14 ივნისის ტრაგედია - კიდევ ერთი განსაცდელი თუ ანტიხალხური პოლიტიკის შედეგი?!
ამ რამდენიმე დღის წინათ „ივერიონში“ დაიბეჭდა ინტერვიუ სვეტიცხოვლის ტაძრის დეკანოზთან, მამა პეტრე კვარაცხელიასთან სათაურით, „მთავარია, რას ვისწავლით ამ უბედურებისგან!“
სხვათაშორის, ინტერვიუს მკითხველთა მძაფრი გამოხმაურებები მოჰყვა: თუ ერთნი სრულად იზიარებენ სასულიერო პირის მოსაზრებებს დედაქალაქში დატრიალებულ ტრაგედიაზე, მეორენი მღვდელმსახურს უფრო თავშეკავებისკენ მოუწოდებენ. მეტიც, ისინი მიიჩნევენ, რომ სასულიერო პირი საეკლესიო თემებზე ასე გამომწვევად არ უნდა საუბრობდეს, მითუმეტეს, პოლიტიკურ აქცენტებს არ უნდა აკეთებდეს!
არიან ადამიანები, რომლებიც ზემოთ ჩამოთვლილ არც ერთ კატეგორიას არ ეკუთვნიან, რადგან, მიაჩნიათ, რომ სასულიერო პირი მრევლს სახარების ენაზე უნდა ესაუბრებოდეს და გამოსავალსაც საეკლესიო სწავლებიდან პოულობდეს. ანუ, ან ერში უნდა იყოს, ან საეკლესიო იერარქის მანტიით შემოსილი საერო განცხადებებს უნდა მოერიდოს!..
საზოგადოება მამა პეტრე კვარაცხელიას მისი გულწრფელი პოეზიით და არაორდინალური ფეისბუქსტატუსებით იცნობს. ასევე არაორდინალური და ხშირად სასულიერო პირებისთვის უჩვეულია მისი ინტერვიუებიც, მაგრამ, იმის გამო, რომ მღვდელის კაბითაა შემოსილი, როგორც ამ ქვეყნის შვილს საკუთარი აზრების გამოთქმა არ უნდა დავუშალოთ, მითუმეტეს, თუ ეს აზრები რეალობასთან ახლოსაა.
მამა პეტრეს ინტერვიუს შინაარსს ხელახლა არ მოვყვები, მისი სათაური იმდენად დამაფიქრებელი და დამაინტიგებელია, სჯობს საუბარიც ამ მიმართულებით წარიმართოს!
რაც ამ ბოლო დღეებში მოხდა, ეს ნამდვილი ტრაგედიაა. მითუმეტეს, ისეთი მცირერიცხოვანი ერისთვის, როგორიც საქართველოა, მაგრამ უფრო დიდი განსაცდელი გველოდება წინ, თუ ამ უბედურებისგან, როგორც მამა პეტრე ამბობს, ვერ ვისწავლეთ, ანუ სათანადო დასკვნები არ გამოვიტანეთ.
რა იგულისხმება სწავლებაში?
ვიდრე ამ კითხვაზე ვუპასუხებდეთ, უპრიანია გავიხსენოთ ის ფეისბუქსტატუსები თუ მედია-შეფასებები, რომლებიც 14 ივნისის ღამის ტრაგედიას მოჰყვა.
მართლმადიებელი მრევლის ნაწილი ამ საბედისწერო მოვლენასა და ჩვენს სულიერ მდგომარეობას შორის პირდაპირ კავშირს ხედავს და არაორაზროვნად აცხადებს, რომ რაც დავთესეთ, იმას ვიმკით, ანუ ჩვენ ძალიან დავშორდით მაცხოვარს და ეს განსაცდელიც ამიტომ მოგვივლინა!..
მიუხედავად იმისა, რომ საეკლესიო პირები ამ მოსაზრებას ბოლომდე არ ეთანხმებიან (ისინი ამბობენ, რომ უფალი მოსიყვარულეა და არა დამსჯელი და იგი თავის ქმნილებას ასე არ გაწირავს), მათ კომენტარებში მაინც იგრძნობა, რომ ვინაიდან ქართველი ერი სულიერი დეგრადაციის გზას დაადგა, ქვეყანა სავსეა ვერცხლისმოყვარეებით და სულგაყიდულებით (რომლებიც მზად არიან გროშების ფასად უარი თქვან საკუთარ იდენტობაზე) ფართო გასაქანი მიეცა შურსა და უსიყვარულობას, აქედან გამომდინარე, ასეთი ბუნებრივი კატაკლიზმები არ უნდა გვიკვირდეს!
საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ამ მოსაზრებას არ ეთანხმება - ოპონენტები მიიჩნევენ, რომ დავუშვათ ეს ყველაფერი ასეა, მაგრამ ურჯულოების გამო რატომ ისჯებიან უდანაშაულო ადამიანები? (მე კი ის მიკვირს, როგორ გვითმენს ამდენს უფალი?!). საეკლესიო სწავლებით, ყველამ ხომ საკუთარ დანაშაულზე უნდა აგოს პასუხი?!
ნამდვილად ასეა, მაგრამ სახარებიდან ისიც ვიცით, თუ რის გამო აღგავა პირისაგან მიწისა უფალმა სოდომ-გომორი და რამდენი მართალი ადამიანი მოჰყვა ამ საშინელი ვერდიქტის დროს!
თუმცა, ჩვენ არასდროს არ გვინდა დავიჯეროთ ის, რაც ხელს არ გვაძლევს!
მოდით, ახლა ტრაგედიას სხვა კუთხიდან შევხედოთ - რამ გამოიწვია ის ღვარცოფი, რომელმაც წალეკა ირგვლივ ყველა და ყველაფერი?
