ზაურ ნაჭყებია: ეს პარლამენტია თუ ამაოების ბაზარი?!

ზაურ ნაჭყებია: ეს პარლამენტია თუ ამაოების ბაზარი?!

ჭორიკნებს გუშინდელი შოუდან საჭორაო მოემატათ - თუ ერთნი სიცილისგან იჭაჭებიან და სოსო ჯაჭვლიანს უკიდურესი ეპითეტებით ამკობენ, მეორენი „სიცხვილისგან" წითლდებიან საკუთარი კოლეგის არაკორექტული და არამიზნობრივი განცხადების გამო, ხოლო, მესამენი, ლამისაა თავში აგურს ირტყამენ და დღევანდელი პარლამენტის უკიდურესად დაბალ დონეზე ვიშვიშებენ!

 

ჩემთვის, გუშინდელი დღე და სოსო ჯაჭვლიანის „არაორდინალური"და შეიძლება ითქვას, სრულიად გულუბრყვილო განცხადება, მორიგი სვანური ანეგდოტი იყო, ოღონდ, ძალიან საჯარო და უფრო „აღმატებით" ხარისხში აყვანილი"!

 

პარლამენტში „თათარიახნად" დადგმულმა გუშინდელმა შოუმ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ  ადამიანი იქ იქ უნდა წავიდეს (ან შენ არ უნდა გაუშვა), სადაც მისი ადგილი არ არის!

 

სხვებისთვის არ ვიცი, მაგრამ, ჩემთვის სოსო ჯაჭვლიანი დღესაც ისეთი საყვარელი მსახიობი და რეჟისორია, როგორიც აქამდე იყო - ისევ ისეთი ქართველი ვაჟკაცია, როგორიც 2011 წლის 26 მაისს ვიხილე, ისევ ისეთი შეუდრეკელი ადამიანია, როგორიც ამ რამდენიმე თვის წინ პარლამენტის სხდომათა დარბაზში „ბარამიძე შე ჩმორო"-ს წამოყვირებისას ჩანდა!

 

არ შეიძლება ასეთი გულუბრყვილო და ბოლომდე გაუაზრებელი „იაღლიშის" გამო ადამიანი ჯვარს ვაცვათ და ქილიკის ობიექტი გავხადოთ!!!

 

ასეთი „იაღლიშები" რამდენიც გნებავთ, იმდენი ყოფილა ჩვენს სანაქებო პარლამენტში და დარწმუნებული ვარ, მომავალშიც იქნება, მაგრამ, თუნდაც გუშინდელმა იაფფასიანმა სანახაობამ კიდევ ერთხელ უნდა დაგვაფიქროს - პარლამენტი ამაოების ბაზარი არ არის და თუ ჩვენი „რჩეულების" იდეურ-პოლიტიკური მომზადების დონე არ გვაკმაყოფილებს, ისევ საკუთარ თავს უნდა დავაბრალოთ - ნებისმიერ დროს ისეთი ხელისუფლება მოდის, როგორსაც საზოგადოება იმსახურებს!

 

არ დამიწყოთ ახლა ახლანდელი პარლამენტი ივანიშვილის ხათრით ავირჩიეთო!

თუ ხათრით აირჩიეთ, მიიღეთ ისეთი, როგორიც არის, თუ არადა, სინანულის გრძნობამ მაინც უნდა შეგაწუხოთ ასეთი აჯაფსანდალი რომ გამოგივიდათ (მე მაშინაც კრიტიკულად ვიყავი განწყობილი საზოგადოების ზედმეტად აღტკინების გამო და აქედან გამომდინარე, მაქვს ასეთი ტონით საუბრის უფლება!)...

 

ჯაჭვლიანი ჯაჭვლიანად, მაგრამ, ამ აბრაკადაბრამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა ამ ეტაპზე, არათუ გასაუქმებელი, არამედ, პირიქით, გასაძლიერებელია და აი, რატომ: პროპორციული სისტემის დროს ჩვენ კენჭს  ვუყრით მთლიანად პარტიას და არა პიროვნებებს. აქედან გამომდინარე, არ ვიცით, ვინ ვინ არის და რამდენად იმსახურებს პოლიტიკური პარტიის მიერ წარმოდგენილი სია ამომრჩევლის მხარდაჭერას!

 

დიახ, ვიდრე პოლიტიკური პარტიები კვალიფიციურ სუბიექტებად არ ჩამოყალიბდებიან, ჩვენ თითო-ოროლა ანგაჟირებული პოლიტიკანების (სიტყვა პოლიტიკოსი არ მემეტება მათთვის) გამო სრულ იდიოტიზმს არ უნდა დავუჭიროთ მხარი.აქედან გამომდინარე, ვინც მაჟორიტარული სისტემის საჩქაროდ გაუქმებაზე გვიკიჟინებს, მას უფრო ქაოტური, არაკვალიფიციური და უპასუხისმგებლო პარლამენტისკენ მივყავართ !!!

 

მადლობა სოსოს ამ თემაზე კიდევ ერთხელ რომ ამალაპარაკა...

 

მინაწერი: კაცებს ქალებთან მიმართებაში ჩვენი ცოდვები გვამძიმებს და აქედან გამომდინარე, მეც არ მომეწონა ჯაჭვლიანის მხრიდან საკუთარი მამაკაცური უპირატესობის ხაზგასმა და იმ სლავური წარმოშობის ლამაზმანების დასახელება, ვისთანაც სასიყვარულო ფლირტი ჰქონია (სოსოს რჩეულ ქართველ ლამაზმანებს ამჯერად გაუმართლა), მაგრამ ეს მის ემოციებს უნდა დავაბრალოთ.შეიძლება დღეს ნანობს კიდეც!!!

 

რაც შეეხება „იბიარდს", რომელმაც სოსოს თურმე ლამის ოჯახი დაუნგრია, ეს აშკარად აბრევიატურის მნიშვნელობის უცოდინრობის ბრალია, მაგრამ, უფრო ცუდი ისაა, რომ „იბიარდი" ქართულ ოჯახურ კონფლიქტშიც „შეიჭრა"!

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: