ომბუდსმენი – ტესტი ახალი ხელისუფლებისთვის?!

ომბუდსმენი – ტესტი ახალი ხელისუფლებისთვის?!

ვის ისურვებდით სახალხო დამცველად? ამ კითხვით "ივერიონმა" საკუთარი მკითხველი გამოჰკითხა.

 

დასახელებულ კანდიდატთაგან ხმათა მაქსიმალური რაოდენობა ყოფილმა დეპუტატმა და უფლებადამცველმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ მიიღო. მას ჩვენი საიტის გამოკითხვაში მონაწილეთა 77,42 % უჭერს მხარს.

მეორე პოზიციას ადვოკატი ლია მუხაშავრია _ 10,48 %-ით იკავებს. დანარჩენი კანდიდატები რეიტინგში ასე გადანაწილდნენ:

თამარ გურჩიანი _ 4,84%;

გელა ნიკოლაიშვილსა და ნინა ხატისკაცს კი თანაბარი  _ 3,63% აქვთ.

 

ახლა საკითხი ასე დგას: "ხმა ერისა" ახალ საკანონმდებლო ორგანოს უნდა მისწვდეს, ან იმუშაოს პრონციპმა _ ვიზიარებთ ცივილიზებული სამყაროს ღირებულებებს. თუმცა ასე მარტივად არ არის საქმე. მოგეხსენებათ, ახალ ხელისუფლებას წინამორბედთან მსგავსება უკვე მოუძებნეს _ არც ახალი უსმენს ხალხს! ხალხი ხშირად ითხოვს იმას, რაც ხელისუფლების ინტერესსა თუ სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების ინტერესთა სფეროს სცილდება. არადა, დემოკრატია ხალხის მმართველობას თუ აღარ ნიშნავს, ამავე ხალხის ინტერესების მაქსიმალურ დაცვასა და გაზიარებას მაინც უნდა ემსახურებოდეს. მოკლედ, ვერ ვიტყვით, რომ სახალხო დამცველის კანდიდატები საზოგადოების განხილვისა და სჯა-ბაასის საგანი არ გამხდარა, თუმცა, ფაქტია, რომ თითოეული მათგანი კონკრეტული პოლიტიკური გაერთიანებისა თუ სოციალური ჯგუფის "ფავორიტია" და მათი საჯარო განხილვაც მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოების კონკრეტულ ჯგუფებში მოხდა. სწორედ აქ ჩნდება პრობლება: სად არის ხალხი და სად არის მისი ნება, რომელიც, უპირველესად, სწორედ სახალხო დამცველის შერჩევისას უნდა გავითვალისწინოთ?

 

ხალხი ყოველთვის საზოგადოება არ არის! – ეს შეიძლება ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ ფაქტია. ხალხს არ აინტერესებს, მაგალითად, ლია მუხაშავრიას პროფესიონალიზმი და გელა ნიკოლაიშვილის მოგებული საქმეები, არც თამარ გურჩიანისა თუ ნინა ხატისკაცის სამოქალაქო სექტორში გაწეული სამუშაო. ხალხს აინტერესებს და ხშირად ხიბლავს ასეთი პოზიცია: "17 საუკუნოვანი ქრისტიანული საქართველოს ინტერესები, ქართული ტრადიციებისა და ღირებულებების კონტექსტში უნდა გაიმიჯნოს!"; ან "დემოკრატია არ გახლავთ უმცირესობის დიქტატურა. მე კატეგორიული წინააღმდეგი ვარ ერთსქესიანთა ქორწინებისა. ღიად ვაცხადებ, ჩემი სახალხო დამცველის კანდიდატურა ამას რომ შეეწიროს კიდეც, მზად ვარ დღესვე უარი ვთქვა ამ პოსტზე და პოლიტიკური ხასიათის ბრძოლა, როგორც კონსერვატორმა, ამ საკითხის მიმართ ისე გავაგრძელო", – ამ განცხადებათა ავტორი დიმიტრი ლორთქიფანიძეა და ის სახალხო დამცველის პოსტზე სწორედ ხალხის რჩეულია.

 

"მე ამ ქვეყანაში ერთსქესიანი ქორწინების წინააღმდეგი არ ვარ", _ ამას უკვე ლია მუხაშავრია აცხადებს და სტრასბურგში მოგებული სააქმეებისა თუ ადამაინის უფლებების დაცვის კუთხით 25-წლიანი გამოცდილების მიუხედავად, მას ხალხის მხარდაჭერა არ აქვს და, დიდი ალბათობით, კარგა ხანს არც ექნება. 

 

რაც შეეხება დანარჩენ კანდიდატებს, მათ საზოგადოება და განსაკუთრებით ხალხი ნაკლებად იცნობს და შესაბამისად ამ კანდიდატებს მათი გულის მოგება გაუჭირდებათ, თუმცა ახლა ჯერი არა ხალხსა და საზოგადოებაზე, არამედ პარლამენტზეა. უფლებადამცველის არჩევა ერთგვარი ტესტია პარლამენტისთვის. ამის შემდეგ გაირკვევა, მართლაც ადარდებთ პარლამენტარებს ადამიანის ბედი საქართველოში თუ არა, რადგან ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარების კუთხით მნიშვნელოვანი როლი სწორედ სახალხო დამცველმა უნდა ითამაშოს. 

 

კანონით, ქვეყანა არ შეიძლება სახალხო დამცველის გარეშე 30 დღეზე მეტი იყოს. აქედან გამომდინარე, ვიმედოვნებთ, რომ ახლადარჩეული პარლამენტი ომბუდსმენის არჩევისას როგორც პროცედურულ ნორმებს, ისე საზოგადოების ინეტრესს სრულად თუ არა, მასთან მიახლოებულად მაინც დაიცავს და ქვეყანასა და, უპირველესად, ხალხს მისთვის სასურველი  სახალხო დამცველი ეყოლება. 

 

იმედია, ახალი პარლამენტი არ დაემსგავსება წინამორბედს და სახალხო დამცველის არჩევას არც დროში გაწელავს და კანდიდატის შერჩევისას არც იმ ქვეტექსტებით იხელმძღვანელებს, რისი ნიშნებიც უკვე აშკარად გამოიკვეთა (უმრავლესობის სიმპათიები ნინა ხატისკაცისადმი და ა.შ).

 

ვინ იქნება საქართველოს ომბუდსმენი? – ეს იქნება ჩევნი ქვეყნის ტესტი როგორც საკუთრი მოქალაქეების, ისე საერთაშორისო საზოგადოების წინაშე. ჩვენმა სახელმწიფომ ამით უნდა უპასუხოს უმთავრეს კითხვას: ვრჩებით მრავალსაუკუნოვანი ტარდიციების ერთგული და, ტრადიციების პრინციპებიდან გამომდინარე, ვაღიარებთ ადამიანის ღირებულებებსა და უფლებებს, თუ შევუერთდებით მსოფლიო ცივილიზებულ ოჯახს _ ვაღიარებთ და ხარკს გადავუხდით სიახლესა და ულტრალიბერალიზმს?

 

თეა ბარამაშვილი

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: