პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტი ნარკოტესტირების წესის გადახედვის წინადადებით სამთავრობო სტრუქტურებს მიმართავს

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტი ნარკოტესტირების წესის გადახედვის წინადადებით სამთავრობო სტრუქტურებს მიმართავს

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტი ნარკოტესტირების პრაქტიკის და ამ მიმართულებით არსებული წესის გადახედვის წინადადებით შესაბამის სამთავრობო სტრუქტურებს მიმართავს.

 

დღეს კომიტეტმა "ნარკოტიკების მომხარებელთა საქართველოს ქსელის" და "ზიანის შემცირების ქსელის" პეტიცია განიხილა, სადაც ე.წ. ქუჩის ნარკოტესტირების მანკიერ პრაქტიკაზეა საუბარი. 

 

როგორც ორგანიზაციის წარმომადგენლების მხრიდან აღინიშნა, ქუჩის შერჩევითი ნარკოტესტირება სრულიად მანკიერ, კანონსაწინააღმდეგო და ხშირ შემთხვევაში ღირსების შემლახავ პრაქტიკას წარმოადგენს, რომელზეც მსოფლიოს ცივილიზებულმა ნაწილმა უარი თქვა. მათივე განცხადებით, ნარკოტესტირების პრაქტიკა ეფექტური არ არის, რასაც 2013-2014 წლების მონაცემები მოწმობს – კერძოდ, ნარკოლოგიურ ტესტირებაზე ნარკოტიკების მოხმარების ფაქტი ტესტირებაზე წარდგენილ პირთა მხოლოდ 30%-ს დაუდგინა, ხოლო 70%-ის შემთხვევაში, სამართალდამცავების საფუძვლიანი ეჭვი არ გამართლდა. 

 

თავის მხრივ კომიტეტის წევრების მხრიდან აღინიშნა, რომ ნარკოტიკულ საშუალებებზე შემოწმების გაუქმების საკითხს მხარს არ დაუჭერენ, თუმცა უნდა დაზუსტდეს და დაკონკრეტდეს, რა შეიძლება იყოს ის საფუძველიანი ეჭვი, რომლის გამოც სამართალდამცავი პირისგან ნასკოტესტირებას ითხოვს. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, 2/3-ის შემთხვევაში, ნარკოტესტირებაზე გადაყვანილ პირებს ნარკოტიკების მოხმარება არ უდასტურდება და შესაბამისად, მათ მიმართ ამგვარი მოქმედება, შეურაცმყოფელია. 

ამასთან, პარლამენტში ინიცირებულია ოპოზიციონერი დეპუტატის გოგა ხაჩიძის საკანონმდებლო პროექტი, რომელიც ნარკოტიკული შემოწმების სასამართლოს კონტროლს დაქვემდებარებას ითვალისწინებს. პროექტის მიხედვით, პირის ნარკოტიკულ საშუალებებზე შემოწმება სასამართლოს თანხმობით უნდა მოხდეს. 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: