„პრო“-აფეთქებულები!
ამას წინათ სოციალურ ქსელში ჩემთვის უცნობი დიმიტრი ასათიანი კატეგორიულად ითხოვდა: პრორუსული ორიენტაციის ენჯეოები და მედია ორგანიზაციები სასწრაფოდ უნდა აიკრძალოსო!
ზოგადად ენჯეოებს (მათი „განსაკუთრებული“ სტატუსის გამო), პატივს არ ვცემ, მაგრამ ბატონი ასათიანი ცალმხრივობაში რომ გამოვიჭირე, მეც არაორაზროვნად დავუკომენტარე: „კარგი იქნება, თუ პროდასავლურად განწყობილ, ანუ სხვადასხვა ჯურის საერთაშორისო ორგანიზაციებისგან მოსყიდულ ენჯეოებსაც ზედ თუ მიაყოლებთ-მეთქი!“
როგორც მოსალოდნელი იყო, არამკითხე მოამბეობა არ მაპატია - „ორ სიტყვაშიც გეტყობა, ვის ინტერესებს იცავო“ წამსვე მომახალა და ჩემი პრორუსულობა ლამის მთელ დუნიას ამცნო!
ნაკლებად მაწუხებს, რა იარლიყს მომაწებებენ დიმიტრი ასათიანი და მისი თანამოზრეები, მე უფრო ჩვენს თანამოქალაქეებში (განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობაში) ღრმად ფესვებგადგმულმა ტენდენციამ დამაფიქრა: თუ ანტიდასავლური (ვამბობ ანტიდასავლურს და ვგულისხმობ ჩვენი ტრადიციისთვის უცხო და ძალით თავსმოხვეულ ელემენტებს, თორემ, ნამდვილ დასავლურს რას ვერჩი) განწყობა გამოამჟაღვნე, უცებ პუტინის აგენტად, ან პრორუსული ორიენტაციის მატარებლად გამოგაცხადებენ, რაც ავტომატურად საქართველოს მტრობასთან ასოცირდება!
ანტირუსული ისტერია განსაკუთრებით სააკაშვილის ხელისუფლების აღზევებიდან დაიწყო და დღესაც წარმატებით გრძელდება. თუმცა, საქმე საქმეზე რომ მიდგეს, ვერავინ აგიხსნის, სინამდვილეში რატომ უნდა გძულდეს რუსეთი და გიყვარდეს დასავლეთი!
ის, რომ რუსეთმა საქართველოს ტერიტორიების ანექსია მოახდინა, ფაქტია და ამის გამართლება როგორ შეიძლება, მაგრამ იმაზე არავინ ფიქრობს, თუ რა წინაპირობები უძღოდა ამ ანექსიას და რატომ გადავიმტერეთ ასე სამკვდრო-სასიცოცხლოდ ჩვენი ისტორიული მეზობელი, რომელმაც თავის დროზე ერთობ პოზიტიური როლიც კი შეასრულა საქართველოს ისტორიაში (უპირველესად, ერის ფიზიკურ გადარჩენას ვგულისხმობ)!
ის, ვინც ანტირუსულ აგრესიას აჩაღებს და რუსეთთან კონფრონტაციისკენ გვიბიძგებს, ყველაზე დიდი მტერია საქართველოსი, რადგან ამ ისტორიულ მეზობელს ყველა ბერკეტი გააჩნია იმისთვის, რომ ნებისმიერ დროს დაარღვიოს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა და „ცხელი წერტილების“, ანუ სეპარატისტული რეგიონების წარმოშობას შეუწყოს ხელი!..
თუმცა, ეს არც ახალია და არც მთავარი.
მთავარია, იმის გარკვევა, ვინ არიან სინამდვილეში „პროდასავლური“ ორიენტაციის მეხოტბენი, რამდენად ასრულებენ რუსულ თამაშს პროდასავლურობის ნიღაბაფარებულნი, როგორ აზომბირებენ საზოგადოებას და რამდენად უწყობენ ხელს მოქალაქეთა დაპირისპირებულ ჯგუფებად დაყოფას?
