კახი კახიშვილი: სამაჯურების მონიტორინგის სისტემა სერიოზულად შეამცირებს პატიმრების რაოდენობას
სასჯელარსრულების მინისტრი კახა კახიშვილი, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს თანამშრომლების პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, საზეიმო ღონისძიებას ესწრება.
სიტყვით გამოსვლისას სასჯელარსრულების მინისტრმა სისტემაში განხორციელებულ ცვლილებებზე ისაუბრა.
კახიშვილის თქმით, ორი წლის განმავლობაში საპატიმრო დაწესებულებებიდან სამოქალაქო კლინიკებში გადაყვანილ იქნა 5 381 პატიმარი.
"ეს მხოლოდ ის ციფრია, რომელიც უკავშირდება სამოქალაქო კლინიკებში მკურნალობას. მე მახსოვს ის პერიოდი, როდესაც ჩვენ, მთელი გუნდი, მღებრიშვილის მეთაურობით, ვისხედით და ვმუშაობდით სასჯელაღსრულების სისტემის ახალ ლოგოზე. გვინდოდა, რომ ყოფილიყო საუკეთესო. ჩვენი სლოგანი არის კანონი და ღირსება. ამ ორ სიტყვაში იყო ყველაფერი ნათქვამი - კანონი და ღირსება. ღირსების დაუკარგავად ჩვენ უნდა ვემსახუროთ კანონის აღსრულებას. ეს არის ჩვენი ამოცანა",- აღნიშნა კახიშვილმა.
მინისტრმა სასჯელაღსრულების სისტემაში არსებულ სასწავლო ცენტრზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ამ ცენტრმა არაერთი თანამშრომელი გადაამზადა.
"არაერთი თანამშრომელი დაწინაურდა მას შემდეგ, რაც გამოცდები ჩააბარა. ამავდროულად, ჩვენ ვგეგმავთ და მიმდინარეობს მუშაობა განათლების სამინისტროსთან, სხვადასხვა სახელმწიფდო უწყებებთან, იმის უზრუნველსაყოფად, რომ ჩვენი სასწავლო ცენტრი გადაიქცეს აკადემიად და მიიღოს აკადემიის სტატუსი. რაც შეეხება პრობაციის სამსახურს, 11 ახალი ოფისი გაკეთდა. ძალიან მალე ჩვენ დავნერგავთ სამაჯურების მონიტორინგის სისტემას, რითაც ძალიან სერიოზულად შემცირდება პატიმრების რაოდენობა. საქართველოს მთავრობაში მიმდინარეობს მუშაობა საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც წარედგინება პარლამენტს იმ მიზნის მისაღწევად, რომ ადამიანი, რომელიც შეიძლება არ იჯდეს ციხეში, არ უნდა იჯდეს ციხეში. ამისთვის კი იყოს სხვა, ალტერნატიული კონტროლის და მონიტორინგის სისტემა. ჩვენ, სექტემბერში დავიწყებთ და ოქტომბრის პირველ რიცხვებში გავხსნით ელექტრონული სამაჯურების მონიტორინგის ცენტრს. უკვე შევიძინეთ 200 სამაჯური, რაც პირველად დაიწყება არასრულწლოვანებში და შემდეგ გაგრძელდება ეს პროგრამა",- განაცხადა კახა კახიშვილმა.