რა შუაშია მარჯვენასაჭიანი მანქანების აკრძალვა რუსთავის ბაზრობასთან და როგორ გაუყოფენ წილს მერაბიშვილს და უგულავას?!

რა შუაშია მარჯვენასაჭიანი მანქანების აკრძალვა რუსთავის ბაზრობასთან და როგორ გაუყოფენ წილს მერაბიშვილს და უგულავას?!

საკამათო და ათასგვარი ეჭვის საბაბი გახდა თბილისის მერის ახალი ინიციატივა მარჯვენასაჭიანი მანქანების აკრძალვისა და მისი შემდგომი „დაკრძალვის“ ხარჯზე მარცხენასაჭიანებისთვის თბილისში ნარნარად მოძრაობის შესახებ. 

 

ნარმანიას ოცნების გაჟღერება დასრულებული არ ჰქონდა, თბილისის საკრებულოდან რომ „დაუპადაჩეს“: „მარჯვენასაჭიანი ავტომობილებით მოძრაობის აკრძალვის შემთხვევაში აკრძალვა არ შეეხება იმ მძღოლებს, ვისაც უკვე ჰყავს მარჯვენასაჭიანი ავტომანქანა, - თბილისის საკრებულოს ურბანული კომისიის თავმჯდომარე გოჩა ბაბუნაშვილის თქმით, - ჯერ აღნიშნულ აკრძალვაზე საუბარი ძალიან ნაადრევია, რადგან დღის წესრიგში სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის თემა დგას“. 

 

ხედავთ რაშია საქმე? მერს მარჯვენა მხარე სტკივა, საკრებულოს დეპუტატს მარცხენა, აბაა, ასეა, ასე „სიყვარულს რას გაუგებ, ჩემო ოლღა“...

 

ეს რაც ახლა ხდება, როგორც იტყვიან, „არ ახალია, ძველია“, საკითხავი კი აი, ეს არის: რატომ ვერ გასცდა ქართული ოცნება „ნაციონალური მოძრაობის“ ორბიტას, რატომ გავდივართ უკვე ათასგზის გავლილ-გატკეპნილ გზას? 

 

მერი ამბობს აიკრძალოსო, დეპუტატი ამბობს არც ეგრეა საქმეო და ხალხი, გინდ მარჯვენა და გინდ მარცხენა ბეჭამოვარდნილი, ჭრელი პეპელა ხომ არაა, არც გაფრინდეს და არც მოფრინდეს? ან რამდენჯერ უნდა ვუყუროთ სპექტაკლს?!

 

ფაქტია: მანქანა მავანისთვის „სამარიაჟოა“, მავანისთვის გადაადგილების აუცილებელი საშუალება, მავანისთვის კი ბიზნესი. 

 

აი, მაგალითად, ჯერ კიდევ შევარდნაძის პერიოდში იმჟამინდელმა არამოტივირებულმა და ორლარიანმა „გაიმ“ საერთაშორისო მართვის მოწმობების შემოტანა რომ გადაწყვიტა, მეორე ფრთად შალვა ოგბაიძე მოევლინა სამყაროს - „გაის“ ინტერესებს გია ცაგარეიშვილი იცავდა და ახლა თუ ოგბაიძეს ან ცაგარეიშვილს არ ახსოვთ, ჩვენ გვახსოვს „ახალი თაობის“ ფურცლებზე მათი „დუელი“: იქით „გაი“ იძახდა, ჩვენ ვართ კომპერენტურებიო, აქით ოგბაიძე

 

ოგბაიძე ამბობდა, „გაის“ ფულის კეთება უნდაო, ცაგარეიშვილი პირიქით „ამტკიცებდა“. საბოლოოდ მხარეები „ახალი თაობის“ გარეშე შერიგდნენ თუ გარიგდნენ, თემა მომენტალურად ჩაკვდა და „პრავების“ „გაპრავება „გაის“ ფუნქციებში დარჩა. 

 

მერე იყო ვარდების ე.წ. რევოლუცია და პირველი ვისაც წირვა გამოუყვანეს, ორლარიანი და ღიპიანი „გაიშნიკები“ იყვნენ, „პრავა“ „პრავად“ დარჩა და მარჯვენასაჭიანი მანქანების თემა წამოვიდა წინა პლანზე. 

 

ახლა ისიც უნდა გავიხსენოთ, თუ რა ინიციატივით გამოვიდა ბატონი ბესო ჯუღელი. დეპუტატი, როგორც ჩანს, საბჭოურს ვერაფერს იტანდა და ძველ მანქანებს „მიახტა“: თბილისს ჟიგულები არ ეკადრება და ჯართში ჩააბარეთო. ატყდა ერთი ამბავი - შედეგად ჟიგულები დღესაც დადის ქალაქში, ჯუღელი კი დამარცხებას არ შეეგუა, ჯერ საკუთარ სოფელს შეუცვალა სახელი, შემდეგ კი გაჭირვებული ვარო თავი შეაცოდა საკუთარ პარტიას და ბიუჯეტის ხარჯით გერმანიაში წავიდა სამკურნალოდ... 

 

ახლა სადაა არ ვიცით, მაგრამ არ გამოვრიცხაცთ, ისევ დაუბრუნდეს „დაჩაგრულ თემას“. ამის შემდეგ მაღალხარისხიანი ხელისუფალი გლდანის ავტომანქანების ბაზრობას მიადგა. რუსთავში ხშირად ხედავდნენ მერაბიშვილს, კეზერაშვილს, კოდუას, ახალაიას და როგორც მაშინ ჭორად ამბობდნენ, ახლა კი დადასტურებულად გაიძახიან, მანქანების ბაზრობაში სწორედ მათი ინტერესები დევს!

 

ბაზრობის გადატანის შემდეგ მარჯვენასაჭიანი მანქანების აკრძალვის საკითხი დაისვა. ხელისუფლების ინიციატივასაც ამჯერად შალვა ოგბაიძე დაუპირისპირდა, მითუმეტეს, რადგან რუსთავში მისი ფედერაციის (რომელიც ნინო ბურჯანაძემ მოკლევადიანი მეორე რიგის პრეზიდენტობის ვადის მიუხედავად, მოასწრო და აჩუქა ფედერაციას) მიწებს შეექმნა საფრთხე, მიშამ სწორედ მაშინ მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, ეს იყო 2006 წელს: 

 

უპირველესად აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი გამოვიდა საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატივით, სადაც ვკითხულობთ: „წარმოდგენილი კანონპროეტის მიზანია, ხელი შეუწყოს ავტოტრანსპორტის უსაფრთხო მოძრაობას, აღმოფხვრას საჭის მარჯვენა მხარეს მქონე ავტომანქანების ექსპლუატაციისას ავარიული სიტუაციების წარმოქმნის ხელშემწყობი გარემოებები. კანონპროექტის ძირითადი არსი წარმოდგენილი კანონპროექტით დამატება შედის „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლში, რომლითაც იკრძალება საჭის მარჯვენა მხარეს მქონე ავტომანქანების ექსპლუატაცია ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. აღსანიშნავია, რომ მოძრაობის საპირისპირო მხარეს არსებული საჭიანი ავტომანქანით მოძრაობა აკრძალულია დიდ ბრიტანეთში, აზერბაიჯანში, სლოვაკეთში, ვიეტნამში, ჩინეთსა და სხვა ქვეყნებში. მოძრაობის საპირისპირო მხარეს არსებული საჭიანი ავტომანქანით მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ ტურისტებისა და დიპლომატიური მისიის კუთვნილი ავტომანქანებისთვის, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან საზღვარგარეთ. წარმოდგენილი ნოვაციით ცვლილებას განიცდის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 119-ე მუხლი, რომელსაც ემატება 21 ნაწილი, შემდეგი რედაქციით: „იმ სატრანსპორტო საშუალებათა მართვა, რომელსაც საჭე აქვთ მარჯვენა მხარეს _ გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით და მართვის უფლების ჩამორთმევას ერთი წლის ვადით. ავტოსაგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დონის ამაღლების მიზნით, დამატება შედის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 119-ე მუხლის მე-2 ნაწილშიც და ჯარიმის სახით ადმინისტრაციული სახდელი წესდება სახელმწიფო სტანდარტისადმი შეუსაბამო საქარე ან გვერდითი მინების დამუქების მქონე სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისათვის“. 