დღემდე შეიძლება ბევრს სჯერა, რომ თავის დროზე კგბ-ს ეფრეიტორი მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ რუსეთის დაუძინებელი მტერი გახდა, მაშინ, როცა სახელმწიფოს სტრატეგიული ობიექტები თავისი ზეობის პერიოდში (მათ შორის აგვისტოს ომის შემდეგაც) ხონჩით მიართვა იგივე „პირსისხლიან“ რუსეთს და თავისი ყბადაღებული რიტორიკით რუსეთის საქმე გააკეთა _ ტერიტორიის 20 პროცენტი ოფიციალურად აღიარებინა, საიდანაც აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დე-იურე აღიარებამდე ნახევარი ნაბიჯი დარჩა.
იგივე ითქმის სააკაშვილის ყოფილ მაღალჩინოსნებზეც, რომლებიც რუსეთს ღვინის ნაცვლად ფეკალიებსაც სთავაზობდნენ.
რუსეთის საქმეს აკეთებენ პროამერიკულად მონათლული „რესპუბლიკელებიც“. ნებისმიერი მათი ინიციატივა, თუნდაც მკაცრი და კატეგორიული ტონით წარმოთქმული, ყოველთვის რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს (გავიხსენოთ თინა ხიდაშელის ბოლოდროინდელი განცხადებები და მათი ოფიციალური პოზიცია აფხაზეთთან მიმართებაში, რომელსაც საქართველოს შემადგენლობაში არც განიხილავენ).
ამ თვალსაზრისით არც „მედასავლეთე“ ირაკლი ალასანიაა გამონაკლისი. მისი რიტორიკაც ხშირად ფორმით ამერიკული, შინაარსით კი რუსულია.
რაც შეეხებათ ე.წ. პროდასავლურ ენჯეოებს და დასავლეთიდან დაფინანსებულ მედია-საშუალებებს, როგორც ვთქვი, მათი მისია საზოგადოებისთვის თვალის ახვევა (ზომბირება), თეთრის შავად წარმოჩენა და მოჩვენებითი დემოკრატიის პროპაგანდაა, რომელსაც შესანიშნავად ასრულებენ.
ამ ფონზე სასაცილოდ ჟღერს ვინმეს პრორუსულ ორიენტაციაზე საუბარი!
თუ გორდიას კვანძს ბოლომდე გავხსნით, შეიძლება ამ დასკვნამდეც მივიდეთ: ჩვენ, ვისაც თეთრი შავად არ გვეჩვენება, გვიკრძალავენ იმაზე საუბარსაც კი, რასაც თვითონ ემსახურებიან (ზოგი გააზრებულად, ზოგიც გაუაზრებლად) და ამით მუდმივ პრესში გვამყოფებენ!!!
აქედან გამომდინარე, ვიდრე ჩვენს ორიენტაციას სიტყვა „პრო“ არ მოშორდება, საქართველო ყოველთვის დაპირისპირებულ ჯგუფებად იქნება დაყოფილი...
არც „პროამერიკული“ მინდა ვიყო, არც „პრორუსული“, არც „პროდასავლური“. მე იმ წმინდა ქართული ორიენტაციის თანამოქალაქეს მივესალმები, რომელმაც ჭეშმარიტი ევროპული ღირებულებების ფასი იცის, ამერიკის პოზიტიურ და ნეგატიურ როლსაც ხედავს თანამედროვე მსოფლიოში და რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობების მომხრეა.
მინაწერი: „პროამერიკული“, „პროდასავლური“, „პრორუსული“, ისეთივე მომაკვდინებელი ბაცილაა ჩვენი „ორგანიზმისთვის“, როგორც მტრისგან ნასროლი შხამიანი ისარი!
საქართველოს „პრო“-ებად დაშლა მის საბოლოოდ დასუსტებას, კიდევ ერთხელ ციხის შიგნიდან გატეხვას ნიშნავს!..
გასათვალისწინებელია ისიც, რომ მიუხედავად ორიენტაციის მოჩვენებითი სხვაობისა, ყველა ერთ მიზანს ემსახურება - საქართველოს გახლეჩას, მის დანაწევრებას მარტივ მამრავლებად, რომლის აწყობა საკმაოდ ძნელი იქნება!
და რაც ყველაზე ნიშანდობლივია, ყველა „პროს“ ერთი უჩინარი „პატრონი“ ჰყავს, ანუ ყველა ერთი წერტილიდან იმართება!
აი, რატომ არ მიყვარს „პრო“-აფეთქებულები!
ზაურ ნაჭყებია