გიორგი ახვლედიანი: არ შეიძლება საარჩევნო სისტემა მხოლოდ ვოლსკიმ და საგანელიძემ წეროს

გიორგი ახვლედიანი: არ შეიძლება საარჩევნო სისტემა მხოლოდ ვოლსკიმ და საგანელიძემ წეროს

 ინტერპარტიული ჯგუფის შეხვედრისას, ჯგუფის წევრმა გიორგი ახვლედიანმა ჟურნალისტებთან თემის კომენტირებისას განაცხადა, რომ მხოლოდ ვოლსკიმ და საგანელიძემ არ შეიძლება წეროს საარჩევნო სისტემა.

 

არასაპარლამენტო ოპოზიცია ხელისუფლების მონაწილეობით საარჩევნო გარემოს რეფორმაზე მომუშავე ინტერპარტიული ჯგუფის შექმნის ინიციატივით გამოდის. არასაპარლამენტო ოპოზიცია პარლამენტში შექმნილი ინტერპარტიული ჯგუფის ხელმძღვანელობას პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს სთავაზობს.

 

როგორც ჟურნალისტებს სასტუმრო "რედისონში" გიორგი ახვლედიანმა განუცხადა, არასაპარლამენტო ოპოზიციას შემუშავებული აქვს საარჩევნო სისტემის კონკრეტული ვარიანტი, რომელიც პარლამენტს უკვე მიაწოდა. არასაპარლამენტო ოპოზიცია სამართლიანი არჩევნების ჩატარების მიზნით, მაჟორიტარული სისტემის გაუქმების მნიშვნელობაზე საუბრობს.

 

გიორგი ახვლედიანის თქმით, არ შეიძლება მარტო ერთმა პარტიამ წეროს საარჩევნო კოდექსი. 

 

"ხელისუფლების ინიციატივა 2020 წელთან დაკავშირებით მიუღებელია არა მარტო ქართული პოლიტიკური სუბიექტებისთვის, არამედ საზოგადოებისა და მთელი საერთაშორისო ცივილიზებული სამყაროსთვის. ასეთი მიდგომაა, რომ ერთი წელი მოგვაპარინეთ კიდევ ხელისუფლება 2016-ში და შემდეგ შევცვლით კარგი სისტემით - არ შეიძლება, არ ეკადრება არც ერთ პოლიტიკოსს ქვეყანაში. ინტერპარტიული ჯგუფის მოთხოვნა, რომელიც პარლამენტში შევა, ითვალისწინებს იმ ფორმატის შექმნას, რომელშიც ჩართული უნდა იყოს ხელისუფლება. 

პარლამენტის თავმჯდომარეს ვთავაზობთ ამ ინტერპარტიული ჯგუფის ხელმძღვანელობას, სადაც ძალიან ოპერატიულ რეჟიმში უნდა მოხდეს საკონსტიტუციო ცვლილებების შეჯერება. თუ იქნება პოლიტიკური ნება, მოვასწრებთ და 2016 წელს ქვეყანას ექნება გამართული საარჩევნო სისტემა", - განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.

 

სასტუმრო "რედისონში" მიმდინარე შეხვედრას ესწრებოდნენ არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები, მათ შორის, მამუკა კაციტაძე, პაატა დავითაია, ზურაბ ხარატიშვილი, კახა კუკავა, ბაჩუკი ქარდავა, ასევე შეხვედრაზე იმყოფებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები.

ოპოზიციის მოსაზრებით, პარლამენტში შექმნილ ინტერპარტიულ ჯგუფში უნდა შევიდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე კვალიფიციური სუბიექტები და ყველა ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც პრეზიდენტის რეზიდენციაში სამოქალაქო თანხმობის მემორანდუმზე ხელი მოაწერა.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: