ანა დოლიძე: გვსურს ავამაღლოთ სამართლიანობის ხარისხი თავდაცვის სამინისტროში
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით საკადრო პოლიტიკას საზოგადოებისთვის მაქსიმალურად ღიას და გამჭვირვალეს ხდის.
"გვსურს ავამაღლოთ გამჭვირვალობისა და სამართლიანობის ხარისხი თავდაცვის სამინისტროში ახალი შტატების მიღებისას. სამინისტროს მოტივაციაა, გაიზარდოს უწყებაში არსებული ვაკანსიების ხელმისაწვდომობა, გარანტია მივცეთ საქართველოს მოსახლეობას, განსაკუთრებით ახალგაზრდა პროფესიონალებს, რომ კონკურსებში მონაწილეობის პროცესი იქნება სამართლიანი", - განაცხადა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა დოლიძემ.
თავდაცვის სამინისტროში ვაკანსიების თემაზე გამართულ პრესკონფერენციას ანა დოლიძესთან ერთად ესწრებოდა თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბესიკ ლოლაძე და სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინო ბაქრაძე.
მინისტრის მოადგილეებმა დღეს, ის ოთხი მაღალი რანგის თანამდებობა დაასახელეს, რომელზეც სამინისტროში კონკურსი გამოცხადდა და რომელში მონაწილეობაც ყველა დაინტერესებულ პროფესიონალს შეუძლია - გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის დირექტორი, ამავე ჰოსპიტლის დირექტორის მოადგილე ეკონომიკურ საკითხებში, სამინისტროს ადმინისტრაციის პროტოკოლის უფროსი და საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსი - აღნიშნულ პოზიციებზე თანამდებობების დაკავების მსურველებმა განაცხადი 14 სექტემბრამდე უნდა წარმოადგინონ.
"თავდაცვის სამინისტროს პრიორიტეტია სისტემის დაკომპლექტება მაღალკვალიფიციური ახლგაზრდა, ენერგიული კადრებით. სამინისტროში პერიოდულად ცხადდება კონკურსები. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ამჟამად გამოცხადებულ ვაკანსიებზე არ არიან მოვალეობის შემსრულებლები და ამით მეტად იკვეთება თავდაცვის სამინისტროს სურვილი, მივიღოთ ახალი მაღალკვალიფიციური კადრები. ვიძლევით გარანტიას, რომ ყველას მიეცემა თანაბარი შანსი, რათა წარმოაჩინოს საკუთარი თავი, როგორც საუკეთესო კანდიდატი ამა თუ იმ თანამდებობაზე",- აღნიშნა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.
სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნინო ბაქრაძემ მედიის წარმომადგენლებს გამოცხადებულ კონკურსთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. როგორც ბრიფინგზე აღინიშნა, თავდაცვის სამინისტრო მომავალშიც სისტემატურად გამოაცხადებს ვაკანსიებს, რომლის შესახებაც დეტალური ინფორმაციის მოძიება საზოგადოებას შეუძლია თავდაცვის სამინისტროსა (mod.gov.ge) და საჯარო სამსახურის ბიუროს (hr.gov.ge) ვებგვერდებზე.