ივანიშვილის "გეგმა" და კალაძის მორიგი ავტოგოლი
კოალიცია "ქართულ ოცნების" გამარჯვება, როგორც ამბობენ, წინა ხელისუფლების მიმართ იმედგაცრუებამ გამოიწვია, რასაც თან ახლდა ბიძინა ივანიშვილის მაღალი რეიტინგი, რომლის სახელი ქართულ საზოგადებაში ლეგენდებთან ასოცირდებოდა და უფრო ზღაპრის კეთილი გმირის პერსონაჟს განასახიერებდა, ვიდრე რეალურად არსებულ მსხვილ ბიზნესმენს, თუ მეცენატს.
ერთი სიტყვით, ამ ყველაფერმა კოალიციას საპარლამენტო არჩვენებში დიდი გამარჯვება მოუპოვა. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ გამარჯვების შემდეგ კოალიციის მიმართ დიდი მოლოდინი იყო და არის.
ქართული საზოგადოება თითქმის ჩასაფრებული ელოდება იმ დაპირებების შესრულებას, რომელიც "მეოცნებეებმა" წინასაარჩევნო პერიოდში გასცეს (არაფერს ვამბობ "ნაცმოძრაობის" მიერ დაპირებულ მილიარდიან პროექტებზე, რადგან ისინი უმცირესობაში აღმოჩნდნენ).
არ მინდა ვინმეს გავახსენო დაპირებების რაოდენობა თუ ის მიმართულებები, რაზედაც აქცენტი კეთდებოდა. უბრალოდ, იმას შევახსენებ ჩვენს მკითხველს, რომ კოალიციის ლიდერთა მიერ არაერთგზის გაჟღერებული ფრთიანი ფრაზა - "ჩვენ გვაქვს შემუშავებული საქართველოს განვითარების გეგმა"- არარეალური აღმოჩნდა. როგორც ჩანს, ეს "გეგმა" საერთოდაც არ არსებობს, რასაც ადასტურებს განათლების სფეროზე, პენსიების მატებაზე, ტარიფების კლებაზე დღეს მიმდინარე დისკუსიები კოალიციის შიგნით.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრს პრობლემები აქვს საკადრო პოლიტიკაშიც, რაზეც აქტიურად საუბრობენ სოციალურ ქსელ "Facebook"- ში "მეოცნებეთა" მხარდამჭერებიც.
როგორც "სოციალურ მედიაში" აღნიშნავენ, უმეტესობისთვის გაუგებარია, რატომ დაინიშნა თავის დროზე ენერგეტიკის მინისტრის მოადგილედ გია ქავთარაძე, რა მიზანს ემსახურება კულტურის მინისტრის მოადგილედ იური მეჩითოვის დანიშვნა, რატომ დაუშვა მორიგი "შეცდომა" კახი კალაძემ, როცა გიორგი გოდაბრელიძე ენერგეტიკის სამინისტროში ყველაზე მნიშვნელოვანი სატრანზიტო სამსახურის უფროსად დანიშნა? ეს ის გოდაბრელიძეა, "ნაციონალების" ერთ-ერთი აქტიური წევრი რომ იყო და არის, საბაჟოს ყოფილი უფროსი, ფინანსთა მინისტრის მოადგილე, პარლამენტარი, საკრებულოს წევრი და დათო ტყეშელაშვილის უახლოესი მეგობარი.
სწორედ ამ კადრებმა უნდა უზრუნველყონ იმ "გეგმის" განხორციელება, რომელიც კოალიციამ წინასაარჩევნოდ შეიმუშავა, ხოლო თუ კადრების დანიშვნა ამ რეჟიმით გაგრძელდა, მაშინ ქართულ საზოგადოებას წინ დიდი იმიედგაცრუება ელოდება, რაც ქართულ საზოგადოებაში "წარსულში დაბრუნების" სურვილს გააღვივებს, წარსულისას, რომელიც ავლაბრის რეზიდენციიდან გადმოგვყურებს და ქვეყანას "დიდი დემოკრატიის და აღმშენებლობის" დაბრუნებას ჰპირდება.
ვალერი ვახანია