 

ამას მოჰყვა: საქართველოს კანონი  „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ”, საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე”. 

 

მუხლი 1. 

„საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 1999 წ. #22 (29)) შეტანილ იქნას შემდეგი დამატება: 

 

კანონის მე-12 მუხლს _ სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის აკრძალვა_დაემატოს სიტყვები `ასევე საჭის მარჯვენა მხარეს მქონე”..., აგრეთვე დაემატოს შენიშვნა და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

 

„მუხლი 12. 

სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციის აკრძალვა აკრძალულია ტექნიკურად გაუმართავი, ასევე საჭის მარჯვენა მხარეს მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაცია, რომელიც ქმნის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების საშიშროებას.  

 

შენიშვნა: საქართველოს ტერიტორიაზე დასაშვებია მხოლოდ ტურისტებისა და დიპლომატიური მისიის კუთვნილი საზღვარგარეთ რეგისტრირებული მოძრაობის საპირისპირო მხარეს მქონე საჭიანი ავტომანქანების ექსპლუატაცია, რომლებიც საქართველოს საზღვრის გადმოკვეთისთანავე გაივლიან ტექნიკურ შემოწმებას და წინა და უკანა საქარე მინებზე გაუკეთდებათ შესაბამისი დროებითი გამაფრთხილებელი წარწერა, რისთვისაც მფლობელი წარადგენს ორმოცდაათლარიან ქვითარს.” 

 

მუხლი 2. 

ეს კანონი ამოქმედდეს პირველი ივლისიდან. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი“. 

 

აჰა, ესაა მოცემულობა, რომელიც მაშინ არავის გაუპროტესტებია. მობეზრდათ ალბათ ტყუილად ლაყაფი, თორემ დღეს როგორც ვარკვევთ ხომ ყველანი გმირები ყოფილან და როგორ დანებდებოდნენ ტირანიას?!



ეს იყო ადრე. 

 

რა ხდება ახლა რეალურად და რამ გაახსენა ნარმანიას მარჯვენასაჭიანი მანქანები? შეიძლება თუ არა მართლაც განიტვირთოს ქალაქი თუკი ეს მანქანები აღარ ივლიან ქუჩებში? 

 

ეს ის კითხვებია, რომელსაც კომპეტენტურმა (ჩვენში ასე მოდაში შემოსულმა სტატუსმა - ექსპერტმა) უნდა გასცეს პასუხი, მაგრამ, როცა საქმე ავტომობილს ეხება, ვფიქრობთ, ამ შემთხვევაში, პროფესორს არ უნდა დავუსვათ კითხვა. ამ საქმეში ყველაზე დიდი ექსპერტი მაინც გამოცდილი მძღოლია. 

 

მოკლედ, ვიდრე მარჯვენასაჭიანი მანქანების პრობლემებზე და ზოგადად ამ თემის წამოწევაზე ვისაუბრებდეთ, უპრიანი იქნება ერთი ფეისბუქმომხმარებლის ლევან პირველის ვფიქრობ საინტერესო მოსაზრება გაგაცნოთ: 

 

„მარჯვენა საჭიანი მანქანების ექსპლუატირება უნდა აიკრძალოს საქართველოში, ან თუ მარჯვენა საჭიანი მანქანების რაოდენობა მიაღწევს რაოდენობრივად 51%-ს, მაშინ უნდა დადგეს საკითხი საქართველოში მოძრაობის მხარის შეცვლის შესახებ და პირიქით აიკრძალოს მარცხენა საჭიანი ავტომობილებით გადაადგილება. ტექნიკურად და უსაფრთხოების ნორმების დაცვის გათვალისწინებით მარჯვენა საჭიანი ავტოები ყოვლად მიუღებელია მარცხენა საჭიანი მაქანებისთვის განკუთვნილი მხარის მოძრაობისთვის, რის ტექნიკურ ახსნას შევეცდები... 

