ირაკლი ღარიბაშვილს საპატიო პროფესორის წოდება მიანიჭეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს პეკინის საერთაშორისო ბიზნესისა და ეკონომიკის უნივერსიტეტმა საპატიო პროფესორის წოდება მიანიჭა. ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მეთაური პეკინის საერთაშორისო ბიზნესისა და ეკონომიკის უნივერსიტეტში სიტყვით წარსდგა.
გამოსვლაში ირაკლი ღარიბაშვილმა ორ ქვეყანას შორის არსებულ სავაჭრო კავშირებზე, საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე, საქართველო-ჩინეთის ურთიერთობებსა და "ახალი აბრეშუმის გზის" პერსპექტივებზე ისაუბრა. მისი თქმით, საუკუნეების წინ ხანგრძლივი მოგზაურობა ჩინეთიდან ევროპისკენ და პირიქით იწყებოდა და მთავრებოდა საქართველოში.
"წელს ჩვენ აღვადგინეთ სწრაფი სარკინიგზო კავშირი ჩინეთსა და საქართველოს შორის, რითაც სახმელეთო მარშრუტმა დაიბრუნა ევროპისკენ მიმავალი უსწრაფესი გზის სტატუსი. ეს მოხდა პირველად მას შემდეგ, რაც 1513 წელს პორტუგალიელთა კარაველები ჩინეთის სანაპიროებს მიადგნენ. დღეს მიმდინარეობს აბრეშუმის გზის გამოცოცხლება და ჩვენი ქვეყნების დაახლოება. იმედია, რომ არა მხოლოდ ვაჭრობა, არამედ ადამიანები, იდეები, ცოდნა და კულტურა კვლავაც გაამდიდრებენ ჩვენს ურთიერთობებს",- განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ ვაჭრობა გულისხმობს ნდობას, ხელმისაწვდომობას და ჰორიზონტის გაფართოებას. მისი თქმით,საქართველომ ხელი მოაწერა ხელშეკრულებას ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს უტარიფო ექსპორტს საქართველოდან ევროპაში.
"რეგიონში არ არის ქვეყანა, რომელიც საქართველოზე მეტად იქნებოდა ღია ჩინური ბიზნესისა და ინვესტიციებისთვის, ჩინელი ხალხისა და კულტურისთვის, ჩინური ინოვაციებისა და იდეებისთვის... როდესაც ჩემი მთავრობა 2012 წელს მოვიდა ქვეყნის სათავეში, ჩვენ მკაფიოდ გავაცხადეთ ჩვენი ამბიცია ვაჭრობის, ინვესტიციებისა და ადამიანთა შორის კონტაქტების მხრივ მტკიცე გლობალური პარტნიორობების შექმნასთან დაკავშირებით.ცხადია, ჩინეთი გათვალისწინებული იყო ერთ-ერთი პირველი ამ მხრივ",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერის განმარტებით, 2015 წლის მარტში საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა შესაძლო თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების განხორციელებადობის ანალიზის ჩატარება. კვლევის წინასწარმა შეფასებამ დაადგინა, რომ ვაჭრობის ლიბერალიზაციამ შეიძლება გაზარდოს ქართული ექსპორტი ჩინეთში 9 პროცენტით, ხოლო ჩინური ექსპორტი საქართველოში 1,7 პროცენტით.
"გარდა ამისა, ჩვენი ამბიციები ეხება ჩვენი მომსახურების სფეროს, განსაკუთრებით კი ტურიზმის სტრატეგიული სექტორის განვითარებას. ვაჭრობა იძლევა მსოფლიოს საოცრებათა ნახვის საშუალებას და ეს ძირითადი ინსტინქტი უმნიშვნელოვანესია საქართველოსთვის კიდევ ერთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სექტორისთვის. ლაპარაკია ტურიზმზე. ჩინეთსა და საქართველოს აკავშირებთ მდიდარი და საინტერესო ისტორია, რომლის ფესვებიც ატასობით წლის წინ უნდა ვეძებოთ. მომთხოვნ ჩინელ ტურისტებს ჩვენ ვთავაზობთ მრავალფეროვან ღირსშესანიშნაობებსა და კულტურას კონკურენტულ ფასებში. ევროპისა და აზიის, მთებისა და ზღვის გასაყარზე ჩვენ ვთავაზობთ უმაღლესი დონის სათხილამურო კურორტებსა და პლაჟებს, არქეოლოგიური ღირსშესანიშნაობების ფართო ასორტიმენტს, შეუდარებელ ბუნებას და მსოფლიოში პირველად დაყენებული ღვინის გემოს. სხვათა შორის, ამ მხრივ ბევრი ჩინელი უკვე გაეცნო საქართველოს - ჩვენი ღვინის ექსპორტი ხომ 41 და 31 პროცენტით გაიზარდა 2014 და 2015 წლებში. ამასობაში კი ჩვენ კიდევ უფრო ვუახლოვდებით ერთმანეთს. საქართველომ მოიპოვა "დამტკიცებული ადგილის სტატუსი", ხოლო ჩინეთის სამხრეთის ავიაკომპანია ყოველკვირეულად ახორციელებს სამ რეისს ურუმჩი-თბილისი. რასაკვირველია, ჩვენთვის მისასალმებელია, თუ თქვენ ამ რეისით ისარგებლებთ",- აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.
მისივე თქმით, საქართველო იმედის თვალით შეჰყურებს სამომავლო თანამშრომლობას ჩინეთთან, განსაკუთრებით აბრეშუმის გზის პროექტის ფარგლებში. პრემიერი მიიჩნევს, საქართველო წარმატებით იყენებს თავის სტრატეგიულ მდებარეობას, რათა გახდეს "ერთი სარტყელი - ერთი გზის" ინიციატივისა და მისი ხედვის ნაწილი, როგორც ის გაცხადებულია ჩინეთის მთავრობის სამოქმედო გეგმაში.
"ჩინეთის მთავრობამ უკვე მიანიჭა "ერთი სარტყელი - ერთი გზის" ინიციატივას ისეთი პრაქტიკული ინსტრუმენტები დასახული მიზნების მისაღწევად, როგორიცაა აბრეშუმის გზის ფონდი და აზიის ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ბანკი. საქართველო იყო 45-ე ქვეყანა, რომელიც შეუერთდა აზიის ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ბანკს. ჩვენ გვჯერა, რომ ეს ბანკი უდიდეს სარგებელს მოუტანს განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებს და მნიშვნელოვან როლს შეასრულებს სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ერთად (მაგალითად, მსოფლიო ბანკი, აზიის განვითარების ბანკი და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი). აბრეშუმის გზა, რომელიც წვდება მსოფლიოს მოსახლეობის ორ მესამედს და მთლიანი შიდა პროდუქტის 60 პროცენტს, იქცევა ენერგეტიკულ ავტობანად, კულტურულ გზაჯვარედინად, რომელიც ყველას მშვიდობის გზაზე დაგვაყენებს, რადგანაც ვაჭრობა ასევე გულისხმობს მშვიდობას",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.