ის, რომ ბუნებრივი კატაკლიზმებისგან დაზღვეული დედამიწის ზურგზე არცერთი ერი და არცერთი ქვეყანა არ არის, ცხადია და აქედან გამომდინარე, შეიძლება ესეც მორიგ კატაკლიზმად მივიჩნიოთ, მაგრამ არსებობს მთელი რიგი ფაქტორები, რომლებიც მოსალოდნელი კატასტროფების პრევენციას ემსახურებიან.
იმაზე კამათი, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლებოდა თუ არა ადამიანური და მატერიალური ზარალის შემცირება 14 ივნისის ღამეს, შორს წაგვიყვანს, მაგრამ თავის დროზე პრევენციული ზომების გატარება რომ აუცილებელი იყო, ცხადია.
ისმება კითხვა: რა აუცილებლობით იყო ნკარნახევი ახალი გზის გაჭრა მდ. ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე, მაშინ, როცა მე-20 საუკუნის 60-იან და 90-იან წლებში ანალოგიური ღვარცოფის სახით ამის მწარე მაგალითი არსებობდა? რატომ არ გაითვალისწინეს „ნაციონალების“ მამამთავრებმა სპეციალისტთა აზრი, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ ამ ფერდობის გაჭრა და ახალი გზის გაყვანა დამატებით პრობლემას შეუქმნიდა გეოლოგიურად და ეკოლოგიურად ისედაც საშიშ ზონას? რატომ არ ათხოვეს ყური ქართველ არქიტექტორებს, რომლებიც ასაბუთებდნენ, რომ გმირთა მოედანზე ესტაკადის მშენებლობა მიზანშეწონილი არ იყო?! რატომ უნდა მოგვეწვია საზღვარგარეთიდან თბილისის გეო-ეკოლოგიურ ნიუანსებში ჩაუხედავი არქიტექტორები, მაშინ, როცა ქართველი არქიტექტორები სასწაულებს ახდენენ იგივე საზღვარგარეთ?!
ვინ გაყიდა, ან ვინ დააკანონა მდ. ვერეს ჭალაში სასაფლაოების მოწყობა, რომელიც 14 ივნისს მოვარდნილმა ღვარცოფმა იავარქმნა? რატომ დაუშვეს იქ საცხოვრებელი სახლების მშენებლობა, რომელმაც ადამიანების სიცოცხლე შეიწირა?!
აქ მარტო „ნაციონალების“ და კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილის ხუშტურებთან არა გვაქვს საქმე - გაცილებით დიდი დანაშაული ჩვენც - საზოგადოებასაც მიგვიძღვის, რომლებსაც ქართული ანდაზა „სხვისი ჭირი, ღობეს ჩხირი“ კარგად გვაქვს „მორგებული“ და არასდროს იმაზე არ ვფიქრობთ, რომ ჩვენი სისხლის და ხორცის ჭირი ჩვენს ჭირად იქცევა ხოლმე!
მივესალმები ამ კრიტიკულ მომენტში თანამოქალაქეთა (განსაკუთრებით, ახალგაზრდების) ერთსულოვნებას, მაგრამ მიმაჩნია, რომ ამის გაფეტიშება არ შეიძლება. ასეთ სიტუაციაში ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეებიც ასე იქცევიან და ეს შინაგანი მზაობა გაჭირვების ჟამს ადამიანის ბუნებაში დევს.
მე უფრო ის მაინტერესებს, როგორ მოვექცევით ერთმანეთს ჭრილობის მოშუშების შემდეგ - დავდგებით თუ არა ისევ ერთად და ვიქნებით თუ არა საკუთარი ქვეყნის, საკუთარი მომავლის ჭეშმარიტი გულშემატკივრები? ვაიძულებთ თუ არა ჩვენს მიერ „არჩეულ“ ხელისუფლებას აკეთოს ის, რაც ევალება და ჩვენი შეუპოვრობით და თანმიმდევრულობით გავაჩენთ თუ არა მათში პასუხისმგებლობის გრძნობას საზოგადოების წინაშე?!
თუ მარტივად ვიტყვით, არც ერთი ხელისუფლება არ უქნია ღმერთს, მაგრამ იქ, სადაც საზოგადოების აქტიურობის დონე მაღალია, სადაც ადამიანებმა ზედმიწევნით იციან თავიანთი უფლება-მოვალეობები, ხელისუფლების სიხარბე და უპასუხისმგებლობაც გაცილებით დაბალია!
ბევრი განსაცდელი და უბედურება დასტყდომია თავს ჩვენს მრავალჭირნახულ საქართველოს, მაგრამ სათანადო დასკვნები, სამწუხაროდ, არასდროს არ გამოგვიტანია.
ისევ მამა პეტრეს დავესესხები და მეც ვიკითხავ: ვისწავლით რამეს ამ უბედურებისგან?!
P.S. მიზეზების და დამნაშავეების ძიებას არავინ გვიშლის, ეს ყოველ შემთხვევისთვის პრევენციისთვის საჭიროა, მაგრამ, მთავარია, იმ მიზეზების განეიტრალება, რომლებმაც ეს საშინელი ტრაგედია დაგვატეხეს თავს.
კიდევ ვიმეორებ: სტიქიური უბედურებებისგან დაზღვეული არავინ არ არის, მაგრამ ამის პროვოცირება ხომ ბუნებისადმი ბარბაროსული დამოკიდებულებით, არასწორი ცხოვრების წესით, ადამიანური სიხარბისა და მომხვეჭელობის მიზეზით ხდება?
ვნახოთ, რა დასკვნებს გამოვიტანთ, რომ უფრო საშინელი განსაცდელის წინაშე არ დავდგეთ!
ზაურ ნაჭყებია