შესაძლოა ჩინეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა კომპანიამ საქართველოში ახალი ავტომაგისტრალის პროექტი დაიწყოს

შესაძლოა ჩინეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა კომპანიამ საქართველოში ახალი ავტომაგისტრალის პროექტი დაიწყოს

ჩინეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა კომპანიამ „Zhuhai Da Heng Qin Company Limited"    შესაძლოა საქართველოში ახალი საგზაო მაგისტრალის პროექტი დაიწყოს, რომლის საინვესტიციო ღირებულება მილიარდ დოლარს აღემატება.  ჩინეთში ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს კომპანიის ხელმძღვანელებს შეხვდა.

 

აღინიშნა, რომ პროექტზე იმუშავებს მსოფლიო ათეულში მყოფი სამშენებლო კომპანია და ჩინეთის განვითარების ბანკი, რომელიც აფინანსებს ჩინეთის ინფრასტრუქტურული მშენებლობების უდიდეს ნაწილს.

 

შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ორ კვირაში თბილისს სპეციალისტებით დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფი ეწვევა, რომლებიც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიის, ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და ეკონომიკის სამინისტროს წამომადგენლებთან ერთად, ადგილზე გამართავენ მოლაპარაკებებს პროექტის დეტალების შესახებ.

 

მთავრობის მეთაურმა დაადასტურა საქართველოს ხელისუფლების დაინტერესება აღნიშნული პროექტისადმი. მისი განმარტებით, პროექტი საქართველოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობის არის და აღუთქვა კომპანიის ხელმძღვანელებს სრული მხარდაჭერა, მას შემდეგ, რაც პროექტის დეტალები დაზუსტდება.

 

ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო მიისწრაფვის, იყოს ჩინეთის მთავარი პარტნიორი რეგიონში. საუბარი ასევე შეეხო ანაკლიის პორტის პროექტს. ჩინეთის განვითარების ბანკის წარმომადგენელმა დააფიქსირა ჩინური მხარის დაინტერესება ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით.

 

შეხვედრას დაესწრო ყველა იმ კომპანიის წარმომადგენელი, რომლებიც ავტომაგისტრალის პროექტის განხორციელებაში იქნებიან ჩართულები: MCC International Incorporation Limited, China Development Bank Inner Mongolia Branch, China Export & Credit Insurance Corporation.

 

სამშენებლო კომპანია„Zhuhai Da Heng Qin Company Limited" შედის მსოფლიო ათეულში. კომპანიის განხორციელებული პროექტების რიცხვშია პეკინის ოლიმპიური სტადიონი.

 

შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, პარლამენტი წევრი დავით საგანელიძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში დავით აფციაური დაესწრნენ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: