსოლუტურად აღჭურვილები ჩამოვიდნენ ტექნიკურად, მათ დაიწყეს მუშაობა და ვოლიერებიდან დამხრჩვალი ცხოველები გამოჰყავთ. მესამე დღეა ეს ცხოველები აქ იმყოფებიან და შესაბამისად, უკვე არსებობს ინფექციის გავრცელების რისკი. რა თქმა უნდა, ეს ადამიანები გამოცდილები არიან და უსაფრთხოების წესების გათვალისწინებით მუშაობენ", - განაცხადა მზია შარაშიძემ.