მთავრობის სხდომაზე თბილისის ზღვის ტერიტორიაზე ახალი ზოოპარკის მშენებლობის გადაწყვეტილება მიიღეს
საქართველოს მთავრობამ თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი ზოოპარკის მშენებლობის გადაწყვეტილება მიიღო.
"ახალი ზოოპარკის მშენებლობის პირველი ეტაპის ფარგლებში შესაბამისი ტერიტორია შემოიღობება და მერია შესაბამის ტენდერს უახლოეს დღეებში გამოაცხადებს", განცხადება ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.
"დღეს საქართველოს მთავრობისგან მივიღეთ თანხმობა ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი ზოოპარკის მშენებლობის დაწყებას შეეხება. კერძოდ, პირველი ეტაპი ზოოპარკის ტერიტორიის შემოღობვას ითვალისწინებს, რისთვისაც 5-დღიანი ვადით გამარტივებული ელექტრონული ტენდერი გამოცხადდება და, რომელშიც დაინტერესებულ კომპანიებს შეეძლებათ მონაწილეობა. მე მოვუწოდებ განსაკუთრებით ძლიერ და გამოცდილ კომპანიებს, ჩაერთონ ამ ტენდერში", - განაცხადა ნარმანიამ, რომლის ინფორმაციითაც, საუბარია თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ზოოპარკისთვის 47 ჰექტრის შემოღობვაზე.