გიორგი მარგველაშვილი: თქვენს ამ არჩევანს, პროფესიულ უნარებს უყურებს მტერი და ბუნებრივია ეშინია

გიორგი მარგველაშვილი: თქვენს ამ არჩევანს, პროფესიულ უნარებს უყურებს მტერი და ბუნებრივია ეშინია

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ეროვნული თავდაცვის აკადემიაში იუნკერთა პირველი ნაკადის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის 105 კურსდამთავრებულ "იუნკერს" ოფიცრის ფიცის დადება მიულოცა. 

 

პრეზიდენტმა კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ მათი არჩევანი საამაყოა და ამავე დროს, ყველაზე მძიმე მისია.

 

"მინდა, მადლობა ვუთხრა დღევანდელ კურსდამთავრებულებს და მათ ოჯახებს იმ მნიშვნელოვანი არჩევენისათვის, რომელიც მათ გააკეთეს. არჩევანისათვის, რომელიც არის საამაყო და ამავდროულად ყველაზე მძიმე მისია. ამ არჩევანს ემსახურებოდით თქვენ, როდესაც იმაღლებდით კვალიფიკაციას და ეუფლებოდით საჭირო უნარებს.  თქვენს ამ არჩევანს,  ცოდნას და უნარებს ეფუძნება საქართველოს სახელმწიფოს სიძლიერე, მისი საზღვრების ურყევობა და მისი საზოგადოების სტაბილურობა. ამავდროულად, თქვენს ამ არჩევენს და თქვენს პროფესიულ უნარებს უყურებს მტერი. უყურებს და ბუნებრივია ეშინია, რადგან ხედავს პროფესიულ და ბრძოლისუნარიან ქართულ არმიას. ძლიერ არმიას, რომლის რიგებიც კი არ თხელდება, არამედ, ყოველდღიურად ძლიერდება ისეთი ადამიანებით, როგორიც თქვენ  ხართ! შეიარაღებულ ძალებს გამოაკლდნენ გმირები, რომელთა სახელებსაც ჩვენ მუდამ გულში ვატარებთ და არასოდეს დავივიწყებთ! იყო ეროვნული თავდაცვის აკადემიის პირველი კურსდამთავრებული, ძალიან მნიშვნელოვანი მისია და მნიშვნელოვანი ვალდებულებაა. ბუნებრივია, თქვენ ყოველთვის იამაყებთ ამით! ქართველი ჯარისკაცი,  სიმამაცისა და ძლიერების გარდა, ყოველთვის იყო ინტელექტის მქონე ჯარისკაცი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი წინაპარი ვერ გაუმკლავდებოდა უამრავ მტერთან ბრძოლას. დღეს თქვენ დგახართ თქვენი წინაპრების გზაზე - დაიცვათ თქვენი სამშობლო, ღმერთი გფარავდეთ ამ გზაზე!"- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

 

ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა ხუთ წარჩინებულ კურსდამთავრებულს დიპლომი გადასცა.

 

იუნკერებმა და მოწვეულმა სტუმრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლისას და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას.

 

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განმარტავენ, დავით აღმაშენებლის სახელობის  ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ოფიცრის საწყისი სამხედრო განათლების ოთხწლიანი პროგრამა 2011 წელს განახლდა. 2013 წლიდან კი, ეროვნული თავდაცვის აკადემიის სასწავლო ბატალიონის მსმენელებს საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში 1921 წელს გმირულად დაღუპული იუნკერების ხსოვნის პატივსაცემად, ისტორიული სახელი - "იუნკერი" დაუბრუნდათ.

 

ღონისძიებას პრეზიდენტის ადმინისტრაციის, მთავრობის, საკანონმდებლო ორგანოს, გენერალური შტაბის, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და კურსდამთავრებულთა მშობლები დაესწრნენ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: