რატომ გამოიკიდა ცაში ეკონომიკის სამინისტრო, ანუ, რა იქნება მიშა რომ დავაბრუნოთ?!

რატომ გამოიკიდა ცაში ეკონომიკის სამინისტრო, ანუ, რა იქნება მიშა რომ დავაბრუნოთ?!

საქართველოში ყველაფერი რომ იყიდება (მათ შორის მისი უდიდებულესობა სინდისიც), ეს არავისთვის უცხო არ არის. იყიდება ცალობით, ბითუმად, „ქეშად“, „პოსლეზე“-ც, ხშირად ჯიბის, ზოგჯერ ბიუჯეტის „გასასქელებლად“!..

 

იყიდება სახელმწიფო დაწესებულებათა შენობა-ნაგებობები, სტრატეგიული ობიექტები - მთავარია ყველაფერს „პატრონი“ გამოუჩნდეს და ხელისუფლებამ მის შენახვაზე პასუხისმგებლობა მოიხსნას. არავინ დაეძებს - ობიექტი მომგებიანია თუ წამგებიანი, ძალით გააკოტრეს თუ საბაზრო ეკონომიკის მსახვრალი ხელი ადვილად მიწვდა და მოაშთო...

 

როგორც ამბობენ, გასაყიდი თითქმის არაფერი დარჩათ (იგულისხმება ხეირიანი ობიექტი, საიდანაც მსუყე ლუკმის დათრევა შეიძლება) და ახლა უკვე საგონებელში არიან ჩავარდნილნი, როგორ შეავსონ დაცარიელებული ბიუჯეტი.

 

ეკონომიკის სამინისტრო ერთ-ერთი უკანასკნელი „მოჰიკანია“, რომელმაც საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხიდან კერძო მესაკუთრის განკარგულებაში გადაინაცვლა... საკუთრებას კი, ახალი მესაკუთრე, როგორც უნდა ისე მოიხმარს!!!

 

მართალია, შენობა კი გაიყიდა, მაგრამ სამინისტრო ჯერ არ გაუქმებულა და ბუნებრივია იქ დასაქმებულ სახელმწიფო მოხელეებსაც თუ ფესენებელური სასახლე და მაქსიმალური კომფორტი არა, ელემენტარული სამუშაო პირობები მაინც სჭირდებათ!

 

ხელისუფლებას უკვე ახალი თავსატეხი გაუჩნდა - სად გადაბარგდეს ეკონომიკის სამინისტრო? როგორც ამბობენ, ალტერნატიული შენობა ჯერჯერობით ვერ გამოიძებნა, ის კი არა და, საჭირო ფართობს იჯარითაც ვერ შოულობენ თურმე!..

 

მართალია, დღევანდელი გადასახედიდან ეკონომიკის სამინისტროს ფუნქცია დაჩქარებული წესით სახელმწიფო ობიექტების პრივატიზაცია იყო და ეკონომიკის მართვაზე და ახალი ეკონომიკური პოლიტიკის სტრატეგიის შემუშავებაზე თავს არ იწუხებდა, მაგრამ სახელმწიფოს ღირსების საქმეა - საკუთარი უწყება ქუჩაში გადაგდებული ან ცაში გამოკიდებული არ დარჩეს!!!

 

არადა, ჯერჯერობით სხვა პერსპექტივაც არ ჩანს.

 

მოდით ერთად ვეძებოთ გამოსავალი! 

 

მინაწერი: მიშა რომ იყოს, დიდი თავის მტვრევა არ დასჭირდებოდა,  შენობას რომელიმე ბიზნესმენს შეაწერდა, მაგრამ ამის გულისთვის ხომ არ დავაბრუნებთ?!

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: