სოსო ცინცაძე: ივანიშვილი ახალ ძალას მარსიდან ხომ არ ჩამოიყვანს?!
„ივერიონს“ ესაუბრება პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე.
-ბატონო სოსო, დაბრუნდება თუ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილი, რა აუცილებლობა უბიძგებს მას ამისკენ და მიიღებს თუ არა მას ამომრჩეველი?
-ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება კარგი ცხოვრებით არ იქნება გამოწვეული, აშკარაა, ის არ არის კმაყოფილი დღევანდელი მთავრობითა და მინისტრებით. მიუხედავად ყველაფრისა, მას ხალხი მაინც მიიღებს, რადგან, სხვა ლიდერი არსად ჩანს. გამსახურდიადან დღემდე, მოსახლეობის 90% საქართველოში ხმას ლიდერს აძლევს და არა რომელიმე პოლიტიკურ ძალას - ასე აირჩია ხალხმა ქვეყნის მეთაურად გამსახურდია, შევარდნაძე, სააკაშვილი და ივანიშვილი.
ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებასაც წინაპირობები სჭირდება. თავად მას ამის შესახებ ჯერ არაფერი უთქვამს. ასე რომ, სანამ თვითონ არ იტყვის, ამაზე საუბარი ყავის ნალექზე ჭორაობას ჰგავს.
-ვის და რომელ პოლიტიკურ ძალებს დაეყრდნობა პოლიტიკაში მობრუნებული ივანიშვილი?
-სად არიან ახალი პოლიტიკური ძალები, მთვარიდან ჩამოიყვანს თუ მარსიდან? დღეს დაგვიანებულიცაა ახალი პოლიტიკური ძალის ძებნა. ეს მას დაახლოებით 1 წლის წინ კიდევ შეეძლო-გაერთიანებულიყო ბურჯანაძესთან, დაენიშნა ის საგარეო საქმეთა მინისტრად და ბერუჩაშვილის შეცდომებსაც გადავურჩებოდით. დღეს ივანიშვილის საყრდენი ძალა მხოლოდ რესპუბლიკელები არიან, სხვები, 2-კაციანი პარტიები, წისქვილის ქვებად იქცნენ ივანიშვილისთვის!..
-როგორ შეაფასებთ პაატა ბურჭულაძის ქართულ პოლიტიკაში შემოსვლის ალბათობას. და საერთოდ, რაში სჭირდება ასეთი მსოფლიო დონის ხელოვანს გაპოლიტიკოსება, მაშინ, როცა წინასწარ იცის, რომ ეს ნაბიჯი მას პოლიტიკური ეშაფოტისკენ წაიყვანს?
-პირველი, თუ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის დასარეგულირებლად შემოდის, ამას ვერ მოახერხებს, რადგან, რუსეთს თავისი პრინციპები და პროგრამა აქვს, რომელიც პიროვნებებზე არ არის დამოკლიდებული.
მეორე, დღეს ხელისუფლება ეძებს ლიდერს, რომელსაც ხალხი გაჰყვება. ჩვენ აღმოსავლური ქვეყანა ვართ, რომლისთვისაც გარემოცვა ბევრ წყვეტს. პაატასაც უკიჟინებენ ალბათ - ხალხს უყვარხარ, გენდობიან, სამშობლოს წინაშე მოვალე ხარო.
მესამე, ეს შეიძლება ჭორიც იყოს, როგორც ლევან ვასაძის გაპოლიტიკოსება.
-თქვენი აზრით, ქართული მედია თავისუფალია თუ მასზე ხელისუფლება ძალმომრეობს?
-თუ რუსეთს შევადარებთ, თავისუფალია, მაგრამ ამერიკულ და ევროპულ სტანდარტებამდე ბევრი უკლია. დღევანდელი ქართული მედია არც ძლიერია და არც კვალიფიციური. ქართული პრესის 90% ინტერვიუებს უკავია და იშვიათად შეხვდებით ანალიტიკურ სტატიებს, მეცნიერულ კვლევებზე საუბარი ზედმეტია, რომლებითაც სავსეა ამერიკულ-ევროპული გაზეთები.
-შეიძლება თუ არა პოლიტიკური გადაცემების წამყვანები ამა თუ იმ პოლიტიკურ მხარეს წარმოადგენდნენ?
-რა თქმა უნდა - აშშ-ი 100 წელია გამოდის დემოკრატიული თუ რესპუბლიკური პარტიების გაზეთები, ისეთი ტელევიზიებიც უამრავია დემოკრატიულ ქვეყნებში, სადაც ჟურნალისტი დაუფარავად ამჟღავნებს თავის სიმპათია-ანტიპათიას რომელიმე პოლიტიკური ძალის მიმართ, თუმცა, ქართველები ჟურნალისტებისგან განსხვავებით ობიექტურობას ყოველთვის ინარჩუნებენ!
ესაუბრა ია ჯღარკავა