 

1) მარჯვენა საჭიანი ავტომობილის განათების სისტემა არის მოწყობილი ისე რომ (კონცეტრირებულად ანათებს მარცხნივ, როცა მარცხენა საჭიანები ანათებენ მარჯვნივ) ჩვენს შემთხვევაში ის იწვევს დისკომფორტს მძღოლისთვის, აწუხებს შემხვედრი მანქანის მძღოლს, "აბრმავებს", რამაც შეიძლება შეჯახების პროვოცირებაც გამოიწვიოს და ძალიან ღლის თვალს. ამ ნიუანსის გასწორება არ ხერხდება, მცდელობა კი შეიძლება, "თეგეტა მოტორსში" შეძლებისდაგვარად გაგისწორებენ ე.წ. ფოკუსს. მთლიანად აღმოსაფხვრელად პრობლემის, საჭიროა ფარების შეცვლა, მარცხენა საჭიანი მანქანებისთვის გამოშვებულ ფარებზე, რაც საკმაოდ ძვირი დაჯდება. 

 

2) მგზავრის ჩასხდომა და გადმოსხმა ხდება გზის სავალ ნაწილზე, რაც ყოვლად დაუშვებელია, მითუმეტეს როცა მცირეწლოვანი ან ასაკში შესულ ადამიანებთან გვაქვს საქმე. ისენი არ არიან მძღოლები და არ არიან ვალდებულები ყურადღებით იყვნენ, სარკეში გაიხედონ და გამოიჩინონ სათანადო სიფრთხილე. 

 

3) მარჯვენა საჭიან ავტომობილებში სავარძლების სამართავი სისტემა (ელექტრო ან მექანიკური) მოწყობილია ისე, როგორც უნდა იყოს. მძღოლის სავარძელი სხვანაირია და თუ გადაკეთდება მანქანა, ის რჩება მეორე მხარეს მგზავრისთვის. ასევე სხვანაირად გადაიკეცება მარჯვენა და მარცხენა სავარძლები, როცა მანქანა 2 კარიანია და უკან მგზავრის ჩასხდომის ან გადმოსვლის აუცილებლობააა.. ასევე დაახლოებით 10 წლიანი ხმარების პერიოდის კვალი ატყვია მძღოლის სავარძელს, ანუ ის "დამჯდარია", რაც გადატანის დროს რჩება მგზავრის მხარეს და ხდება უხერხული, ისედაც ქარხნული წესითაც ხომ სხვანაირებია წინა სავარძლები.. 

 

4) უკანა სანათებშიც განსხვავებაა, სადაც ნისლსაწინაღმდეგო თუ ერთი აყენია, ის იქნება სხვა მხარეს, რაც ნისლში შეცდომაში შეიყვანს უკან მომავალ მძღოლს, ისევე როგორც უკანა სვლის თეთრი მაშუქი, თუ ერთ ცალიანია

 

5) უსაფრთხოების ბალიშებია განლაგებული სხვანაირად, ბალანსია გასწორებული სხვანაირად, წონასწორობაა სხვანაირად გათვლილი... ტყუილია როცა წერენ სარეკლამო გზავნილებში, რომ ქარხნულად გადავაკეთებთო, გამორიცხულია, ფაქტიურად არ გადაკეთდება მანქანა, არა! 

 

ჟანგვასაც მალე იწყებს, ვინაიდან, არ იფარება სპაციალური სითხეებით შენადუღები ადგილები, განსაკუთრებით პედლების ადგილას, სადაც მეტი სინოტივეა და ხშირად სველდება ქვევიდან. პრობლემები აქვს გადაკეთებულ კონდიციონერს და სავალ ნაწილებსაც.. რამდენი ვთქვა, არ არის საკმარისი? ეს არის სერიოზული პრობლება და უნდა გადაწყდეს ისე, რომ არ დაზიანდეს იმ ადამიანების უფლებები, ვისაც ჰყავს მარჯვენა საჭიანი ავტომობილი“. ეს ისაა, რასაც ფიქრობს მძღოლი. 

 

მოკლედ, სქემა იგივეა: მერიას ჯერ მარჯვენა მხარე ატკივდა, შემდეგ რუსთავის ბაზრობის 30 მილიონად შესაძლო გაყიდვის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია და ახლა ალბათ მალე იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე დაიწყება საუბარი, რაც ზემოთ წაიკითხეთ. 

 

ზოგადად, ცუდი კი არაა დინების საწინააღმდეგოდ მავალი მანქანა რომ აღარ ივლის ქუჩაში, ცუდი ისაა, რასაც კულუარებში ამბობენ. 

 

მოკლედ, როგორც ამბობენ, საქმე ისაა რომ მალე კერძო მანქანების გაყიდვა (ბაზრობა) შესაძლოა აიკრძალოს და ეს ფუნქცია მთლიანად ავტო-ჰაუსებს დარჩეს. ეს თუ მოხდება, ჯუღელის ოცნება ახდენილია და ეგაა, ქალაქს არ დააუშნოებს ძველი მანქანები. 

 

მეორე, კერძო მფლობელები თავიანთ კუთვნილ მანქანებს ინტერნეტ ან სხვა გამოცემების საშუალებით გაყიდიან ან ავტოჰაუსებში მიიყვანენ. 

 

მესამე ყველა ის მანქანა, რომელიც თვეებია ვერ შემოყავთ საქართველოში, დარჩება იქ, სადაც დგას. 

 

შედეგი: აიწევს მანქანების ფასები და მინი ბაზრობად გადაქცეული ავტოჰაუსების შემოსავალი გაიზრდება. ძნელად დასაჯერებელია, მაგრამ როგორც ამბობენ ამ ყველაფრის უკან რამდენიმე პირი დგას. ამბობენ, რომ ერთ-ერთი უდესიანია, რომელსაც თავისი ინტერესები აქვს რუსთავის ავტობაზრობაში, სხვათაშორის უდესიანი იმდენად „პატიოსანია“ ეს „ვერსიის“ ჟურნალისტთან ინტერვიუში არც დაუმალავს: 

 

„მე და ჩემმა უცხოელმა პარტნიორებმა ავაშენეთ ავტო-ბაზრობა, ჩადით ახლა და ნახეთ რამდენი მანქანა დგას იმ ბაზრობაზე და გადახედეთ სხვა ავტობაზრობებს რუსთავში, იქ რამდენი დგას. გაკოტრების პირასაა ეს ბაზრობა, რომელ მონოპოლიებზე მესაუბრებით? მონოპოლისტი ვინაა, მაგას მე თქვენ მომავალ ინტერვიუში გეტყვით. ვისაც ძალიან უხარია, რომ მე ჩემი ოჯახით წამოსული ვარ საქართველოდან, მათაც უფალი გასცემს პასუხს. უცოდველი არავინაა, არც მე, მაგრამ სიბინძურე და ლაფი არავისთვის მისვრია“. 

 

უდესიანის პარტნიორი ამ საქმეში დავით კირკიტაძე იყო და რჩება დღესაც. როგორც ამბობენ, ასევე დიდი ინტერესი აქვს ერთ დროს ახალაიასთან ძალიან დაახლოებული და რამდენჯერმე „მეგობრებისგან“ „ვირის აბანოს“ კედლებნახეხ გელა ბარკალაიასაც. „მათე მოტორსის“ მფლობელი 2010 წელს ისეთი სასაცილო ბრალდებით დააკავეს (მაშინ ბარკალაიას დაკავების მიზეზი, სავარაუდოდ, "ვეფხვი და მოყმესთან" მშენებარე ხიდისთვის ტერიტორიის არდათმობა გახდა) რომ არა ორთვიანი პატიმრობა და „ხელების გადაგრეხის“ პროცედურები, ბარკალაიას დღეს თავისუფლად შეეძლო ეთქვა, რომ ის პოლიტიკურად იდევნებოდა, როგორც წარმატებული ბიზნესმენი, რომელმაც წილში არ ჩაისვა ხელისუფლების გველეშაპები. 

 

არქივიდან: „ეს ის ბარკალაიაა, 30 მაისს გამართული არჩევნების წინ, დიღომში, "მათე მოტორსის" ოფისის წინ ყვავილებით "მე მიყვარს თბილისის" ლოგო და დიდი ხუთიანი რომ დაახატინა. მაშინ ბარკალაიას ეს საქციელი ოპოზიციამაც გააპროტესტა, მაგრამ "მათე მოტორსის" გენერალური დირექტორისგან შემდეგი პასუხი მიიღო: "მე ვემხრობი ნაციონალური მოძრაობის კურსს, ტერიტორია ჩემია და აქ რასაც მინდა, იმას გავაკეთებო". 

 

საინტერესოა, რა მოხდა ასეთი არჩევნებიდან 2 კვირაში, რომ ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენი ციხისთვის გაიმეტეს?!

 

ბარკალაია ბიზნესსაქმიანობას ჯერ კიდევ 2001 წლიდან იწყებს საქართველოში სატელიტური ანტენების შემოტანას, ხოლო ამის შემდეგ სანაპიროზე დაცვის სამსახურს ხსნის. 

 

ბოლოს კი „ნაციონალებისგან“ ბრალდებულმა "მათე მოტორსი" დააარსა და ქვეყანაში "მიცუბიშის" და "ნისანის" მარკის ყველგანმავლების და "პიკაპების" შემოყვანა და გაყიდვა დაიწყო. არსებული ინფორმაციით, თვეში დაახლოებით 150 ახალი ავტომობილი შემოჰყავდა და მათი რეალიზაციით საკმაოდ სერიოზულ მოგებასაც იღებდა. იგი ხშირად მონაწილეობდა ტენდერებში და ამით სერიოზულ მოგებებსაც ნახულობდა. მაგალითისთვის "მათე მოტორსის" ჩამოყვანილია თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების კუთვნილი "პიკაპები". ბრალდების თანახმად, სწორედ ტენდერის მოგებისთვის იხდიდა იმ ქრთამს, რაც მისი დაკავების საბაბი გახდა.

 

ბარკალაიას რომ ხელისუფლების მაღალჩინოსნები მფარველობდნენ, ფაქტია, მაგრამ უცნობია, თუ რა გახდა მაშინ მისი დაკავებისა მიზეზი.  

 

კულუარული ინფორმაციით კი, ბარკალაიას დაკავების მიზეზი ის ხიდი გახდა, რომლის მშენებლობის შესახებაც დედაქალაქის ახლადარჩეულმა მერმა საკრებულოს პირველივე სხდომაზე ამცნო საზოგადოებას. 

 

საქმე ეხება "ვეფხვი და მოყმესთან", მტკვარზე, ახალი ხიდის გადებას, რომელიც, სავარაუდოდ, იმ ტერიტორიასაც საჭიროებს, რომელზეც ბარკალაიას საკუთარი კომპანია აქვს განთავსებული. 

 

როგორც ჩანს, ბარკალაიამ ტერიტორიის დათმობაზე უარი განაცხადა, რასაც მისი დაკავება მოჰყვა. 

 

საინტერესოა, არა? 

 

თუმცა, ამაზე მეტად საინტერესოა, როგორ მოახერხებენ და თავის წილს როგორ მიართმევენ ვანო მერაბიშვილს ციხეში, ან გიგი უგულავას წილებს როგორ გაყოფენ. და ამ ფონზე საინტერესოა, რატომ  გაახსენდა ახლა დავით ნარმანიას მარჯვენასაჭიანი მანქანები? 

 

ვფიქრობ, ამ კითხვებზე პასუხი უკვე გაცემულია.

 

გვანცა ბაგრატიონ-მუხრანსკი

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: